სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა

სააკაშვილმა ქართული მაიდნის მოსაწყობად "ნაცაქტივს" უკრაინიდან ინსტრუქტორი გამოუგზავნა

გაზეთი "ალია"

***

"ფრთხილად, ქართველო, სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან რევოლუციას ამზადებს!" - "ალიასთან" საუბარში აცხადებს კიევში მცხოვრები გავლენიანი ქართველი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა. წყარო საგანგაშო ინფორმაციას გვაწვდის: "სააკაშვილი ბოსივით ზის იულია ტიმოშენკოსთან და აცხადებს, რომ კავკასიის ლიდერია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს რუსეთისგან განმათავისუფლებელი ბრძოლის წამოწყება. აცხადებს, რომ ახალი საქართველოს ახალი ხელისუფლება პრორუსულია. ამ კამპანიას ძალიან ცუდი სუნი უდის, აქ რომ ახსენო, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარო, გცემენ. სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ის მართავს გასაიდუმლოებულ შეხვედრებს არა მარტო უკრაინაში, ასევე ბელორუსშიც და ითხოვს მხარდაჭერას. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილი აქვს საქართველოს მთავრობაზე რევანში მიიტანოს. ძალიან ფრთხილად იყავით, ჩვენც გაკვირვებული ვართ, ისეთები ხდება, ის ხალხი, ვინც უკრაინისთვის მართლა იბრძოდა, პორცესებს ჩამოაცილეს, ნიღბები მოხსნეს და ყირიმი აღარავის ახსოვს, სააკაშვილს აქ "პარადი" მიჰყავს, თუ საქართველოსთან მიმართებაში ვინმეს რამე აინტერესებს, მიშას უნდა ჰკითხონ, აცხადებს, მე ვარ რეგიონისთვის მებრძოლი ლიდერი და დანარჩენები "ჩმორები" არიანო. კავკასიელი ლიდერები ძალიან გაბრაზებულები არიან სააკაშვილზე, იმუქრებიან "ჩმორი" ვინაა, ამას სააკაშვილს ვანახებთო. "თავისუფლებისთვის მებრძოლის" ნიღბით სააკაშვილს კავკასიის რეგიონი ჯოჯოხეთისკენ მიჰყავს. სააკაშვილი აცხადებს, დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრებაო... ვინ ეკითხება სააკაშვილს უკრაინის მოვლენების გადაწყვეტას? სწორედ სააკაშვილმა აქცია პუტინი ძლევამოსილ ფიგურად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ახლა ახალი ავანტიურისთვის ამზადებს კავკასიის რეგიონს. სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ თბილისში სულ მალე "თბილისურ მაიდანს" მოაწყობს, მას ეზიზღება ბიძინა ივანიშვილი, ამოჩემებული აქვს, სანამ ივანიშვილს არ გავამწარებ, არ მოვისვენებო... სააკაშვილი კიევიდან, თბილისში ხალხს აგზავნის და ისინი სააკაშვილის ზონდერებსა და ნაცაქტივისტებს ტრენინგებს უტარებენ, რა პროვოკაციები უნდა მოაწყონ თბილისის ქუჩებში. უნდა შეიქმნას ორი დაჯგუფება, პრორუსებისა და პროდასავლელების სახელით იმოქმედებენ ისინი, პროვოკატორებს შეაგზავნიან ხალხმრავალ ადგილებში, შეკრებებზე და რუსეთის მხარდამჭერი ლოზუნგებით დაიწყებენ სკანდირებას, რასაც მოჰყვება ხელჩართული ბრძოლები. ამის მაგალითი უკვე იყო საქართველოში, მაგრამ რაც ნახეთ, ეს ჟურნალია იმასთან შედარებით რასაც სააკაშვილი გიმზადებთ". - ამბობს წყარო კიევიდან და "ალიას" კონკრეტული ფაქტის შესახებ უყვება.

სულ რამდენიმე ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა "მაიდანის" ერთ-ერთი აქტივისტი და ორგანიზატორი სტანისლავ ფედორჩუკი. ის კიევის გარდა, აქტიურად მონაწილეობდა დონეცკში და სხვა ქალაქებში ჩატარებულ აქციებში. ის არის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ამჟამად, უკრაინაში ცნობილია, როგორც პოლიტოლოგი. თბილისში სტანისლავ ფედორჩუკი ატარებს ყოველდღიურ ტრენინგებს "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" ოფისებში. "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს უზიარებს თავის გამოცდილებას, როგორ უნდა ჩატარდეს აქციები ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქაოსი, არეულობა და სამოქალაქო დაპირისპირება, როგორ უნდა მოხდეს სამთავრობო უწყებების პიკეტირება და როგორ წარიმართოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პიარკამპანიები... მათ გადაწყვეტილი აქვთ ხელისუფლების შიგნიდან დასუსტება, შეგზავნილი ჰყავთ ყველგან თავისი აგენტურა და აპირებენ, სახელმწიფოს ჩამოშლას ისე, როგორც ეს "ვარდების რევოლუციის" დროს გააკეთეს. სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინაში პრეზიდენტად იულია ტიმოშენკო მოვა და სრული მხარდაჭერა ექნება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში. დასახელებულია ზუსტი დრო, მიშა კულუარებში აცხადებს, რომ მაისში საქართველოში მასობრივ აქციებს დაიწყებს.

"ალია" შეეცდება, ამ თემაზე უფრო მეტი კონკრეტული ინფორმაცია მოიძიოს და მომდევნო ნომრებში შემოგთავაზოთ. თუ თავად ფედორჩუკს მოუნდება საკუთრი პოზიციის დაფიქსირება, მასაც სიამოვნებით მოვუსმენთ.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"