როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს

როლანდ ახალაია - ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს

ხელისუფლებას უნდა უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოს, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ეს ჩემთვის დიდი პატივია, - ამის შესახებ დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა როლანდ ახალაიამ განაცხადა. მისი თქმით, მას არაფერში არ სჭირდება დეპუტატის იმუნიტეტი, რადგან მისი იმუნიტეტი პატიოსნება, ერთგულება და სამშობლოს სიყვარულია. როლანდ ახალაიამ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა.

"დავით უსუფაშვილმა დაჩქარებული წესით მოითხოვა კანონის შეცვლა. ჯერ კიდევ 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე დაიწყო ამ ფალსიფიცირებული საქმის გამოძიება, რომლის გამოც, თქვენ, კანონში შეგაქვთ ცვლილება. თქვენ გინდათ უფლის სიყვარულისთვის გამასამართლოთ, მაგრამ იმას ვერ ხვდებით, რომ ეს დიდი პატივია ჩემთვის. მე არ დავთანხმდი "ქართულ ოცნებას" უარი მეთქვა მოგებულ არჩევნებზე, თქვენ კი უმრავლესობა ცდილობდით არ გეცნოთ ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ახლა ცდილობთ სხვა ხერხებით შემიწყვიტოთ იმუნიტეტი. თქვენ შანტაჟით და სხვა ბინძური მეთოდებით ვერ შემაშინებთ. მე არაფერში მჭირდება თქვენი იმუნიტეტი. ჩემი იმუნიტეტი პატიოსნება, ერთგულება და სამშობლოს სიყვარულია. სხვა ყველაფერი დროის საკითხია", - განაცხადა ახალაიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას მართავს სიძულვილის გაღრმავებით, რევანშით და ჭორებით.

"საქართველოს პროკურატურა თქვენ ხელში გახდა კრიმინალური დაწესებულება. ის გაივსო კრიმინალური მენტალობის ადამიანებით, რომელსაც სათავეში რეალურად უდგას ყაჩაღი ფარცხალაძე. პროკურატურა დაკავებულია მოწმეების გატაცებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით და სხვა უამრავი სახის ძალადობით, რასაც მოყვა მოწმეების თვითმკვლელობისა და სხვა საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები. სახელმწიფო დონეზე აიყვანეთ ფსიქოლოგიური ტერორი. თქვენ ქვეყანა გინდათ მართოთ ერთ დროს სიცილიაში დამკვიდრებული მეთოდით – "არ ვხედავ, არ მესმის" და ამით მორჩილებაში იყოლიოთ საზოგადოება", - აღნიშნა ახალაიამ.

ამასთან, როლანდ ახალაია "მადლობას უხდის დარბაზს დაბადების დღის მილოცვისთვის და იმ საჩუქრისთვის, რომელსაც უმრავლესობა დღეს უმზადებს". როლანდ ახალაია გამოეხმაურა ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტსაც.

"რაც გინდათ ხმამაღლა ჟღერდეს, რეალობა ისაა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ტერორია გამეფებული და საპარლამენტო უმრავლესობა მონაწილეა ამ ტერორის. ხელისუფლებას არ ეყო მოწმეთა გატაცებები და ახლა გადავიდა პარლამენტარების დატერორების მცდელობაზე. ამით ვერ შეაშინებთ უამრავ ბრძოლაგამოვლილ წიკლაურს. სამშობლოს დამცველთა რიგებში ძალიან ბევრი წიკლაურია. თქვენ ვერ იტანთ სამართლიან კრიტიკას. ამის მაგალითია ის, რომ ჩემს მიერ ღარიბაშვილ-ივანიშვილის გაკრიტიკებიდან ათ წუთში ხელისუფლებამ ბრიფინგი ჩაატარებინა პროკურატურას ჩემს მიმართ დევნის დაწყების ნებართვის მოთხოვნით", - აღნიშნა ახალაიამ.

დღეს პარლამენტი იწყებს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების განხილვას. ცვლილებების თანახმად, კოდექსიდან ამოდის პუნქტი, რომლის საფუძველზეც პარლამენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებისთვის მთავარ პროკურატურას პარლამენტის თანხმობა სჭირდება. საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მთავარმა პროკურატურამ პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენებაზე თანხმობა სთხოვა.

"ინტერპრესნიუსი"