"მე ვიცი ვინ არის მამაჩემის მკვლელი" - გიორგი ზერეკიძე ოჯახურ ტრაგედიაზე (+ვიდეო)

"მე ვიცი ვინ არის მამაჩემის მკვლელი" - გიორგი ზერეკიძე ოჯახურ ტრაგედიაზე (+ვიდეო)

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. ის 14 წლის იყო, როცა პირველად გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. გიორგი 2008 წლის 8 იანვარს დააკავეს და გამოძიებამ მას ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად. თუმცა, სინამდვილეში ეს უბრალოდ მცირე შელაპარაკება იყო, რომლის დროსაც დაზარალებულს სხეულზე მცირე განაკაწრი აღმოაჩნდა. ასეთი შემთხვევები მოზარდებს შორის ხშირია, კარგია ეს თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ ამგვარი მძიმე განაჩენით ადამიანის დასჯა არ მომხდარა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი მამამ თავად მიიყვანა პოლიციის განყოფილებაში, ეგონა, ბავშვს უბრალოდ გააფრთხილებდნენ, სიტყვიერად დასჯიდნენ, მაგრამ ის იქ იმავე დღეს დატოვეს. რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებიდან მაღალჩინოსნები მას კრიმინალად მოიხსენიებდნენ და წაყენებულ ბრალდებას სამართლიანად მიიჩნევდნენ. მისი დაკავება უნდა გამხდარიყო მაგალითი სხვებისთვის და ეს ყველაფერი მოზარდების ფსიქოლოგიაზე იყო გათვლილი.

თავიდან ითქვა ათი წელი, შემდეგ კი სასამართლომ მას შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახმა ასეთი დაუნდობელი განაჩენი გააპროტესტა და საქმე სტრასბურგში გაასაჩივრა. დაკავებულის მშობლებს სტრასბურგიდან სარჩელის გამოტანას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი გიორგის ვადაზე ადრე გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. ოჯახმა საქმის გამოთხოვაზე განაცხადი დაწერა და ზერეკიძეები სტრასბურგში საბუთების გამოსატანად ჩაფრინდნენ. გიორგის მამა - მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა 2010 წლის 24 მარტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას დააკავა. მის ბარგში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - 230 აბი სუბუტექსი აღმოაჩინეს. მამუკა ზერეკიძემ დანაშაული აღიარა და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, 16 აგვისტოს, რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარი მამუკა ზერეკიძე გარდაიცვალა. ოჯახს სიკვდილის მიზეზად დენის დარტყმა დაუსახელეს. არადა, გარდაცვლილს დაზიანებები ჰქონდა მიყენებული თავისა და კისრის არეში. მოგვიანებით მამუკა ზერეკიძის მეუღლის, ლიკას მოთხოვნით, ცხედარს ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დროსაც გამოიკვეთა, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა და არსად იყო დენის კვალი.

გიორგი ზერეკიძემ ოჯახური ტრაგედიის შესახებ "ეკა ხოფერიას შოუში" საუბრობს და ამბობს, რომ იცის, ვინ არის მამამისის მკვლელი.

გთავაზობთ საინტერესო ფრაგმენტს გიორგი ზერეკიძის სატელევიზიო შოუში სტუმრობიდან.