ავტორი:

როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

როგორ გადაუხადეს ზვიად გამსახურდიას გროზნოში მეგრულ-კახური პურმარილით დაბადების დღე - პრეზიდენტის პირადი მფრინავის მოგონებები

საქართველოს კონსტიტუცია ასე იწყება: "საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმითა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით"...

ამასთან, 31 მარტი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა... ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა. ამ რეფერენდუმის მნიშვნელობასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ, მისმა პირადმა მფრინავმა ზაურ ბედიამ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ "გზის" არქივიდან ამ ინტერვიუს:

- 31 მარტის რეფერენდუმმა ქვეყნის არა მარტო დამოუკიდებლობის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა. ჩემთვის, როგორც სოხუმელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის - აფხაზეთშიც ჩატარდა. კარგად მახსოვს, როგორი განწყობა ჰქონდათ ბერძნებს, რუსებს, განსაკუთრებით კი - აფხაზებს. მათმა დიდმა ნაწილმა ხმა ქართულ ორიენტაციას მისცა, რაშიც დიდი იყო ზვიად გამსახურდიას ღვაწლი, - ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, აფხაზები მას "ჩვენს პრეზიდენტს" ეძახდნენ და უსიტყვოდ აღიარებდნენ, რასაც საქართველოს მომდევნო პრეზიდენტებზე ვერ ვიტყვი. გამსახურდიას ოპონენტები დღემდე ამბობენ, რეფერენდუმი დაბადების დღეს დაამთხვიაო, რაც აბსურდია - ეს გამოკითხვა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის შენარჩუნება იყო. ზვიადს არც იმის ჩაწყობა შეეძლო, რომ 31 მარტი კვირა დღე ყოფილიყო.

ვფიქრობ, ამდენი წლის შემდეგაც, გამსახურდიას ფენომენი და როლი ბოლომდე არ არის გააზრებული. ის დიდი პატრიოტი იყო, რომელმაც ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შესწირა თავის ერს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი დღესაც ფიქრობს, რომ ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა. მახსოვს, გროზნოში, იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას, მასთან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან. მათ შორის - უცნობები. დაცვა ფრთხილობდა, იცოდა, რომ ყველას ნდობა არ შეიძლებოდა, მაგრამ ზვიადმა კატეგორიულად აუკრძალა მათი შემოწმება: - გაჩხრეკა არავის აკადროთ, ისე შემოუშვითო. ერთი შეხედვით, კუშტი ჩანდა, თუმცა ზედმეტად ენდობოდა ადამიანებს და მოხდა ისე, რომ მის გვერდით მყოფებიდან, არაერთი მოღალატე აღმოჩნდა.

1992 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც თენგიზ სიგუას ბრძანებით დაუმორჩილებლობის გამო თვითმფრინავი ჩამომართვეს, გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე ჩემი "მოსკვიჩით" ჩავედი, მეგრული პურმარილით დატვირთული. ვიცოდი, ძალიან გაუხარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯოხარი გროზნოში მყოფ ქართველებს, მით უმეტეს - ზვიადის ოჯახს არაფერს აკლებდა. გროზნოში ჩასვლისას, ასეთივე, ხორაგითა და ღვინით დატვირთული მეორე მანქანა დამხვდა, კახეთიდან ჩამოსული, ერთმანეთს გროზნოს ცენტრში, სასტუმრო "კავკაზის" წინ შევხვდით. მათ მითხრეს: - ბატონო ზაურ, ზვიადის რეზიდენციამდე ვერ მივდივართ, იქ დუდაევის მოწინააღმდეგეები მიტინგს ატარებენო. - რაღა ამ დღეს მოუნდათ-მეთქი? - გავიფიქრე, მანქანები იქვე დავტოვეთ და ფეხით წავედით.

მფრინავის ფორმა მეცვა. მიტინგზე საკმაოდ ბევრი ხალხი იყო. მეორე მხარეს, რეზიდენციის შესასვლელთან შეიარაღებული სამთავრობო ძალების წარმომადგენლები იდგნენ და მათ შორის დისტანცია სულ 10-15 მეტრი იყო. ამ ჩოჩქოლსა და არეულობაში წინ წავიწიე. მინდოდა, დამენახა, რა ხდებოდა, ვნერვიულობდი, რადგან პრეზიდენტს და მის ოჯახს აშკარა საფრთხე ემუქრებოდა. ასე აღმოვჩნდი ჩეჩენი "პოზიციონერების" წინა ხაზზე. მოულოდნელად, მეორე მხრიდან დამიძახეს: - ზაურ, შეჩერდი! - და იქიდან ორი ავტომატიანი მამაკაცი წამოვიდა ჩემკენ. აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, დაცვამ კი ხელი მომკიდა და რეზიდენციის ეზოში შემიყვანა, სადაც ყველა საომარ მზადყოფნაში იყო. ზვიადის დაცვის ბიჭებს შესვლისთანავე, ქართულად ვკითხე, - პრეზიდენტი სად არის-მეთქი? ხმა არ გამცეს. რამდენჯერმე ვიკითხე და ბოლო ხმაზე რომ ვიყვირე, უცებ ზვიადის ხმა მომესმა, - ბიჭო, აგერ ვარო! - თურმე, გამათამაშეს. გადავეხვიე ზვიადს, ვუთხარი, - რამდენიმე კუთხიდან არიან თქვენთან ჩამოსული დაბადების დღის მოსალოცად-მეთქი.

მაშინ ჩეჩნებს შორის შეჯახება მოხდა, ჯოხარმა არ მოუთმინა ის, რასაც ზვიადი უთმენდა შეიარაღებულ ოპოზიციას და - ტყვიის ნაცვლად ყვავილები ვესროლოთო, ამბობდა... საღამოს კი ორი მანქანით წაგვიყვანეს ჯოხარის რეზიდენციაში და იქ აღვნიშნეთ ზვიადის დაბადების დღე, მეგრულ-კახური პურმარილით. ჯოხარ დუდაევმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ზვიადის განსაკუთრებულ როლზე კავკასიელი ხალხების ბრძოლაში, რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ზვიად გამსახურდიამ მოიძია ჩეჩნეთის უძველესი სახელი - "იჩქერია". პრეზიდენტი დუდაევი მას ძალიან ენდობოდა, ჩეჩენისთვის კი ნდობა მთავარია.

ზვიადისა და ჯოხარის განსაკუთრებული ურთიერთობა კარგად გამოჩნდა, მისი სომხეთიდან გროზნოში გადაყვანის მეტად რისკიანი ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელებაში. 1992 წლის 10 იანვარს, სოხუმის აეროპორტის უფროსმა, ზაურ ხაინდრავამ დამიძახა. კაბინეტში 15 ფაფახიანი მამაკაცი დამხვდა, რომლებმაც მითხრეს, - გროზნოში უნდა ჩახვიდეთ, ჯოხარ დუდაევს დაელაპარაკოთ და ზვიადს უშველოთ, სომხეთიდან გროზნოში ჩაიყვანოთო... მახსოვს, გროზნოში, კითხვაზე, - მე რატომ შემარჩიეთ-მეთქი? ჯოხარმა მოკლედ მომიჭრა: - ოპერაციის ხელმძღვანელი ქართველი უნდა იყოსო. თან ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და 4 კარატისტი გამაყოლა.

გროზნოში ყოფნისას შემთხვევით შევესწარი, როგორ უთხრა დუდაევმა სომხეთის პრეზიდენტს, ტერ-პეტროსიანს, "სალდათურად": - ერთი ბეწვიც რომ ჩამოუვარდეს გამსახურდიას, ჟანგბადს გადაგიკეტავო. პირველად ზვიად გამსახურდია იჯევანში, თავისი რეზიდენციის ეზოში ვნახე. აუზთან მაღალი, ფერმკრთალი კაცი იდგა, მეუღლე და შვილები, ყოფილი მინისტრი, მანანა ძოძუაშვილი და 20-მდე დაცვის წევრი ახლდა... ისე მოხდა, რომ ერევნის აეროპორტში ტრაპი არ იყო და ზვიადი გადმოსაკიდი კიბით ავიყვანეთ. მოულოდნელად, საიდანღაც გაჩენილი რუსი ჟურნალისტი ამოსვლას და ზვიადისთან დალაპარაკებას ცდილობდა, ვერაფრით მოვიცილეთ. ბოლოს ჩეჩენმა კარატისტმა მას ხელი ჰკრა და... დღემდე მიკვირს, როგორ გადარჩა ცოცხალი. ფრენის დროს თითქმის ყველა აპარატი და მაჩვენებელი, ამომცნობი მოწყობილობა გამორთული მქონდა და რუსებმა თვალთახედვიდან დაკარგეს ჩვენი თვითმფრინავი.

16 იანვარს კი კიდევ ერთი გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია ჩავატარეთ: თავდაპირველად, მეც არაფერი ვიცოდი, მეგონა, რომ იმ ღამეს ზვიად გამსახურდია გროზნოდან სოხუმში უნდა წამეყვანა. თუმცა, ჩემთან ერთად მანანა ძოძუაშვილი, ბიზნესმენი გივი ქობალია და კიდევ რამდენიმე სოხუმელი გამოფრინდნენ. ფრენისას ყურსაცვამებში მესმოდა თბილისიდან, მოსკოვიდან, სოხუმიდან როგორ კიოდნენ, - ამ თვითმფრინავით გამსახურდია მოჰყავთ და მიწაზე არ უნდა დაფრინდესო! სოხუმში დილაადრიან ჩავფრინდით, ყველამ იცოდა, რომ ზვიადი უნდა ჩამეყვანა. რა გვექნა? გივი ქობალიას ჩავაცვით გროზნოდან წამოღებული ზვიად გამსახურდიას პალტო, ქუდი დავახურეთ, ჩამოსვლისას საყელო აიწია, რომ სახე დაეფარა. ვხედავთ, "ზაპოროჟეცი" ზედ ტრაპთან მოაყენეს, კაცებმა ორივე მხრიდან მოჰკიდეს ხელი, ვითომ დაცვის წევრები იყვნენ და მანქანაში სწრაფად ჩასვეს. შემდეგ "ზაპოროჟეცმა" ზუგდიდისკენ აიღო გეზი...

სამი თვის განმავლობაში ყველას, მათ შორის - არძინბას ეგონა, რომ ზვიადი სოხუმში, სტალინის აგარაკზე ცხოვრობდა. მოგვიანებით, როცა თბილისში დამიჭირეს, პოლიციის გენერალს, გივი კვანტალიანს დაკითხვაზე ვუთხარი, - მაშინ ზვიადი არ ჩამომიყვანია, ორეული იყო-მეთქი, კინაღამ გაგიჟდა, - როგორ გაგვაცურეთ, ასეთი რამ ცხოვრებაში არ დამმართნიაო...

ნინო კვიტაშვილი, ჟურნალ "გზის" არქივიდან

"პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? არ მომწონს ის რაც ხდება, ადამიანი ჩამოვიდა და უნდა მივუვარდით" - მეგრელიშვილი

"არ მგონია, რომ ივანე მაჭავარიანი გიორგი გახარიას გუნდში ვიხილოთ" - არჩილ თალაკვაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"