დეკანოზი მერაბ დეკანოსიძე თბილისის დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. ტაძარი ერთ წელიწადში, საკუთარი ძალისხმევით ააგო. მამა მერაბი მღვდლად 45 წლის ასაკში ეკურთხა. მანამდე ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კვლევის ინსტიტუტში - კონსტრუქტორი, ქარხანაში - ინჟინერ-ტექნოლოგიური ბიუროს უფროსი, განათლების სამინისტროში - განყოფილების გამგე და არაერთი პროექტის ავტორი გახლდათ. ერთი წელიც არაა, რაც დეკანოზმა ხატვა დაიწყო (მანამდე მას არასოდეს უცდია) და ამ მცირე დროში ოთხასამდე ნამუშევარი შექმნა. მასთან ერთად ფერწერით მისი მეუღლე, მაია ჯანვერდაშვილიც დაინტერესდა, რომელსაც ასევე არასოდეს ჰქონია შეხება ტილოსა და მოლბერტთან... ცოლ-ქმარს სახელოსნო ტაძრის გვერდით აქვს, ინტენსიურად მუშაობენ და გაყიდული სურათებიდან შემოსულ თანხას ტაძრის დამშვენებას ახმარენ. ახლა ტაძარი დასრულებულია, გალავანიც აქვს, ეზოში კი უწმინდესის გამოგზავნილი კვიპაროსები ხარობს. მთავარი პრობლემა ეკლესიის მოხატულობა გახლავთ, ეს კი ნამუშევრების გაყიდვაზეა დამოკიდებული...
მერაბ დეკანოსიძე, დეკანოზი, ტაძრის წინამძღვარი:
- იცით, თავადაც მიჭირს ამ მდგომარეობის ახსნა. შარშან აღდგომას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ფუნჯს შევეხებოდი. ახლა კი, აღდგომა ჯერ არ დამდგარა და უკვე 400-ზე მეტი ტილო მაქვს შექმნილი. მხაზველობით გეომეტრიას ვასწავლიდი და ხაზვისა და არქიტექტურის ცოდნა ალბათ, მეხმარება. ყოფილა შემთხვევა, ღამეში 9 ტილოც დამიხატავს, სამ ტილოს კი თითქმის ყოველღამე ვხატავ. თანაც, დაღლის შეგრძნება არ მაწუხებს. საეკლესიო მსახურებებს რომ მოვრჩები, ხატვას შევუდგები ხოლმე. ღამის 5 საათამდე ვმუშაობ, დილით რვაზე ვდგები და მთელი დღე ენერგიულად ვარ.
- ვიცი, რომ საერო პირი ბრძანდებოდით და თქვენი კაბით შემოსვა და გამშვენებული ჯვრის ფლობა აქტიური და მრავალმხრივი საერო მოღვაწეობის შემდეგ მოხდა...
- 2005 წელი იყო. ღამით ხმამ გამაღვიძა და მითხრა: - დამთავრდა შენი ერისკაცობა, მთელი დანარჩენი ცხოვრება ლოცვაში უნდა გაატარო, უფალს ემსახუროო. ექვსი თვის განმავლობაში ეს ხმა ყოველღამე, ერთსა და იმავე დროს - სამ საათზე მაღვიძებდა და იმავეს მეუბნებოდა. წასაკითხი ფსალმუნების ნომრებსაც მისახელებდა. ექვსი თვის თავზე მითხრა, რომ მონასტერში უნდა წავსულიყავი. ორი თვე გავიდა და ყოველღამე იმავეს ვისმენდი. მივხვდი, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო. ერთ-ერთ მონასტერში, უღრან ტყეში წავედი.
- მეუღლესა და ახლობლებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს გადაწყვეტილებაზე?
- სხვადასხვაგვარი. ზოგი ტიროდა, ზოგს უხაროდა... მეუღლე მხარში ამომიდგა და ჩემი გადაწყვეტილება ამან უფრო განამტკიცა. წარმოუდგენლად აქტიური საერო ცხოვრების, გაუთავებელი ბანკეტებისა და დისერტაციების შემდეგ მორჩილებას შევუდექი, დღეში ექვს საათს ლოცვასა და გალობაში ვატარებდი. ჩემდა უნებურად, ძალიან სწრაფად შევითვისე ლოცვები. მაშინ 45 წლის ვიყავი. მანამდე ცოლს ხშირად ვეუბნებოდი, - ამდენი საქმის მიუხედავად, ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე ცხოვრებაში-მეთქი. მონასტრული ცხოვრების დაწყების შემდეგ კი მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ამდენ ხანს ვეძებდი.
- თავად როგორ ხსნით იმას, რომ ხატვა 55 წლის ასაკში დაიწყეთ?
- გაგეცინებათ და, მხატვრები ყოველთვის "ზებუნებრივ" ადამიანებად წარმომედგინა. ერთხელ, პატრიარქმა ტელევიზიით თქვა, - ყველა ადამიანში არის ხატვის ნიჭიო. ეს ფრაზა უცნაურად დამამახსოვრდა. თითოეული ჩემი ნახატი საკუთარი შვილივით მიყვარს. წარმოიდგინეთ, ღამე ვდგები, რომ ვნახო; თვალი, ხელი შევავლო, როგორ შრება, როგორ დაჯდა ფერები... მე და ჩემი მეუღლე გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსულ თანხას ეკლესიას ვახმართ. ორი კვირის დაწყებული მქონდა ხატვა, როცა მამა გაბრიელის პირველი ხატის წერას შევუდექი. უფლისმიერი მადლისა და ძალის მოსანიჭებლად, ხატს მამა გაბრიელის ზეთით ვწერდი. დაახლოებით ერთი საათი ვიწვალე, მაგრამ ვხვდებოდი, არ გამომდიოდა. დაღლა ვიგრძენი, ვიფიქრე, დავიძინებ და ხატვას ხვალ გავაგრძელებ-მეთქი. სანამ ტილოს გვერდით გადავდებდი, ხელი გადავუსვი... დავხედე და მამა გაბრიელის სახე იყო გამოსახული... მესმის, ცოტა არაამქვეყნიურ ფაქტს გიამბობთ, მაგრამ... ამის შემდეგ ხელი აღარ მიხლია, ასევე დავტოვე... პროფესიონალები ამბობენ, რომ ეს ხატი მამა გაბრიელის მზერასა და სულიერ სიმშვიდეს ზუსტად გადმოსცემს... რაც შეეხება ამ უდიდესი წმინდანის მეორე ხატს, ის იმ დღეს შევქმენი, როცა მისი საფლავი გახსნეს... საერთოდ, დიაბეტი მაქვს. დღეში მისაღები წამლის ორ დოზას ვსვამდი, გლუკოზის მაჩვენებელი კი მაინც მაღალი იყო... იმ ღამის შემდეგ, როცა მამა გაბრიელის მეორე ხატი დავწერე, დიდება უფალს, სისხლში გლუკოზის შემცველობა დარეგულირდა და წამალს საერთოდ აღარ ვსვამ...
მაია ჯანვერდაშვილი, მამა მერაბის მეუღლე:
- მერაბი ისეთი აქტიური ადამიანი იყო, მისი ცხოვრების წესი მეც მღლიდა... დღეში ხან ორჯერ იპარსავდა წვერს, სულ მოწესრიგებული გახლდათ. ჰოდა, ასეთი რეჟიმის მქონე ადამიანმა ერთ დღესაც, ანაფორა ჩაიცვა. როცა მამაომ ხატვა დაიწყო, ზუსტად სამ დღეში მეც ავიღე ტილო და დავხატე... მანამდე არაფერი დამიხატავს, პროფესიით ბიოლოგი ვარ.
ქალბატონი მაია საუბრის პარალელურად საკუთარ ულამაზეს ნამუშევრებს მაჩვენებდა. ერთ-ერთ მათგანზე მაგიდაზე დადებული ბიბლია იყო გამოსახული... ქალბატონმა მაიამ ნახატის შექმნის ისტორია მიამბო:
- ღამის სამ საათზე გამეღვიძა. ბნელოდა. ვხედავ, ხავერდის შავ გადასაფარებელზე დიდი წიგნი დევს და ოქროსფრად ანათებს. სინათლე ავანთე. ჩვენება გაქრა. შუქი ისევ ჩავაქრე, წიგნი კვლავ გამოჩნდა. ჩამესმა: უნდა დაიხატოს ბიბლია, რომელზეც სამება იქნება გამოსახული. წარმოდგენა არ მქონდა, სამება როგორ უნდა დამეხატა, მაგრამ ტილო ავიღე და თითებმა ეს თავად მოახერხეს... მთელი ღამე ვხატე, დილით კი ეს ნახატი უკვე მზად იყო... ასე ხშირად მემართება, თითქოს თითები თავად ხატავენ, თითქოს სხვა ხატავს ჩემს ნაცვლად... ცოტა ხნის წინ სიტყვა "პასტელის" მნიშვნელობაც არ ვიცოდი, ახლა კი, ძირითადად, პასტელებში ვხატავ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემმა შვილმაც ხატვა დაიწყო. ის აბსტრაქციებს ქმნის...
ინტერვიუს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში მამა მერაბის მორიგ გამოფენას დავესწარი. მისი შემოქმედების შეფასება დამსწრე დამთვალიერებლებს ვთხოვე...
ანდრია ნაცვლიშვილი, გაბრიელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი:
- მამა მერაბის ნახატებში ყველაზე თვალში საცემი გულწრფელობაა. ესაა ერთ-ერთი მახასიათებელი, რის გამოც ამ ნახატების მადლი დამთვალიერებლამდე მიდის. ნამუშევრებში ამ ადამიანის ინდივიდუალურობა, თავისუფლება ჩანს. ეს არანაირ ტიპიკონს არ ექვემდებარება. საერთოდ, მხატვრობა მხოლოდ ფუნჯი და საღებავი არ გახლავთ, ესაა სულიერი სიღრმის ფერებში გარდასახვა... ბუნებაში ყველაფერია მოცემული, ჩვენ მისი აღქმა, მიღება და სხვისთვის გადაცემა უნდა შეგვეძლოს...
გურამ ცერცვაძე, საქართველოს მხატვართა ეროვნული შემოქმედებითი გაერთიანების თავმჯდომარე:
- მამა მერაბისა და ქალბატონი მაიას შემოქმედებაში საოცარი ფერთა გამა, კომპოზიცია, გემოვნება ჩანს. როცა პირველ გამოფენას დავესწარი, გაოცებული და აღფრთოვანებული დავრჩი, ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრში სხვადასხვა ტექნიკით, საკმაოდ მაღალ მხატვრულ დონეზე იყო შესრულებული პორტრეტები, ნატიურმორტები... მხატვრობა გულწრფელი ხელოვნებაა. ჰოდა, ეს ცოლ-ქმარიც, შინაგანად გრძნობს ფორმასა და კომპოზიციას. ბევრ პროფესიონალ მხატვარს შეშურდება, ისეთი მიგნებებია თითოეულ ნაშრომში.
- მამა მერაბი და ქალბატონი მაია მხატვართა გაერთიანების წევრები არიან. მამა მერაბის გარდა სხვა სასულიერო პირი თუ არის გაერთიანების წევრი?
- არათუ გაერთიანებაში არ არის, მე არ მსმენია სასულიერო პირის შესახებ, ვინც ასე ინტენსიურად მუშაობს საერო მხატვრობაში.
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)