ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება

ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება

ზვიად გამსახუარდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. ამით ექს-პრეზიდენტის ვაჟი სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების ჩამონათვალში შედის.

"არა, აშკარაა რომ "ღმერთს ვუყვარვართ"... მაგრამ იქნებ ლეგენდების და ზღაპრების დაჯერებიდან, სტერეოტიპული აზროვნებიდან, უმეცრებიდან გამოვიდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ?! ეს მხოლოდ ციფრებია... მათ უკან თვითოეული ჩვენგანის ცხოვრება დგას: თავის შეცდომებით, შეხედულებებითა და საქციელით, რამაც ნელ-ნელა, მაგრამ უეჭველ კატასტროფამდე მიგვიყვანა!

მახსოვს, როდესაც 1995 წელს "CIA"-ს პროგნოზი წავიკითხე, რომ საქართველოსა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის მოსახლეობა მილიონი ადამიანით შემცირდებოდა. არ დავიჯერე. ოცი წლის ბიჭმა ვერ გავაცნობიერე სინამდვილე ადეკვატურად. ფაქტი სახეზეა, ყველაფერი ახდა. რომ მოვიხედავ, ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე რამდენი ჩემი ნაცნობ-მეგობარი აღარ არის, ან აღარ მინახავს... ამ პროგნოზის თანახმად, ყველაზე მარტივად რომ გითხრათ, ურაპატრიოტული ზიზილპიპილოების გარეშე, გამოდის, რომ ჩემთვის ნაცნობი ორი ადამიანიდან ერთი ან აღარ იქნება ფიზიკურად, ან - აქ არ იცხოვრებს. ეს საშინელი ტრაგედიაა. ვინც უნდა იყო, მკითხველო, მემარჯვენე თუ მემარცხენე, მორწმუნე და ურწმუნო, კონსერვატორი თუ ლიბერალი, ნაცი თუ ქოცი, ქალი თუ კაცი, კარგად გაიაზრე, რაც აქ წერია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს შვილიშვილებს უკვე აღარ მოუწევთ აქ ცხოვრება. თუ მოუწევთ საერთოდ!

ჩემში დიდი ხანია იწვევს ირონიას ფანატიკოსების ბოდვა, "ღვთისმშობელი დაგვეხმარება", "არ გადავშენდებით", "ეგეთებისთვის გაგვიძლია". "მაშ აქამდე როგორ მოვედით" და სხვა ეგოისტური სისულელეები, რომელნიც საკუთარი უნიათობის, უქნარობისა და უმეცრების გამართლებას ისახავდა მიზნად. ახლა მაინც გაიგეთ: დედამიწას არ აწერია, ვისია. და არც ზეცაში არსებობენ ქვეყნები! თუ ასე გავაგრძელებთ, მოვა და იცხოვრებს ამ დალოცვილ ადგილას თურქი, რუსი, სომეხი თუ სხვა ჩვენი მეზობელი, რომელიც არის უფრო სოლიდარული, შეგნებული და შრომისმოყვარე. და მერე თქვენ ეს გინდა "ღმერთის სასჯელად" ჩათვალეთ და გინდ - ისტორიულ კანონზომიერებად!" - წერს გამსახურდია.