ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო

ცვლილება საექსპორტო ხუთეულში - რას უნდა ველოდეთ ქართულ ბაზარზე უკრაინის კრიზისის გამო

ღვინომ საექსპორტო პოზიცია გაიმყარა, თხილი კი ადგილს თანდათანობით კარგავს. რუსეთის ბაზრის გახსნამ, წლების განმავლობაში უძრავად მყოფი საექსპორტო ხუთეული დაშალა. სამომავლოდ კი საექსპორტო ნუსხაში ცვლილებები, შესაძლოა, უკრაინის კრიზისმა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში უფრო მეტი მოცულობის ქართული პროდუქტი გადის, ვიდრე ევროკავშირის 27 ქვეყანაში ერთად.

საექსპორტო ათეულის ბოლოში მყოფმა ღვინოებმა მესამე ადგილზე გადმოინაცვლა და როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, მოთხოვნა იმდენად დიდია, არ არის გამორიცხული, რომ მალე ეს პროდუქტი უფრო მოწინავე ადგილზეც ვიხილოთ.

2014 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ლიდერთა ათეული ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ავტომობილების ექსპორტი, შემდეგ ფეროშენადნობები და მესამე ადგილზეა ღვინო. ამ სამეულს მოსდევს სპილენძის მადნები, აზოტოვანი სასუქები, მინერალური წყლები, რკინიგზის ლოკომოტივები, სპირტიანი სასმელები, თხილი, სამკურნალო საშუალებები.

2013 წელს პირველი-მეორე ადგილი უცვლელი იყო, მესამე ადგილს თხილის ექსპორტი იკავებდა, მას მოსდევდა სპილენძი, აზოტოვანი სასუქები და ღვინო.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ საგარეო ვაჭრობა საქმიანობის ის სფეროა, სადაც დინამიკურად ხდება ცვლილებები, როგორც ექსპორტის გეოგრაფიაში, ისე პროდუქტის სახეობებში.

"შარშან რუსეთის მიმართულებით რამდენჯერმე გაიზარდა ექსპორტის მოცულობა ღვინისა და მინერალური წყლების ხარჯზე. ამ ქვეყანაზე მოდის ღვინის ექსპორტის თითქმის ნახევარი და მინერალური წყლების მეოთხედზე მეტი. ღირებულებითი ფორმით კი მან უკვე გადააჭარბა 2005 წლის პიკურ მაჩვენებელს", - განაცხადა არჩვაძემ.

მოსალოდნელია გარკვეული ცვლილება მოხდეს უკრაინასთან დაკავშირებით. იქ მიმდინარე მოვლენებმა შეიძლება შეცვალოს საქართველოს საექსპორტო გეოგრაფია, განსაკუთრებით, აგროსასურსათო დანიშნულების საქონლის ექსპორტისთვის.

"უკრაინაში ექსპორტზე გადიოდა თხილი, ხილი, ციტრუსები, მინერალური წყლის საკმაოდ დიდი ნაწილი. ეს მოცულობა იყო უფრო დიდი, ვიდრე ევროკავშირის 28 ქვეყანაში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი. ახლა უკრაინა საკმაოდ სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოდან ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობაზე. ამიტომ ექსპორტში ცვლილებები ორი მიმართულებით უნდა განვიხილოთ - გეოგრაფიის ცვლილება და საექსპორტო სტრუქტურის ცვლილება", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი ისევ ღვინოსა და მინერალურ წყლებს აქვს.

"ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ქართულ პროდუქტზე არსებობს დიდი მოთხოვნა.

ღვინის ქარხნებმა მარაგი თითქმის ამოწურეს, მათ ექსპორტისთვის უფრო მეტი ყურძენი დასჭირდებათ, რათა გაზრდილ მოთხოვნას ადეკვატურად უპასუხონ. საკმაოდ დიდი რაოდენობით გადიოდა საქართველოდან თხილიც," - ამბობს სოსო არჩვაძე.

რაც შეეხება ციტრუსს, მისი საექსპორტო პოზიცია ცოტა შელახულია. ამის მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოში ციტრუსის ბაზარი კარგადაა დივერსიფიცირებული. რეალურად კი, ხარისხის თვალსაზრისით, ქართული ექსპორტი ნაკლებად კონკურენტუნარიანია.

სპეციალისტების განცხადებით, ქართული ციტრუსი მისაღები იყო ჩაკეტილი საბჭოთა კავშირის პირობებში. როდესაც ბაზრები გაიხსნა, ქართულ ციტრუსს სერიოზულ კონკურენციას უწევს ჩრდილოეთ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეტანილი მაღალი ხარისხის ციტრუსი.

ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, საექსპორტო პროდუქციის ხუთეულის ცვლილება დამოკიდებული ქნება იმაზე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით როგორი პოზიცია ექნება რუსეთს.

"თუ რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის პროცესი გაგრძელდა და მას პრობლემა არ შეექმნა რუსულ ბაზარზე, ღვინის ექსპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება", - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

იგი თხილის ექსპორტის პოზიციის დაკარგვას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ შემოდგომაზე თხილის ექსპორტი ისევ გაიზრდება. ექსპერტის ვარადუით, დაწინაურდება აზოტის ექსპორტი, დანარჩენ პროდუქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი შეიცვლება.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"