შპს "იმერეთის" დამფუძნებელი, 100% წილის მესაკუთრე და გენერალური დირექტორი ზელიმხან გიორგაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ". საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია სახელმწიფოს ძირითადი კანონით - კონსტიტუციით, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების უფლებას. თუმცა ეს უფლება განხორციელებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე აღებული მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ იმაზე, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია საყოველთო გახადონ".საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა". ეს ჟურნალისტთა კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი დანაწესია, თუმცა რაოდენ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მასმედიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფეხქვეშ თელავს როგორც კანონს, ასევე მორალური პრინციპების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს. ამის თვალნათელი მაგალითია ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიერ Top News.com.ge-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია (თუ შეიძლება ამას სტატია ეწოდოს): "ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა".
სტატიაში აღწერილია ისეთი სიუჟეტი, რომელსაც არაფერი აქვს სიმართლესთან საერთო.
მე ზელიმხან გიორგაძე, გახლავართ შპს "იმერეთი"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დასაქმებული მყავს 3000-მდე ადამიანი და ბიუჯეტში გადასახადების სახით შემაქვს 2 მილიონზე მეტი. ვეწევი ქველმოქმედებას, თუმცა არასდროს მიცდია აფიშირება გამეკეთებინა ყოველივე ამისათვის და საკუთარი პიარის მიზნით გამომეყენებინა გაჭირვებული ადამიანები. ყველაფრის მიუხედავად, ირაკლი ვაჩიბერაძეს სრულიადაც არ გაჭირვებია ჩემთვის სამი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა დაებრალებინა.
ნუთუ მისთვის უცნობია ქვეყნის ძირითად და კოდიფიცირებულ კანონებში "უდანაშაულობის პრეზუმფციის" პრინციპის არსებობის შესახებ?
ახლა კი აღვწერ, თუ რა მოხდა სინამდვილეში: 1999 წელს, რამაზ ფხაკაძისაგან შევიძინე მიწის ნაკვეთი სოფელ ქვედა მესხეთში. ნასყიდობის ხელშეკრულებები წყალტუბოს სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული იქნა კანონით გათვალიწინებული წესით. მოგვიანებით მიწის ნაკვეთზე ავაშენე საცხოვრებელი სახლი. რამაზ ფხაკაძის ძმა, ლადიკო ფხაკაძე განაწყენებული დარჩა იმ ფაქტით, რომ გაყიდული ქონებიდან მას წილი არ შეხვდა, შესაბამისად გადაწყვიტა მისთვის სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით, სასამართლო ინსტანციის შეცდომაში შეყვანით, ქონებრივი უფლება მიეღო ჩემს საკუთრებში არსებულ ქონებაზე.
წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის საკრებულოს საქმის მწარმოებლის დახმარებით, საკომლო წიგნში, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შეიტანა ყალბი მონაცემები, რომ დედის - ნადია ფხაკაძის კომლის წევრად თითქოსდა თავად ირიცხებოდა და არა მისი ძმა - რამაზ ფხაკაძე, რაც ქონების კანონისმიერ მემკვიდრედ მისი აღიარებისათვის უპირობო საფუძველი იქნებოდა. მან რამაზ ფხაკაძესა და ჩემს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოსაც კი მამართა. თუმცა ლადიკო ფხაკაძის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 2010 წლის 05 მაისს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადასტურდა მის მიერ თაღლითობითა და დოკუმენტების გაყალბების გზით, ჩემი ქონების დაუფლების განზრახვა. განაჩენი ძალაში დარჩა ზემდგომ ინსტანციებშიც. მიუხედავად ყოველივე ამისა, ლადიკო ფხაკაძის შვილი, გელა ფხაკაძე ურცხვად ცრუობს და ამტკიცებს, რომ მის ოჯახში დატრიალებული ყველა ტრაგედია ჩემს გამო მოხდა. სინამდვილეში კი მისი მამა, ლადიკო ფხაკაძე გარდაიცვალა სიმსივნის დიაგნოზით, ასეთი დიაგნოზით დაასრულა სიცოცხლე ლადიკო ფხაკაძის ძმამ ტიტიკო ფხაკაძემ, ხოლო ბიძაშვილი გულის დაავადებით გარდაიცვალა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის შემდეგ. თუმცა ამ უკანასკნელს არანაირი შეხება არ ჰქონია აღწერილ გარემოებებთან.
ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ კი გამოქვეყნა სტატია ისე, რომ მოვლენის გაშუქებისას არ დაიცვა მხარეთა თანაბრად წარმოჩინების პრინციპი, მიღებული ინფორმაცია არ გადაამოწმა და საზოგადოებას მიაწოდა დამახინჯებულად. შესაბამისად, შეცდომაში შეიყვანა მკითხველი. მან ამით დაარღვია არა მხოლოდ ჩემი უფლებები, არამედ შეურაცხყოფა მიაყენა სასამართლოსაც და მოსამართლეებს კორუფციაში დასდო ბრალი.
მინდა შევახსენო ბატონ ირაკლი ვაჩიბერაძეს, რომ მე არ გახლავართ საჯარო მოხელე, შესაბამისად არ ვარ შეზღუდული თმენის ვალდებულებით. მაქვს საშუალება სასამართლოს მივმართო ჩემი დარღვეული უფლების აღდგენისათვის და თქვენს მიერ მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის. თუმცა ვითვალისწინებ იმ გარემოებას, რომ მიმტევებლობა ადამიანის საუკეთესო თვისებაა და ჩემი რელიგიური განწყობის გამო ამ ეტაპზე უარს ვამბობ სამართლებრივ დავაზე. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ მოვლენები და სიახლეები ჟურნალისტმა უნდა აღწეროს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა უტყუარობაშიც ის დარწმუნებულია. ჟურნალისტს არ აქვს უფლება დაუშვას მისი საქმიანობის კერძო ინტერესით ბოროტად გამოყენება. საეჭვო რეპუტაციის გელა ფხაკაძის განცხადების საფუძველზე ადამიანის პატივისა და ღირსების დამამცირებელი სტატიის გამოქვეყნება, არასაკადრისი საქციელია ჟურნალისტისათვის და იმედს ვიტოვებ, რომ ბატონი ირაკლი ვაჩიბერაძე გააცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების განმავლობაში აღარ დაუშვებს მსგავს შეცდომას", - აღნიშნულია განცხადებაში.
R