მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?

მარნეულელი მკითხავის ოჯახი სასაფლაოდან წამოღებულ უძველეს ქვას შეეწირა?

მარნეულის რ-ნის სოფელ ბაიდარში, საზარელი მკვლელობა მოხდა. დღემდე დაუდგენელმა პირმა (თუ პირებმა) შუაღამისას, ოთხსულიანი ოჯახი ამოწყვიტა.

ვაგირ იმამალიევი სოფელში უღარიბეს ადამიანად ითვლებოდა. მისი სახლი, ავარიული და ძველისძველი, მეზობლების ორსართულიანი სახლების გვერდით მართლაც უბადრუკად გამოიყურება. ორ ოთახს ხის პატარა შუშაბანდი აქვს მიშენებული, ეზო შეუღობავია, გზის მხარეს მავთულის მესერია გავლებული, რომელიც რამდენიმე ადგილას გაწყვეტილია და მიწაზე აგდია.

28 მაისს იმამალიევი, მისი ცოლი და ორი შვილი მეზობლებმა ტყვიებით განგმირულები იპოვეს. ოთხივე გარდაცვლილი იყო, როცა პოლიცია გამოიძახეს...

ვიწრო ოთახში გვერდიგვერდ მდგარ ორ რკინის საწოლზე იწვნენ: 36 წლის ვაგირ იმამალიევი, მისი შვილები - 12 წლის ამილი და 10 წლის ამილა, ხოლო დიასახლისი იატაკზე შემოსასვლელ კართან იწვა. გვამები სისხლში ცურავდა... როცა ბინაში მეზობლები შევიდნენ, მკვლელობის მომენტიდან უკვე იმდენი დრო იყო გასული, რომ დამნაშავე თავისუფლად მოახერხებდა მიმალვას.

ვის შეეძლო ჩაედინა ასეთი საზარელი დანაშაული? რა მიზეზით უნდა მოეკლათ ორი მცირეწლოვანი ბავშვი? რა არის დანაშაულის მოტივი? გამოძიება შურისძიების მოტივზე მუშაობს. მაგრამ სხვა ვერსიებიც არსებობს. თითოეულ მათგანს აქვს ლოგიკური ახსნა და არსებობის უფლება, მით უმეტეს, რომ არა მარტო დანაშაული, არამედ თავად გარდაცვლილი იმამალიევის პიროვნებაც ბურუსით იყო მოსილი.

სოფელ ბაიდარში დაკრძალვის დღეს ჩავედით. სოფელმა საერთო ძალებით აუგო წესი ოთხ მიცვალებულს. მეზობლები ჯერ ისევ იმამალიევის ეზოში ტრიალებდნენ, როცა დანაშაულის ვერსიების გარკვევას შევეცადეთ.

- ვინ იყო იმამალიევი, რა იცით თანასოფლელებმა მის შესახებ?

ვაქირ იმამალიევი, დაღუპულის ბიძაშვილი:

- ძალიან კეთილი კაცი იყო. სოფელში მისგან განაწყენებული ადამიანი არავის უნახავს. ცუდი არავისთვის არაფერი გაუკეთებია. ამიტომაც მათ დაკრძალვაზე უცხო ხალხიც კი ტიროდა... ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი. პირველმა მე შევიტყვე ამ საშინელების შესახებ. დილის რვა საათზე მოვედი, რაღაც ცუდი მიგრძნო გულმა... ფანჯარა შევამტვრიე და ოთხაში ისე შევიხედე... ძროხა ჰყავდათ. საცოდავი ბღაოდა საბძელში. საბალახოდ რატომ არავინ გამოიყვანა, მივხვდი, რაღაც მოხდა... ბავშვებს არც გაუღვიძიათ, ისე ჩახოცეს. მგონი, არც კაცს გაუგია, როგორ მოკლეს. ქალი კი საწოლიდან გადმოფორთხებულა და კარამდე მისულა ფორთხვით. ალბათ, საშველად მეზობლებისთვის უნდოდა დაეძახა... კართანვე ეგდო მკვდარი. იატაკი სულ სისხლით იყო მოსვრილი. კედლები, როგორც ხედავთ, დაცხრილულია.

მურად სულთანოვი:

- მორწმუნე კაცი იყო. არ სვამდა, არ ეწეოდა... ამ ათი წლის წინ სიზმარი ნახა: ვიღაცა ეუბნებოდა – სოფლის სასაფლაოზე ქვა დევს, წამოიღე და შენს ეზოში დადე – წმინდა კაცი ხარო... სიზმარი რომ გვიამბო, ვიფიქრეთ, რომ ხუმრობდა, მაგრამ ისეთი მორწმუნე გახლდათ, რომ მალე მის ნათქვამში ეჭვი აღარ შეგვპარვია. თანაც ყველამ ვიცოდით, რომ სასაფლაოზე მართლაც, იდო უცნაური ქვა, რომელზეც "ყურანიდან" წარწერა იყო გაკეთებული. გადმოცემით ვიცი, რომ ქვის ქვეშ ასევე წმინდა კაცი განისვენებდა... ერთი სიტყვით, ქვის ამბავი სოფელში ლეგენდად დადიოდა. იმამალიევმა ქვა თავის ეზოში მოიტანა. სამლოცველო ნიშა ააშენა და ქვა შიგ მოათავსა. იმ დღიდან, ეს ადგილი ჩვენთვის წმინდა ადგილად იქცა. სამლოცველოსთან, ბროწეულის ხეზე თანასოფლელები ქსოვილის ვიწრო ნაჭრებს ამაგრებდნენ; თუ ვინმეს რაიმე ნატვრა ჰქონდა, აქ მოდიოდა, ხეზე ამ ნაჭერს გაკვანძავდა და სურვილს ჩაუთქვამდა; როცა აუსრულდებოდა, ისევ მოვიდოდა და გაკვანძულ ნაჭერს გახსნიდა, თან სამლოცველოში ფულს დებდა... ალბათ, ყველანი ერთხელ მაინც ვართ აქ მოსულები - თუნდაც, წმინდა ქვის მოსანახულებლად. ნუთუ, ამ ქვამ მოუტანა ოჯახს ამხელა უბედურება?!

- იმამალიევი მკითხაობდა კიდეც?

რუსლან ისმაილოვი:

- არა. უბრალოდ, მორწმუნე ადამიანი იყო. ჩვენ მისი გვწამდა, მე მჯეროდა, რომ თუ აქ მოვიდოდი და სურვილს ჩავუთქვამდი, აუცილებლად შემისრულდებოდა. თუ შორ გზაზე მივდიოდი, ვიტყოდი- ოღონდ კარგად მოვიარო და ფულს შევწირავ სალოცავს-მეთქი. ამას რომ ვიტყოდი, ვიცოდი - აუცილებლად კარგი გზა მექნებოდა...

მურად სულთანოვი:

- გულჩათხრობილი კაცი გახლდათ. როცა ჩვენ ვსაუბრობდით, ის იდგა და გვისმენდა, საუბარში არასდროს ჩაერეოდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ კარგად არ ვიცნობდით. მისი წინაპრებიც ამ სახლში ცხოვრობდნენ, ვაგირ იმამალიევი ჩვენ თვალწინ დაიბადა და გაიზარდა. ვიცი, რომ შეეძლო, "ყურანის" საშუალებით ადამიანისთვის ეთქვა - გაუმართლებდა თუ არა ცხოვრებაში, რა ელოდა. როგორი წინააღმდეგობები შეხვდებოდა და ა.შ. ცოლ-ქმარი, ორივე საოცრად მშვიდი ბუნების ადამიანები იყვნენ. არავის არ ეტყოდნენ აუგ სიტყვას... ზოგჯერ ვაგირთან სამკითხაოდ თბილისიდან, რუსთავიდან და მარნეულიდან ჩამოდიოდნენ. ზოგი ლარს უტოვებდა,ზოგი - ორ ლარს. მკითხაობაში დიდ ფულს ვინ მისცემდა?! ყველაზე მეტად სწორედ ის ვერსია გავრცელდა, თითქოს თავისი საქმიანობის გამო მოკლეს. ჩვენთვის ამაზე საუბარი ძნელია. ფაქტია, რომ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ - ე.ი. მკითხაობაში ბევრ ფულს არ იღებდა. მისი ცოლი დღე და ღამე მინდორში მუშაობდა. თოხნიდა, ბარავდა. ქმარ-შვილიც ეხმარებოდა. 21 წლისები დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია. კარგი შვილები აღზარდეს. ბავშვები ჩემს შვილებთან მეგობრობდნენ. ძალიან კარგად სწვალობდნენ. მხიარული, ზრდილობიანი ბავშვები იყვნენ.

- მკითხაობის გარდა, ჯადოსაც ხომ არ აკეთებდა?

ვაქირ იმამალიევი:

- მას მომავლის "ამოცნობა" შეეძლო. უმეტესად ამბობდა: ყველაფერი კარგად გექნებათო. სხვა არაფერი ვიცით... რამდენჯერმე ორი ლარი მეც დავდე წმინდა ქვასთან, თან ვთქვი: თუ ყველაფერი კარგად მექნება, ფულს კიდევ მოვიტან-მეთქი. მე მჯეროდა და ამას ჩემი რწმენის გამო ვაკეთებდი. ზოგჯერ თბილისიდან ჩამოსული ადამიანებიც დამინახავს, მაგრამ ისეთი ხალხი აკითხავდა, რომელსაც ემჩნეოდა, ბევრი ფული რომ არ ჰქონდა და ცხადია, ბევრს ვერც სამკითხაოდ გადაიხდიდნენ.

- თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ მკვლელობა მის რომელიმე განაწყენებულ კლიენტს შეიძლებოდა ჩაედინა?

- მაშინ ბავშვებს რაღას ერჩოდა?! ბავშვები ხომ უდანაშაულოები არიან. ან მისმა ცოლმა რა დააშავა?! ის სიტყვაძვირი, უთქმელი ქალი იყო. არც თავისი გაჭირვებით აბეზრებდა თავს ვინმეს და არც სიხარულს უზიარებდა. მართალია, იმამალიევის ეზოს ღობე არა აქვს შემორტყმული, მაგრამ ეს ოჯახი მაინც კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, "ყურანს" კითხულობდა და თანასოფლელებთან კონტაქტს გაურბოდა...

- როცა ამ საზარელი მკვლელობის შესახებ შეიტყვეთ, რა იფიქრეთ? რის გამო შეიძლებოდა, იმამალიევის ოჯახი ამოეწყვიტათ? იქნებ, ვინმეს კონკურენციას უწევდა?

- არა. ამასთან იმდენი ხალხი არ მოდიოდა, რომ ვინმეს შეხარბებოდა. უბრალოდ, ჩემთან სტუმრად თუ მოვიდოდა ვინმე, მას ვეტყოდი - ჩვენს სოფელში მორწმუნე კაცი ცხოვრობს, მომავლის "ამოცნობა" შეუძლია-მეთქი. ასე იქცეოდნენ მეზობლებიც. ხმა გავრცელდა, ერთმა მეორეს უთხრა, მეორემ - მესამეს, ასე თანდათან ამ ეზოს სულ უფრო მეტი უცნობი ადამიანი აკითხავდა. ბოლო პერიოდში კი, მათმა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. ალბათ, უცხო ადამიანები მისით კმაყოფილები არ რჩებოდნენ. თუმცა, რასაც იყტოდა, ის აუცილებლად ახდებოდა.

მურად სულთანოვი:

- მარნეულში ცნობილი მკურნალიც ცხოვრობს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმამალიევი მას უწევდა კონკურენციას, ტყუილია. ჰასანასთან ბათუმიდანაც კი ჩამოდიან. იმის სახლთან როცა არ უნდა მიხვიდეთ, ყოველთვის რიგი დგას. აქ კი კვირაში სამი უცხო ადამიანი თუ გამოჩნდებოდა – ეს იყო და ეს.

ვერსია მართლაც, ბევრია. როგორც მეზობლებმა გაგვიმხილეს, მათაც ძალიან აინტერესებთ ამ მკვლელობის მოტივის დადგენა. ორი კაცი თუ ერთად დგას, ე.ი. ამ მკვლელობაზე ლაპარაკობსო, - გვითხრეს, მაგრამ ეჭვი ვერაფერზე და ვერავისზე ვერ მიაქვთ. თუმცა, ყველაზე მეტ ეჭვს სწორედ ამ ადამიანების დუმილი და უმოქმედობა ბადებს. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ისინი რაღაცას მალავენ. იმამალიევის სახლიდან, რომელიც კაპიტალურ ნაგებობას არ წარმოადგენს, მეზობლებს ყვირილის ხმაც უნდა გაეგონათ, არათუ სროლის. თანაც, იმამალიევების ეზოსთან ახლოს რამდენიმე სახლი დგას, რომელთა პატრონებს, როგორი ღრმა ძილითაც არ უნდა სძინებოდათ, მაინც უნდა გაეგონათ ავტომატის ჯერი. საკითხავია, რატომ არ გამოიძახეს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში? უცნაურია - ძროხა არ გამოიყვანეს საბალახოდ და ამიტომ დავეჭვდით - რამე ხომ არ მოხდაო?.. მეზობლებს შემტვრეული კარი მაინც უნდა დაენახათ - თავდამსხმელმა ხომ ხის კარი შეამტვრია, სახლში რომ შეეღწია. მტვრევის ხმას ალბათ, ჩაძინებული იმამალიევის ოჯახის წევრებიც გაიგონებდნენ და ავტომატიანი კაცის დანახვისას, კივილით საშველადაც მოუხმობდნენ მეზობლებს... ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: იქნებ, მსგავსი რამ სხვა დროსაც მომხდარა იმამალიევის ოჯახში? იქნებ, უკმაყოფილო კლიენტი სხვა დროსაც მოვარდნილა საჩხუბრად და პრეტენზიების გამოსახატავად? იქნებ მეზობლებმა ყვირილის ხმა ჩვეულებრივ ამბადაც ჩათვალეს?... ყვირილს კი ამჯერად, ავტომატის ჯერი მოჰყვა...

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულში ვიღაც მკითხავი კაცი ცხოვრობდა, რომელიც ჯადოების გაკეთებით იყო დაკავებული, თბილისელი ნათელმხილველები ხშირად ავრცელებდნენ. ბევრი მათგანისგან გამიგონია: მარნეულში კაცი ისეთ ჯადოს აკეთებს, რომ ქვას გააპობსო... იქნებ, ეს კაცი სწორედ გარდაცვლილი იმამალიევი იყო? მისგან ჯადოს კეთების ამბავს მეზობლები ვერ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ასეთი რამ მათაც სმენიათ. ასე რომ, შესაძლოა, სიმართლე სწორედ ამ ადამიანებმა იცოდნენ. მაგრამ საეჭვოა, რომ ის მალე გამომზეურდეს...

ვაგირ იმამალიევის სახლში დაბინავებას ვერავინ გაბედავს. როგორც მისმა ნათესავმა ვაქირ იმამალიევმა გვითხრა, იქ მარტო უპატრონო ბავშვი თუ შეაფარებს თავს, თუმცა, ასეთი ბავშვი სოფელს ჯერჯერობით არ ჰყავს... თანასოფლელები ვერ ამბობენ, რა ბედი ეწევა იდუმალებით მოცულ სალოცავ ადგილს; ჯერ არ იციან, შეძლებენ თუ არა ოდესმე იქ საკუთარი ნატვრის სათქმელად მისვლას. ფაქტია, რომ არაბულწარწერიანმა ამ ძველისძველმა ჩუქურთმიანმა ქვამ ოჯახს დიდი უბედურება მოუტანა...

ლელა ჭანკოტაძე

ჟურნალი "გზა"

#23 3.06.2004