"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება

"ახლა იუმორისტულ გადაცემას რომ დაიწყებ, უნდა გახსოვდეს, რომ 2014 წელია" - ნიკა ქავთარაძე ტელევიზიაში ბრუნდება

"ვმუშაობ გადაცემის პილოტზე, "ნაით შოუს" ფორმატია, ოღონდ, მისგან დეტალებით ცოტა განსხვავებულია", - ამბობს შოუმენი ნიკა ქავთარაძე, რომელიც კარგა ხანია ეკრანზე ამ ამპლუაში აღარ უნახავთ. ასე რომ, ის ცოტა ხანში ერთ-ერთი ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდება...

- დიახ, ვმუშაობ იუმორისტულ გადაცემაზე, რომელშიც ძირითადად სოციალური თემები იქნება წამოწეული, ანუ ჩემი მონოლოგი ნაკლებად იქნება დატვირთული პოლიტიკით. უფრო სთენდაფკომედის ჟანრია და სთენდაფური მონოლოგი მინდა, რომ იყოს.

- ასეთი ფორმატი პრაქტიკულად, ჩვენს სატელევიზიო სივრცეს აკლია...

- კი, ასეთი ჟანრის გადაცემა ტელევიზიაში არ არის, თუმცა ვიღაცები კლუბებში ამ მიმართულებით ხუმრობენ. იუმორისტები ტელევიზიებში მაინც პოლიტიკაზე ვართ მიჯაჭვულები. ამიტომ მივცემ მეგობრებსა და კოლეგებს მაგალითს, რომ სხვა რაღაცებზეც შეგვიძლია ვიხუმროთ. იქნებ ამ ჩვენმა ფრთამ მაგ მიმართულებას დაუდოს სათავე. იმედი მაქვს, რომ გაამართლებს და ხალხს მოეწონება. გუშინ გადაღება გვქონდა, კიდევ ერთი გადაღებაც მექნება. მგონია, რომ ადამიანებს, ვინც ამ შოუს ეთერში ჩასმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მოეწონებათ.

- ისე, სატელევიზიო სივრცეში იუმორი უკვე დიდი დოზით დაგროვდა...

- ვინც ახლა გადაცემას იწყებს, მთავარია, გათვალისწინოს, რომ ახლა 2014 წელია და მაყურებელს ძალიან თანამედროვე შოუ სჭირდება. დიახ, აზრი, რომელსაც პირდაპირ ეთერში აჟღერებ, ძალიან თანამედროვე უნდა იყოს. ასეთივე უნდა გახლდეთ გამოხატვის ფორმა, გადაცემის დინამიკა, სტილი, სულისკვეთება. კარგად დავიწყებული ძველი ადამიანებს ახლად არ უნდა მოაჩვენო! ასევე მნიშვნელოვანია, იცოდნენ, ამ მიმართულებით, მათნაირ შოუებში სამყაროში რა ხდება. თუ ეს ინფორმაცია ექნებათ, ალბათ, რაღაც დასკვნებს გაკეთებენ. აქ იმ შოუებს არ ვგულისხმობ, რომელიც წლებია, გადის, რომლებსაც ხალხი რაღაცის გამო უყურებს. ამ ფორმატებში ცვლილება მაყურებელმა შეიძლება არც მიიღოს, რადგანაც ზოგადად ცვლილება არ უყვარს. ამიტომ, ვეცდები, შოუ, რომელსაც მაყურებელს შევთავაზებ, იყოს მართლაც ახალი!

და რაც ყველაზე მთავარია, გადაცემა ძალიან მხიარული უნდა გამოვიდეს. მასში არ უნდა იყოს რაიმე გადაჭარბებული, ვთქვათ, ზედმეტი სიბრაზის გამოხატვა, ან კონკრეტულ ტიპებზე აგრესიის გამოვლენა, დაცინვა. ამის აუცილებლობას ჩემს გადაცემაში ვერ ხედავ. შოუმ ყველა გემოვნების ადამიანი უნდა აახითხითოს. ამიტომ, ეთერში საყვარელი და ძალიან სასაცილო განწყობის შექმნა მინდა.

ლალი ფაცია

სპეციალურად ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები