ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ

ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი ნინო შუბლაძის "რუსთავი 2"-დან წასვლის შემდეგ

ნინო შუბლაძის ტელეკომპანია "რუსთავი 2"-დან წასვლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიც იყო, ამ მოვლენებით ემოციური ფონი დამძიმდა და ნინო შუბლაძე, აგვისტოს ნაცვლად, ტელეკომპანიიდან სამი თვით ადრე წავიდა. - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განუცხადა.

"შარშან, ამ დროს, შევთანხმდით, რომ ნინო აგვისტოდან მიდიოდა არხიდან. მისი გადაწყვეტილება იყო - ცოტა ხანი მედიაში მუშაობაში პაუზა უნდა აეღო. დანამდვილებით ვიტყვი, ეს პირადი საკითხებით არის განპირობებული. მან გადაწყვიტა, რომ ეს ახლა გაეკეთებინა. შევეცადეთ, "კურიერის" გუნდთან ერთად, გადაგვერწმუნებინა, თუმცა არ გამოგვივიდა. ნინო არხისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. ნინოს წასვლა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს იმდენად შეიძლება უკავშირდებოდეს, რამდენადაც ემოციური დამოკიდებულება შეიძლება იყოს მძიმე. ნინოს ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება. იმ ვიდეოკადრებს, რომლებიც მოვიპოვეთ, არც ჩემთვის და არც მასთვის უკვალოდ არ ჩაუვლია. ერთ-ერთი ფაქტორი თავისთავად ეს იყო. ემოციური ფონი ამან დაამძიმა და აგვისტომდე სამი თვით ადრე წავიდა ტელეკომპანიიდან", - აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ნინო შუბლაძე ორ თანამდებობას იკავებდა ტელეკომპანიაში – გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის და საინფორმაციო სამსახურის უფროსის.

გვარამიას განმარტებით, ნინო შუბლაძის კომპეტენცია გაიყო და პირველი მოადგილე იქნება ზაალ უდუმაშვილი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი - გიორგი ლაფერაშვილი.

რაც შეეხება გადაცემა "პოზიციას", რომლის წამყვანიც ნინო შუბლაძე იყო, გვარამიას თქმით, ტელეკომპანიაში დღეს იმსჯელებენ, ვინ წაიყვანს ან რა ფორმატით გაგრძელდება აღნიშნული თოქ-შოუ.

მისივე თქმით, შუბლაძის გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება. "ბრძოლას ჩვენ მიჩვეული ვართ. ჩვენი მთავარი მებრძოლი არის "კურიერის" გუნდი, თუმცა ნინო შუბლაძე ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. ასეთი მაღალი დონის პროფესიონალები მედიაში ცოტა არიან. მგონია, რომ ის მედიაში დაბრუნდება და ჩვენი კარი მისთვის ღიაა", - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო შუბლაძემ ტელეკომპანია დატოვა. "მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას, არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემ თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და "რუსთავი 2"-ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედიასივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში", - წერს ნინო შუბლაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ნახეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები