გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" მაისის ნომერი N5 (41), რომელშიც წაიკითხავთ:
სიმონ ხუხუნაიშვილის დაბრუნება - "ისტორიანში" გამოქვეყნებული 1918 წლის ომის ქართველი გმირის ფოტო ნათესავებმა იცნეს!
ჟურნალის 2014 წლის თებერვლის ნომრის გარეკანზე სახალხო გვარდიის პოლკოვნიკის, სიმონ ხუხუნაიშვილის ფოტო გამოქვეყნდა. ისტორიამ მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია შემოგვინახა. მიახლოებით ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ სიმონ ხუხუნაიშვილმა 1919 წელს, გვარდიის მეთაურთან, ვალიკო ჯუღელთან დაპირისპირების გამო თავი მოიკლა. დაპირისპირების მიზეზი დღემდე უცნობი რჩებოდა... გარდა ამისა, მის შესახებ ინფორმაციის სიმწირის მიზეზი საბჭოთა რეჟიმის სასტიკი დამოკიდებულებაცაა. დაღუპულის ოჯახის წევრები, დედაც კი, შვილის შესახებ ხმამაღლა ვერაფერს ამბობდა, რადგან რეპრესიების, გადასახლების ეშინოდათ...
რედაქცია შეეცადა ტრაგიკული ამბის დეტალების გარკვევას, რის შესახებაც ჟურნალის ამავე ნომერში გამოქვეყნებულია სტატია: გამოცხადებული სიკვდილის ქართული ქრონიკა / გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურის, სიმონ ხუხუნაიშვილის თვითმკვლელობის სულის შემძვრელი ისტორია, სადაც ვკითხულობთ:
"1919 წლის 6 სექტემბერს დღის 2 საათზე, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, სადაც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად, გვარდიის მთავარი შტაბიც იყო განთავსებული, ამ შტაბის სხდომაზე რევოლვერის გასროლის ხმა გაისმა. როგორც მომდევნო დღეების პრესაში დაიწერა, შტაბში თავი მოიკლა გვარდიის საგანგებო ბატალიონის მეთაურმა, სომხეთ-საქართველოს ომის გმირმა სიმონ ხუხუნაიშვილმა. რა მოხდა ისეთი ამ სხდომაზე, რამაც სიმონა, როგორც მას სიყვარულით ეძახდნენ, ამ ზომამდე მიიყვანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში საისტორიო არქივსა და იმდროინდელ პრესაში მოპოვებული ინფორმაცია და თავად ვალიკო ჯუღელის დღიურის ჩანაწერები დაგვეხმარება.
ეს ამბავი პირველად ქვეყნდება და სიმონ ხუხუნაიშვილის ნათესავებიც ჟურნალის ამ ნომრიდან შეიტყობენ მომხდარი ტრაგედიის დეტალებს".
ხალხთა ბელადის გვარის სადაურობისთვის
დღემდე არ ცხრება ინტერესი ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი რუსეთის იმპერიის ბელადის, იოსებ სტალინის წარმომავლობის მიმართ. ეს ინტერესი იმ დროიდან აღიძრა, როცა სტალინი ჯერ კიდევ მხოლოდ ლენინის თანამებრძოლი იყო. ამ თემას არაერთი პუბლიკაცია, წერილი, სამეცნიერო ნაშრომი, წიგნი, გამოკვლევა მიეძღვნა. რუსულ ბეჭდურ თუ ინტერნეტგამოცემებში სტალინის ეთნიკურ კუთვნილებაზე დღესაც ათასგვარ ჭორს ავრცელებენ. თუმცა ერთი რამ ცხადია - სტალინი სულით ხორცამდე ბოლშევიკი და ინტერნაციონალისტი იყო, მისი ქართული წარმოშობის მიუხედავად.
ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სტატია (უფრო სწორად, კვლევის შედეგების ამსახველი მასალა), რომელიც, მართალია, რამდენჯერმე გამოქვეყნდა და მათ შორის ცალკე ბროშურის სახითაც, მაგრამ მკითხველთა ერთი ნაწილი მას პირველად სწორედ ჩვენს ჟურნალში წაიკითხავს.
ვინ იყო არქიეპისკოპოსი კარაპეტ ბაგრატუნი?
სტატია ეძღვნება ჯავახეთში სომეხთა ჩამოსახლების ორგანიზატორს, არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრატუნის, რომლის ძეგლიც ახალქალაქშია აღმართული.
რუსეთ-თურქეთის ომის დროს (1828-1829) ოსმალები ეჭვობდნენ, რომ სომხები რუსის ჯარს გაუწევდნენ დახმარებას. მათი ვარაუდი საფუძვლიანი აღმოჩნდა და თურქებმა სამაგიეროს გადახდა მოინდომეს. იყო შურისძიების შემთხვევები, მაგრამ ეს არ მომხდარა ფართო მასშტაბით, უფრო ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. არქიეპისკოპოსმა კარაპეტ ბაგრატუნიმ ეს მომენტი გამოიყენა, სიტუაცია უფრო მძიმედ, ტრაგიკულად დახატა, შეადგინა გენერალ ივან პასკევიჩის სახელზე მიმართვა, რომელშიც სთხოვდა, კარინისა და ერზრუმის სომხები რუსეთის იმპერიის საზღვრებში - კერძოდ, ახალციხესა და მის მიმდებარე სოფლებში დაესახლებინა.
გენერალ პასკევიჩისადმი გაგზავნილ თხოვნაში რამდენიმე პირობა იყო წამოყენებული. მაგალითად, ჯავახეთში შემოსახლებული სომხების სოფლებში სხვა ეროვნების (იგულისხმება ქართველობა) ხალხს არ უნდა ეცხოვრა; შემოსახლებულ სომხებს თავიანთი ეროვნული სასამართლო უნდა ჰქონოდათ (ე.ი. სომხური უნდა ყოფილიყო სასამართლოს ოფიციალური ენა)... თუმცა მეფის მთავრობამ ისინი მხოლოდ გადასახადებისგან გაათავისუფლა რამდენიმე წლით და ფულადი დახმარებაც გაუწია.
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:
გეგუთის სასახლის რეაბილიტაცია დაიწყება
"სახელმწიფო მოკვდა! გაუმარჯოს სახელმწიფოს!" - დამოუკიდებლობის პირველი დღეების ქრონიკა
რომაული ფული საქართველოში
როგორ ეძებდა თამარის საფლავს ექვთიმე თაყაიშვილი
საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი დადიანების განძის გადასარჩენად
გრიგოლ I-ის წინაპრები და ნათესავები დედის მხრიდან - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გენეალოგიიდან
და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.