კაფე "ანტრეს" თანამშრომლები მამუკა ხერხეულიძის დაჭრის დეტალებზე საუბრობენ. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა "ანტრეს" მენეჯერმა მერაბ კოპალიანმა, რომელიც აცხადებს, რომ მამუკა ხერხეულიძე კაფეში მარტო იყო. მან მხოლოდ სროლის ხმა გაიგო, თუმცა არ დაუნახავს ვინ ისროლა.
როგორც კოპალიანი აღნიშნავს, დაჭრილი მამუკა ხერხეულიძე ჯერ "ანტრეში" შეიყვანეს და შემდეგ კი სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
"ანტრეს" თანამშრომლების თქმით, მათ 3-4 გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა ხერხეულიძეს სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი ტყვია აქვს ფეხში მოხვედრილი.
კომენტარი გააკეთა კაფეს მენეჯერმაც.
"დაახლოებით პირველი საათისთვის ვიჯექით "ანტრეს" გარე კაფეში. უცებ იყო გასროლის ხმა, ისროლეს 3-4-ჯერ. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ ჩვენი მომხმარებელი მამაკაცი იყო დაჭრილი. არ შეგვიმჩნევია არავინ, ვერ დავაფიქსირეთ, ვინ ესროლა. შემდეგ გამოვუძახეთ სასწრაფოს...", - აცხადებს მედიასთან საუბრისას.
გარდა ამისა "ანტრეს" მენეჯერი ამბობს, რომ მამუკა ხერხეულიძე აღნიშნულ ადგილას ყოველდღე დადიოდა, და არსებობს ვარაუდი, რომ ეს ცნობილი იყო პირისთვის, რომელმაც მას ესროლა.
პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე "ანტრეში" საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებსაც შემოსაზღვრული ჰქონდათ ის ადგილი, სადაც დღეს მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს.


