დარიალის ხეობაში, მთის მოწყვეტის შედეგად გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვირაბში რამდენიმე ადამიანია ჩარჩენილი. გარდა ამისა, მთის მასის ქვეშ სამი სატვირთო ავტომანქანაა მოყოლილი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის გამგებელმა, შალვა ელოშვილმა განუცხადა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამი თურქი მუშის დაღუპვის შესახებ.
შალვა ელოშვილის განმარტებით, გვირაბი მაგისტრალური არ არის და მშენებარე ჰესის გვირაბია.
დარიალის ხეობაში მთა დღეს მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
შემთხვევის ადგილისკენ უკვე გავიდნენ "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტები, რომლებიც ახალ ინფორმაციას მოგვაწვდიან.