დარიალის ხეობაში, მდინარე თერგის კალაპოტიდან გადმოსვლის საფრთხე ამ დროისთვის მოხსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა არაბულმა განუცხადა, დაგუბებულმა თერგმა გზა გაჭრა და წყალმა გადინება დაიწყო. შესაბამისად ამ პროცესის ხელოვნურად დაჩქარების საჭიროება ჯერ აღარ არსებობს.
მისივე ინფორმაციით, იმის გამო, რომ მდინარემ კალაპოტი გაჭრა, სხვა შესაბამისი გართულებებიც მოსალოდნელი აღარ არის.
დარიალის ხეობაში მთა დღეს მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობისა და მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია ჰესის მშენებლობაზე მომუშავე სამი თურქი მუშა. ასევე მთის მასის ქვეშ მოყოლილია სამი სატვირთო ავტომანქანაც.