4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი

4 დღესასწაული - წიგნის ფესტივალი

არსებობს ერთი დიდი დღესასწაული, რომელიც არც კალენდარშია აღნიშნული წითლად, არც რომელიმე მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება, ის თითქოს შეუმჩნევლად მოდის ყოველ წელს და დაახლოებით ერთსა და იმავე დროს აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ არც რელიგიური დღესასწაულია და არც - სამოქალაქო, მას შეუძლია ადამიანთა თავმოყრა ერთ, იმ დღეებში ყველაზე საინტერესო და სახალისო ადგილზე... დიახ, ეს წიგნის ფესტივალია - ზეიმი, რომელსაც ელოდებიან, რომლისთვისაც ემზადებიან.

წიგნის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გაუჩინოს წიგნის წაკითხვის სურვილი. ერთი რამ ცხადია: ყოველ წელს, წიგნის ფესტივალის დღეებში, ''ექსპო ჯორჯიას'' უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს. ისინი უწყვეტ ნაკადად მოდიან, ისე, როგორც გასულ საუკუნეში რომელიმე დემონსტრაციაზე, ოღონდ ამჯერად ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილით და ურყევი მიზნით: შეუნარჩუნონ წიგნის კითხვის კულტურა თანამოქალაქეებს, ოჯახებს, მომავალ თაობას, საკუთარ თავს.

წიგნის ფესტივალი საინტერესოა ბავშვებისა და მოზარდებისთვისაც, ახალგაზრდებისთვისაც და მოხუცებისთვისაც, რადგან წიგნი ყველას ერთნაირად ეკუთვნის, ყველაზე ერთნაირად ახდენს ზემოქმედებას. ''წიგნებთან ურთიერთობა სიყმაწვილეს კვებავს, სიბერეს ამხიარულებს, ბედნიერებას ამშვენებს, უბედურებაში თავშესაფარსა და დამშვიდებას გვთავაზობს'', - უთქვამს ციცერონს. მართლაც ასეა, ამიტომაც წიგნის ფესტივალზე მოდიან შეძლებულები და ხელმო-კლეები, ცხოვრებისგან გალაღებულები და ტრაგედიაგამოვლილები.

მათ არ შეუძლიათ, უარი თქვან ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობაზე - ერთდროულად, ერთ სივრცეში დაათვალიერონ ყველა ქართული გამომცემლობის ნაშრომ-ნაღვაწი და რაც მთავარია, შეღავათიან ფასად შეიძინონ წიგნები.

ძალიან საინტერესოა ის ღონისძიებებიც, წიგნის ფესტივალის დღეებში რომ იმართება: ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კონკურსები...

არასდროს დამავიწყდება მშვენიერი ქალბატონი, 81 წლის პედაგოგი ნანული გიორგობიანი, რომელიც შარშან წიგნის ფესტივალზე გავიცანი. შვილთაშვილები ჰყავდა მოყვანილი - ძალიან მინდა, დაათვალიერონ და აარჩიონ წიგნები, მთელი წელი პენსიიდან დანაზოგს ვაკეთებდი, რომ ამ დღეს აქ მოვსულიყავი და მათთვის დღესასწაული მომეწყოო, - მითხრა. - თანაც, აქ შეი-ძლება მწერლებს პირისპირ შეხვდე... მინდა, ეს ბედნიერება ჩემმა შვილთაშვილებმაც გამოსცადონ და ისევე დაამახსოვრდეთ, როგორც მე მახსოვს, შალვა დადიანს რომ შევხვდი ერთხელ ''საბლიტგამთან''. ერთხელ ვაჟაობაზე გალაკტიონი ვნახე, დაველაპარაკე კიდეც. იმ მოგონებებით დღემდე ვცხოვრობ და წარმომიდგენია, ახალგაზრდები რა ბედნიერები იქნებიან, როცა გააცნობიერებენ, რა მნიშვნელოვანია მწერალთან შეხვედრა!

იხილეთ გაგრძელება

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს