გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა

გარდაცვლილი პოლიციელის ახლობლები - რამაზ დევაძე სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა

ბათუმში გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, რამაზ დევაძის ახლობლები აცხადებენ, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო და არაფერი აწუხებდა.

როგორც გარდაცვლილის სიდედრმა ნარგიზ ბერიძემ განაცხადა, მისი სიძე 28 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები არასდროს ჰქონია. მისივე თქმით, გარდაცვლილს მეუღლე და 10 თვის შვილი დარჩა.

ოჯახის ახლობლის იოსებ ლორიას თქმით, რამაზ დევაძე გუშინ მორიგეობდა მახინჯაური-გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. დაახლოებით 18:00 საათზე გახდა შეუძლოდ, მივიდა აფთიაქში და წნევა გაიზომა, აფთიაქის თანამშრომლების შეთავაზებაზე, რომ სასწრაფოს გამოიძახებდნენ, უარი განაცხადა.

"მუშაობდა საპატრულო პოლიციაში. მორიგე იყო მახინჯაური გვირაბის ტერიტორიულ მონაკვეთზე. საღამოს შეიქნა ცუდად, მივიდა აფთიაქში და გაისინჯა წნევა. აფთიაქის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ წნევა ჰქონდა დაბალი და სასწრაფოს გამოუძახებდნენ. მან უთხრა, რომ დაკავებული იყო და სასწრაფოს ვერ დაელოდებოდა. გუშინ ძალიან ბევრი სტუმარი იმყოფებოდა აჭარაში, ეს ბიჭი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას და დაიღუპა გულის შეტევით", - აღნიშნა იოსებ ლორიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში პოლიციელის, გვარად დევაძის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დევაძე პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და პატრულირებდა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, გუშინ გარდაცვლილ პოლიციელს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

"ინტერპრესნიუსი"