რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით და როგორ ამზადებენ მას საქართველოში

რა არის ჯადო ეკლესიური სწავლებით? აქვს თუ არა ძალა, გრძნეულის ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად გაკეთებულ ჯადოს? და საერთოდ, რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ამ საკითხთან დაკავშირებით? გვესაუბრება დეკანოზი ალექსი ადამაშვილი.

- ადამიანს უპირველესად, უნდა სწამდეს ღმერთის და დღენიადაგ ზრუნავდეს იმაზე, რომ იცხოვროს ღმერთთან სიახლოვეში. მაგრამ ამავდროულად, ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ არსებობს ბოროტი ძალა. სწორედ ბოროტი ძალის - ეშმაკის ერთ-ერთი ხრიკია ჯადო ანუ ეშმაკისგან მიყენებული ვნება. ჯადო, ეს არის სულის მიყიდვა ეშმაკისათვის. როდესაც ადამიანი აკეთებს ჯადოს, ფაქტობრივად ეშმაკის მიმდევარი ხდება, ე.ი. ბოროტ ძალას ემსახურება და სწორედ ეშმაკის წყალობით სურს, რომ მიაღწიოს დასახულ მიზანს.

- ჯადო მხოლოდ ადამიანის სულზე ახდენს გავლენას თუ ხორცზეც?

- ჯადო ზემოქმედებას ახდენს, როგორც ადამიანის სულზე, ასევე მის ხორცზეც, რამეთუ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ადამიანი არ არის არც მხოლოდ სულიერი და არც მხოლოდ ხორციელი არსება.

- ჯადოს მკეთებლები, მიზნის მისაღწევად, სხვადასხვა მასალას იყენებენ - დათვის და მგლის ქონს, ვირის ტვინს. აქვს თუ არა მეტ-ნაკლები ძალა სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ ჯადოს?

- არა აქვს მნიშვნელობა, რა მასალისგან არის დამზადებული ჯადო - მას ერთნაირი ზემოქმედება აქვს. როგორც აღვნიშნეთ, ჯადო ეს არის ეშმაკის ხრიკი და ზემოქმედება ამა თუ იმ მასალაზე, რომლის მიზანია, რომ დათრგუნოს ადამიანი და ააცდინოს ღვთიურ გზას.

- ზოგიერთი ადამიანი ჯადოს დამოუკიდებლად, გრძნეულის ჩარევის გარეშე აკეთებს; საამისოდ იყენებენ კვერცხს, თმის ბეწვს, იციან მიწაში სურათის ჩაფვლა და სხვა. აქვს თუ არა ძალა "არაპროფესიონალურ" დონეზე გაკეთებულ ჯადოს?

- როგორც აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანს ჯადოს გაკეთების სურვილი უჩნდება, გამოდის, რომ ეშმაკს მიჰყიდა სული და მას სთხოვს შეწევნას, ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გააკეთებს ჯადოს - პროფესიონალი იქნება თუ არაპროფესიონალი, თეთრი მაგიის წარმომადგენელი თუ შავის. ყველა ჯადოს მკეთებელის მიერ გაკეთებულ ჯადოს შეუძლია მოუტანოს ვნება ადამიანს.

- მართლმადიდებელი ეკლესია, ჯადოს მოხსნის მიზნით, ნათელმხილველთან, მკითხავთან თუ სხვა ჯურის მისანთან მოსვლას კრძალავს. თუმცა, დღეს მაინც ბედავს ადამიანი მიმართვას ნათელმხილველებს თუ სხვა სახის გრძნეულებს ჯადოს მოხსნის მიზნით. მათი საშუალებით ცდილობენ ჯადოს მოქმედების შეჩერებას. იუარესებს თუ არა მდგომარეობას ადამიანი ასეთ შემთხვევაში?

- ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არსებობს კეთილი ჯადოქარი. ამიტომ როდესაც ადამიანი, ჯადოს მოხსნის მიზნით, მიმართავს გრძნეულს, ეს იმას ნიშნავს, რომ დახმარებას სთხოვს ეშმაკს. ბუნებრივია, ამით მდგომარეობასაც იუარესებს, რადგან ამ გზით ნამდვილი ბედნიერების მიღწევა შეუძლებელია.

- ეკლესიას ჯადოქრობა კაცისკვლის ცოდვასთან აქვს გატოლებული და გამოდის, რომ ჯადოს მკეთებლები სჩადიან მომაკვდინებელ ცოდვას, რა ელოდება მათ სულს ამა სოფლიდან გასვლის შემდეგ?

- ჯადოს მკეთებლებს ანუ ეშმაკის მსხაურებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჰგონიათ, რომ ყოვლისშემძლეები არიან და ავიწყდებათ მთავარი - ღმერთის არსებობა. ხოლო როდესაც მისი ნების წინააღმდეგ მოქმედებენ, მოუნანიებლობის შემთხვევაში, მათ სულებს სიკვდილი ან საუკუნო სატანჯველი - ჯოჯოხეთი ელოდება. არსებობს საეკლესიო დადგენილება - "მცნება მღვდელთათვის", რომელიც 1768 წელსაა შედგენილი და ხელს აწერს მეფე ერეკლე და მეფის ძე - ანტონ კათოლიკოსი. ამ განჩინების ბოლოში წერია: "ჩვენ კიდევ დავამატებთ ამას ზედა, თუ ვინმე ამისთანა საქმისა მქმნელნი გამოჩნდეს. ან მომწამვლელნი, ან კაცის შემკვრელნი, ან სიყვარულის, ან სიმძულვარის წამლის მიმცემელნი, ან ჯადოობის და მკითხაობის მოქმედნი, ან ღმერთის დიდად განმარისხებელისა და მიუტევებელის, ფინთისა და მყრალისა და ცეცხლით საუკუნო მწველისა, მამათმავლობის მქმნელი, მამალნი ანუ დედალნი, ესენი უნდა ძალიან და საანდაზოს ჯაჯაებით დაიხოცნენ". - რაც იმას გულისხმობს რომ იმ დროს, ასეთი საქმის მქმნელნი, არა მარტო ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგომის დროს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც საჯაროდ, წვალებით ისჯებოდნენ.

- ჯადოს მკეთებელთა უმრავლესობა, ხშირად იმით იზიდავს ადამიანებს, რომ სახლში აქვს ხატები, წარმოთქვამს შელოცვებს, ღებულობს მხოლოდ მონათლულთ და სხვა ქრისტიანულ რიტუალსაც აღასრულებს...

- ადამიანი ყოველთვის უნდა იყოს ფრთხილად და უპირველესად გაითვალისწინოს, რომ ბოროტი პირდაპირ არ გაგვიკეთებს ბოროტებას. იმ ნათელმხილველებს და მკითხავებს, რომლებსაც შინ გამოფენილი აქვთ ხატები, სანთელს ანთებენ და ლოცულობენ, ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ მათთან მისულთ თავი ეკლესიურ ადამიანებად მოაჩვენონ. მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებით, უფალიც კი გვაფრთხილებს: "მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და მრავალს აცდუნებენ, კიდევ იქნებიან გარედან კრავითა ტყავითა მოსილნი და შინაგან მგელ მტაცებელნი". უფალი, ქრისტიანობის სახელს ამოფარებულ, ბოროტის მოქმედთ, იმიტომ ადარებს მტაცებელ მგელს რომ ამ ადამიანებს სურთ, ადამიანი ღმერთის გზიდან გადაიყვანონ და როგორც მგელმა, ისე მიიტაცონ მისი სული.

შორენა მერკვილაძე

ჟურნალი "გზა"

"აცრა უპირველეს ყოვლისა, თავისუფლებას ნიშნავს" - რას ყვებიან ვაქცინირებული ქართველები

სწრაფი სესხი 5 წუთში

თეა გოდოლაძის ცნობით, ვაშლიჯვრის მიმდებარედ წვიმების გამო, მეწყერი დაიძრა და გრუნტის ნაწილი წამოვიდა - რას აცხადებენ საპასუხოდ მერიაში