ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი

ქართველები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სიკვდილი იხილეს - "ყოფილი მიცვალებულების", მეცნიერისა და სასულიერო პირის მონაყოლი

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? - ეს კითხვა უკვე დიდი ხანია, მოსვენებას არ აძლევს კაცობრიობას. მაშინ, როდესაც თეოლოგია სულის მარადისობას ქადაგებს, მეცნიერება ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ჩვენ, მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური ნაწილაკები ვართ... მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვის მიერ განცდილიც ძალიან ჰგავს საიქიოში ხანმოკლე "მოგზაურობასა" და იქიდან მობრუნებას - ისინი, ვინც უკვე იხილა სინათლე გვირაბის ბოლოს.

დასავლეთ საქართველოში მიცვალებულის ხმამაღალი მოთქმით დატირების უძველესი ტრადიცია არსებობს. თურმე ამ ვაი-ვიშით ჭირისუფალი ცდილობს, მიცვალებულის "გაცოცხლებას" და ამის რეალური მაგალითები ნამდვილად მოიპოვება. როგორც ექიმებმა ამიხსნეს, ადამიანის ორგანიზმში სულ ბოლოს, სმენის ცენტრი კვდება, ამიტომ სავსებით შესაძლებელია, სმენის ცენტრის გაღიზიანებით, ადამიანის "რეანიმაცია" მოახდინო. ასე რომ, მითები მიცვალებულთა გაცოცხლების შესახებ, მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა... და მაინც, რა არის კლინიკური სიკვდილი? - ამ კითხვით მივმართე, როგორც სასულიერო, ისე სამეცნიერო პირს. თუმცა, უმჯობესია, ჯერ თავად "ყოფილი მიცვალებულების" მონათხრობი გადმოგცეთ.

ლია, 35 წლის:

- ამ ამბის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელი გავიდა. ფეხმძიმედ ვიყავი და თბილისიდან ზუგდიდამდე მატარებლით ვიმგზავრე. ჩასვლისთანავე ვიგრძენი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. თითქოს მთელი მუცელი სითხით მქონდა სავსე. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემს ახლობლებს უფლება არ მივეცი, საავადმყოფოში გადავეყვანე, ამიტომ იძულებულნი იყვნენ, სახლის პირობებში მოევლოთ ჩემთვის. მუცელი მომეშალა, სისხლისგან ვიცლებოდი... მომენტალურად გავითიშე, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნო იყო, რომ შვება ვიგრძენი. მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი დიდ, გაშლილ, ხასხასა მწვანე მინდორზე; მიწაზე კი არა, ცოტა უფრო ზემოთ - ჰაერში მივაბიჯებდი. დავინახე, როგორ გაიხსნა ცა და ორმა, შუახნის მამაკაცმა ხელი გამომიწოდა. მოულოდნელად საიდანღაც პატარა ბიჭუნა გაჩნდა, მამაკაცებს წყრომით შეხედა და ხელი დამიქნია - არ მოხვიდეო. როდესაც გონს მოვედი, პირველი, რაც თვალში მომხვდა, კედელზე ჩამოკიდებული პატარა გარდაცვლილი ბიჭის სურათი იყო - იმ ბავშვის, რომელმაც მე, საიქიოდან გამომაბრუნა (იმ ოჯახის შვილი იყო, სადაც სტუმრად ვიყავი ჩასული)...

ქალბატონი ნანული, 70 წლის:

- რამდენიმე წლის წინ, მე და ჩემი ოჯახი ავტოკატასტროფაში მოვყევით. ფაქტობრივად, საავადმყოფოში მე კი არა, ჩემი გვამი მიიტანეს, მაგრამ როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ. როგორც ექიმებმა მითხრეს, მე კლინიკური სიკვდილი მქონია, იქ ნანახი ახლაც ნათლად მახსოვს. დიდი შავი ჭიშკარი შევაღე და თვალი თეთრმა ნათებამ მომჭრა. არ მახსოვს, სახლები ან რაიმე შენობები მენახოს, მაგრამ მახსოვს, ოქროს მოაჯირები, დიდი ხეები, დიდი ფოთლებითა და საოცარი ნაყოფით, რომლის მოწყვეტის უფლებასაც არ მაძლევდნენ. მინდორში პაწაწინა ღელე მოედინებოდა, ზედ პატარა, კოხტა ხიდი იყო გადებული. ღელის გაღმა მხრიდან უამრავი ნაცნობი სახე მიმზერდა, ყველა იქით მიხმობდა, ფეხი გადავდგი ხიდისკენ, მაგრამ უცებ, ხიდი მოწყდა და წყლის დინებამ წაიღო...

ექიმი-რეანიმატოლოგი კახა კაკულია:

- კლინიკური სიკვდილი, ეს არის ჩვეულებრივი ბიოლოგიური სიკვდილი, რომელიც ცოტა ხანს გრძელდება; სიტყვა "კლინიკური" მას უკვე "პოსტ ფაქტუმ" ემატება - ანუ მაშინ, როდესაც პაციენტი ამ მდგომარეობიდან გამოდის. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ახასიათებს სიკვდილის ყველა ადრეული ნიშანი, ის არ სუნთქავს, არ ესინჯება პულსი, არ მოქმედებს რეფლექსები და აღენიშნება ასისტოლია (გულის გაჩერება). საწყის ეტაპზე კლინიკური სიკვდილი არაფრით განსხვავდება ბიოლოგიური სიკვდილისგან. აქვე დავაზუსტებ, რომ კომა, შოკი და აგონია არ არის კლინიკური სიკვდილი - მათ შეიძლება, კლინიკურ სიკვდილთან მოსაზღვრე მდგომარეობა ვუწოდოთ.

- გულმა რამდენი ხანი შეიძლება გაძლოს გაჩერებულ მდგომარეობაში?

- ჯანმრთელი, "დაკონსერვებული" გული წლების მანძილზე ინახება, მაგრამ თქვენ ალბათ გაინტერესებთ, თუ რამდენ ხანს ძლებს თავის ტვინი ჰიპოქსიაში (ჟანგბადის ნაკლებობის დროს). ნორმალურ გარემო პირობებში, ნორმალურ ტემპერატურაზე და ა.შ., გაჩერებულმა გულმა, დაუხმარებლად შეიძლება გაძლოს 6-7 წუთი; აქტიური რეანიმაციის პირობებში კი, - 30 წუთის მანძილზე შეიძლება იმყოფებოდეს, მაგრამ მხოლოდ რეანიმაციის პირობებში - როდესაც გულის, როგორც ტუმბოს მუშაობა, მექანიკური ზეწოლის შედეგად გრძელდება. ამასთან დაკავშირებით მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო, როდესაც პაციენტს მწვავე ინფარქტის შედეგად გაუჩერდა გული. "სასწრაფო დახმარების" ექიმებმა დროულად აღმოუჩინეს დახმარება - გულ-ფილტვის მასაჟს უკეთებდნენ. ავადმყოფი კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში 35 წუთი იმყოფებოდა, არ აღენიშნებოდა გულის ტონების მუშაობა, სუნთქვა, არ რეაგირებდა არანაირ გამაღიზიანებელზე. მდგომარეობა უიმედოდ ჩათვალეს და ვინაიდან 35 წუთის განმავლობაში ვერ მოხერხდა გულის ამუშავება, სუნთქვისა და რეფლექსების აღდგენა, რეანიმაციულ ღონისძიებებს თავი დავანებეთ. ჩვენდა გასაოცრად, მოხდა სასწაული: გაჩერებული გულის მიუხედავად, ავადმყოფმა დაიწყო სუნთქვა და ახალი რეანიმაციის შედეგად, აღდგა ჰემოდინამიკა, წნევა, პულსი. იმავე საღამოს, პაციენტმა უკვე მეუღლე იცნო. ეს იყო ნამდვილი საოცრება, რომლის ახსნა ახლაც ძალიან მიჭირს.

- ამბობენ, რომ ექიმები, ამ ადამიანების მიერ ნანახს, ჰალუცინაციებს უწოდებთ.

- კლინიკური სიკვდილის დროს განცდილი ძალიან ჰგავს ნარკოზის ქვეშ მყოფი ადამიანის განცდებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების მიერ ნანახი ძალიან ჰგავს საიქიოდან დაბრუნებას, დანამდვილებით მაინც არაფრის თქმა არ შეიძლება. კლინიკური სიკვდილის დროს, თავის ტვინში სისხლის მიწოდება მკვეთრად მცირდება, ეს კი, თავის ტვინის ჰიპოქსიას იწვევს და ავადმყოფები რაღაც სურათებს ხედავენ. არა მგონია, რომ ეს იმას ნიშნავდეს, თითქოს ისინი სხვა სამყაროში იმყოფებოდნენ. შესაძლოა, რომ ეს ცუდი ზოგადი მდგომარეობის ფონზე, თავის ქერქში წარმოქმნილი ასოციაციური იმპულსებია. თუმცა, მეცნიერება პატივს სცემს იმ მისტიკურ შეხედულებებს, რომელიც სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს გულისხმობს.

- თუ არის შესაძლებელი, რომ ადამიანს მრავალჯერ დაემართოს კლინიკური სიკვდილი?

- წლების წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც მწვავე ინფარქტის ფონზე ქალბატონს 200-ჯერ განუვითარდა კლინიკური სიკვდილი. ასევე გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტი 150-ჯერ იმყოფებოდა ამ მდგომარეობაში, მძიმე ტრავმის ფონზე. უნდა ითქვას, რომ კლინიკურ სიკვდილს ყოველთვის როდი ახლავს ხილვები.

- ერთ დროს, თბილისში ლეგენდად დადიოდა ამბავი, როდესაც მორგში გვამი "გაცოცხლდა"...

- ეს ამბავი წლების წინ, ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ პარმენ კახიძეს შეემთხვა. ბატონი პარმენი საავადმყოფოს პროზექტურაში ჩასულა და შემთხვევით შეუნიშნავს, თუ როგორ ირხეოდა გვამზე გადაფარებული ზეწარი. ბატონმა პარმენმა ეს ადამიანი ამოიყვანა, გაუკეთა ოპერაცია და როგორც ვიცი, მის მიერ გადარჩენილი ადამიანის ოჯახი დღემდე მეგობრობს ექიმის ოჯახთან... მართალია, ასეთი შემთხვევები თბილისში აღარ გვქონია, მაგრამ რამდენიმე კლინიკური სიკვდილის მაგალითს კიდევ გიამბობთ. არაეფექტური ჰემოდინამიკის ფონზე (როდესაც წნევის მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა), განვითარდა კლინიკური სიკვდილი. პაციენტს მხოლოდ მეშვიდე დეფიბრილაციის შედეგად აუმუშავდა გული. მეორე დღეს, გონს მოვიდა და იხსენებდა, თუ როგორ ნახა გარდაცვლილი მამა, რომელმაც "საიქიოდან გამოაგდო"...

ქალბატონს ასთმის ფონზე დაემართა კლინიკური სიკვდილი და მდგომარეობიდან გამოსული იხსენებდა, რომ მწვანე ხასხასა მინდორზე, განცხადებით ხელში რაღაც რიგში იდგა. ქალბატონი ვერ იხსენებდა იმ ადამიანის ვინაობას, ვისთვისაც უნდა წარედგინა განცხადება, მაგრამ იცოდა, რომ მას უდიდეს პატივს სცემდა. როდესაც რიგმა მოუწია, სიაში მისი სახელი არ აღმოჩნდა და გულდაწყვეტილი გამოუშვეს უკან... გვყავდა აგრეთვე მოტოციკლისტი, რომელიც ხიდიდან იყო გადავარდნილი და კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. მისი ხილვები კლასიკურ ვარიანტს მიეკუთვნებოდა: მან ნახა, რომ მიქროდა გვირაბში, რომლის ბოლოს, სინათლე მოჩანდა. მოგვიანებით, ყველაფერი განათდა და დაფდაფების ხმაურმა გააყრუა არემარე... მატერიალისტები ამას საკუთარ ახსნას აძლევენ: ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მდგრადი, თავის ტვინში, მხედველობის ცენტრი და შედმგომ, სმენის ცენტრია; ქერქი შიმშილის ფონზე განიცდის კვდომას და ამ დროს ყალიბდება ე.წ. მილისებური მხედველობა; მხედველობის პერიფერიული ველი ქრება და ეს თვალის არეში კი არა, არამედ მხედველობის ცენტრში ხდება. სწორედ ამით ხსნიან მატერიალისტები ნანახ ბნელ გვირაბს და სინათლეს გვირაბის ბოლოს.

მამა გელასი, წმინდა ნინოსა და წმინდანთა - მირიანისა და ნანას ეკლესიის მღვდელი:

- კლინიკური სიკვდილის დროს ნანახი, უნდა მივიჩნიოთ კიდევ ერთ დამადასტურებელ საბუთად იმისა, რომ არსებობს სული. სულზე ზრუნვას, მის ცხონებასა და გადარჩენას ემსახურება ეკლესია. ეკლესიას და მორწმუნე, რელიგიურ ადამიანს, კლინიკური სიკვდილის მაგალითები რწმენის გასაღრმავებლად არ სჭირდება - ე.ი. სასწაული ხდება ურწმუნოთათვის. არსებობს მაგალითები იმისა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კლინიკური სიკვდილი და გამოჯანმრთელდნენ, ღმერთი იწამეს და ეკლესიურნი გახდნენ.

- რამდენად გამართლებულად მიაჩნია ეკლესიას, კლინიკური სიკვდილის დროს ნანახი ხილვების შესახებ თხრობა?

- თუ ეს ნაამბობი სხვა ადამიანს დაეხმარება იმაში, რომ იწამოს ღმერთი, ეს გამართლებულია. მაგრამ ამის თხრობა არ უნდა ხდებოდეს საკუთარი შესაძლებლობების აფიშირებისა და რეკლამირებისთვის. შენი მონათხრობით ადამიანს უნდა დაანახვო, რომ საჭიროა აიხედოს ზეცაში... ყოველმა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ხორცი არის წარმავალი, ხოლო სული - უკვდავი, მაგრამ ჩვენი ცხოვრებით, წარმავალ ხორცს ვემსახურებით და უკვდავ სულს ვაკნინებთ. თუ ამგვარი ამბის თხრობით, ერთი ადამიანი მაინც მიხვდება, რომ თავისი სული უნდა ზეაამაღლოს და ზეცაში აიხედავს, მაშინ ეს დასაშვებად მიგვაჩნია.

ემა გელოვანი

ჟურნალი "გზა"

#28 10.07.2003

"ამ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება პოლიციაში არ შემოსულა" - შსს-ს განცხადება 11 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე

"გიორგი აშველებდა მოჩხუბრებს... გაოგნებული იყო, რომ ასეთი რაღაც 21-ე საუკუნეში ხდება" - რას იხსენებს იაკობ ბრეგვაძე საბედისწერო წვეულებიდან

"დეა კაპანაძე რაღაცას მალავს, დედამისმა მითხრა შენთან შესახვედრად უნდა მოვამზადოო" - რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა