ბოლო განახლება: ავარიის დროს დაშავებული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე შეჯახების შედეგად მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური სააგენტო topnews.com.ge ავრცელებს.
მიკროავტობუსში ექსკურსიაზე მყოფი ბავშვები ისხდნენ. თვითმხილველების თქმით, ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან ბავშვები მათ გამოიყვანეს. ამის შემდეგ კი, საგანგებო სამსახური გამოიძახეს.
ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ექსკურსიის ბავშვების ნაწილი რეანიმაციაში, ნაწილი კი, პალატებში ჰყავთ მოთავსებული. ექიმის თქმით, ბავშვების უმეტესობის მდგომარეობა სტაბილურია, ნაწილს კი, მძიმე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
ამ დროისთვის, ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით, ავტოავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიკროავტობუსი მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომანქანა დაიწვა.
აღნიშნული ავარიის ფაქტი შსს-ში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი აალდა. მიკროავტუბუსში, სადაც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ, 10 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ დაზიანებები შეჯახების შედეგად მიიღეს და არა აალებისგან. კიდევ ერთი მგზავრი დაშავდა მსუბუქ ავტომობილში. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.