საკლასო ოთახი კომპანია "სარაჯიშვილის" ხელშეწყობით და დაფინანსებით მოეწყო. იმ გაკვეთილებზე დასწრება, რომელიც კლასში ჩატარდება, ყველა ასაკის მოსწავლეს შეეძლება. თანამედროვედ მოწყობილ კლასში ღია გაკვეთილები სისტემატურად გაიმართება.
სარაჯიშვილის სახელობის საკლასო ოთახის კარი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან ნუგზარ მოლაშვილთან ერთად დღეს სიმბოლურად კომპანია "სარაჯიშვილის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ნატროშვილმა გააღო.
საკლასო ოთახი თანამედროვე ტექნოლოგიით აღიჭურვა, კედლებზე კი თავად დავით სარაჯიშვილისა და მისი მოღვაწეობის ამსახველი სურათები ჩამოიკიდა.
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ მოლაშვილი აცხადებს, ასეთი დიდი საზოგადოებრივი მოღვაწე ქართველებს ერთეულები გვყავს და მისი სახელის უკვდავსაყოფად აუცილებელია ახალგაზრდა თაობამ მის შესახებ ყველაფერი იცოდეს.
მისი თქმით, სკოლისთვისაც, დიღმისთვისაც და რაც მთავარია მოსწავლეებისთვის დავით სარაჯიშვილის ყოველდღიური წარმოჩენა ერთის მხრივ სასიამოვნო, მეორეს მხრივ კი სასარგებლოა.
"20 ივნისს მისი გარდაცვალების თარიღია და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სწავლას ვამთავრებდით, გადავწყვიტეთ, რომ ეს ოთახი ახლა გაგვეხსნა. დიდი მადლობა "სარაჯიშვილის" კომპანიას მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის. სარაჯიშვილის სახელობის კლასის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა საკმაოდ დიდი თანხა დაჯდა, დაახლოებით ათი ათას ლარამდე", - აღნიშნავს ნუგზარ მოლაშვილი.
დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მისი სურვილია, რომ "სარაჯიშვილის" კომპანიასთან სამომავლოდ ოფიციალურად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდეს.
"გვსურს, კომპანიასთან ერთად ისეთი საქმეები გავაკეთოთ, რომლებსაც დავით სარაჯიშვილი თავის სიცოცხლეში აკეთებდა და სასიხარულოა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობაც ამ გზას ადგას", - ამბობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
სს "სარაჯიშვილის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის გიორგი ნატროშვილის განცხადებით კი, სარაჯიშვილის სახელობის კლასის გახსნის ინიციატივა სკოლის დირექტორისგან წამოვიდა, კომპანია კი ამ წინადადებას დიდი სიამოვნებით დათანხმდა.
"მნიშვნელოვანია დავით სარაჯიშვილის სახელობის საკლასო ოთახის გახსნა იმ ადგილზე მდებარე სკოლაში, სადაც დავით სარაჯიშვილის წინაპრები ცხოვრობდნენ, სადაც დავით სარაჯიშვილს ჰქონდა თავის მამულები. ჩვენი კომპანიის დახმარებით გაიხსნა ეს ოთახი, რაც საშუალებას მისცემს მომავალ თაობას უფრო კარგად გაითავისონ თუ რა დონის მოღვაწე ცხოვრობდა მათ სოფელში, რა მასშტაბების ადამიანი იყო და ელემენტარულად თითოეული ადამიანის მის გზაზე აღიზარდოს. ეს იყო ჩვენი მიზანი", - აღნიშნავს "სარაჯიშვილის" წარმომადგენელი.
სარაჯიშვილის სახელობის კლასის პრეზენტაციას სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად კინორეჟისორი გიორგი შენგელაიაც ესწრებოდა. პრეზენტაციაზე იმყოფებოდა ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებიც.
"ბუნებრივია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როდესაც საზოგადო მოღვაწეს შესაბამისად აფასებს საზოგადოება. სწორედ ამიტომ ჩვენ მივესალმებით კერძო სექტორის იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ტრადიციების პატივისცემას, ეროვნული სულისკვეთების გაღვივებასა და განვითარებას. ამ მხრივ ეს ღონისძიება სწორედ ასეთი წარმატებული იყო და ვფიქრობ, რომ მომავალ თაობებს დღეს გახსნილი კაბინეტი უკეთ სწავლის მოტივაციას გაუღვივებს და განუვითარებს", - აღნიშნა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო კვიტაიშვილმა.
საკლასო ოთახის გახსნამდე 210-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში მოწყობილი კვირეულის ფარგლებში დავით სარაჯიშვილი არაერთხელ გაიხსენეს და მის შესახებ არაერთი ფილმი ნახეს.
R