"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ

"აი, როგორ უნდა გაკეთებულიყო ბაგრატი!" - სოციალურ ქსელებში ტაძრის სანიმუშო რეკონსტრუქციას განიხილავენ

მე-11 საუკუნის ძეგლი, ბაგრატის ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ქუთაისის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა. ქალაქი ტურისტებისთვის, პირველ რიგში, სწორედ ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით იყო მიმზიდველი. თუმცა 2009 წელს განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ საზოგადოების უმრავლესობის აზრით, ტაძარმა სრულიად დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეაბილიტირებული ტაძარი ძველებურად ვეღარ მიიზიდავს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს.

სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ინტერნეტმომხმარებლები ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის ფოტოებს აქვეყნებენ და მსჯელობენ, თუ როგორ უნდა ჩატრებულიყო ტაძრის რეკონსტრუქცია. ზოგიერთ მათგანს უცხოეთის მაგალითები მოჰყავს. ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელი ესპანეთში მდებარე ძველი ისტორიული ტაძრის ფოტოებს აქვეყნებს, რომლის გუმბათიც რეკონსტრუქციის შედეგად მინით დაიფარა და წერს, რომ სწორედ ასე უნდა აღედგინათ ბაგრატის ტაძარიც.

აი, რას წერენ სოციალურ ქსელებში:

- ასეთი გადახურვა იდეალური იქნებოდა ბაგრატისთვის და თან არც ძალიან ძვირი არ დაჯდებოდა (მაქსიმუმ 1 მლნ $).

- ვენეციის კომისიასაც ჰქონდა რეკომენდაციები. გაითვალისწინეს ქოცებმა?

- მართლა რა უქნეს ბაგრატს ლიფტი რომ გაუკეთებიათ, მაგრამ გააუქმებინეს მერე.

- აი, ლიფტზე არანაკლები პრობლემა არის დანარჩენი რაც გაკეთდა, მაგალითად სვეტები.

- ვაი, ამათ პატრონს უბედურს და იმათსას, ეს ვაჩეიშვილი და რურუა მთლად ქინძები ყოფილან...

- გადახურვამ თითქოს დააპატარავა და ჩაკეტა. სახურავის ფერზე უთქვამთ, რომ სადღაც ერთ წელიწადში "სიძველის ფერს მიიღებს", რაც აბსურდია და გული მტკივა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტს არაფერი ეშველება. რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ჩემთვის ყველაფერია, გარდა ბაგრატის ტაძრისა.

- იყო ამგვარი პროექტი, მინით გადახურვის, მაგრამ ეკლესიამ არაო.

- ნაცებმა არჩევნების კონიუნქტურას შესწირეს ეგ პროექტი.

- ე.ი გამოდის, რომ ის რაც ვერ დაასრულეს ოსმალო/თურქებმა, შეძლო ნაცხროვამ?

თანაც, გამოუსწორებლად.

- კიდევ კარგი გელათზე შესევა ვეღარ მოასწრეს ამ ვანდალებმა.

შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია 2009 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ დაიწყო. პროექტი შენობაზე გუმბათის დადგმას გულისხმობდა. რეკონსტრუქციის პროექტმა საზოგადოების არაერთგვაროვანი და მძაფრი რეაქცია გამოიწვია, თუმცა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაგრატის ტაძარი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, მაინც უნდა აღდგენილიყო და სამუშაოები გაგრძელდებოდა. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიტანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელმაც შენობის ავთენტურობა და მთლიანობა დაარღვია. 2012 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართულ 37-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა.

თუმცა, კომიტეტმა საქართველოს გელათის, როგორც ძეგლის, ბაგრატისგან განცალკევებისთვის და ნუსხაში მისი ცალკე შეტანის დასაბუთების მომზადებისთვის ვადა მისცა.

კომიტეტმა საქართველოს სთხოვა, 2014 წლის 1-ლ თებერვლამდე ძეგლის (ბაგრატი-გელათის) ახალი საზღვრების და გელათის, როგორც დამოუკიდებელი ძეგლის, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასაბუთება წარმოედგინა.

ისტორიული ცნობებით, XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი წერს, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე და გააფთრებული ბრძოლის დროს მასთან ერთად ააფეთქეს ბაგრატის ტაძარი. მათვე მიიტაცეს მისი სიმდიდრეც. 1740 წლიდან ოსმალებმა, რაც ტაძრისგან გადარჩა, იარაღის საწყობად აქციეს.

1770 წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა, რუსული სამხედრო კორპუსის დახმარებით, იმერეთის ციხეები (მათ შორის ქუთაისის ციხე) თურქული გარნიზონებისგან გაათავისუფლა. სწორედ ამ დროს უნდა იყოს ჩამონგრეული ბაგრატის ტაძრის ზედა ნაწილები, რადგან იოანე ხუცესის (კათოლიკე მოღვაწე იოანე ხოჯაშვილი) თანახმად: "ქუთათისის ციხეს რუსებმა ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან… რუსები ზარბაზანს და ყუმბარას ესროდნენ ციხეს დღეში ასზე მეტსა…"

1833 წელს ჩამოინგრა ბაგრატის დასავლეთის კარიბჭე, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ტაძრის ქვების გამოყენება სკოლის და საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

ბაგრატის ტაძრის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი და რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე.

1995 წლის 25 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ბაგრატი ქუთაისის სიონის ტაძრად, სადაც დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება.

ამჟამად კი, რესტავრირებულ ბაგრატის ტაძარს თავზე ადგას 300 კილოგრამის, 2 მეტრისა და 14 სმ-ის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ-რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის შექმნილი. როგორც ამბობენ, ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან ჩანს.

ხელოვნებათმცოდნეებსა და რესტავრატორებს ლიფტი ბაგრატის ტაძრის მთავარ პრობლემად არ მიაჩნიათ. მთავარი პრობლემა, მათი აზრით, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევაა. ლიფტის კონსტრუქციას, როგორც ძირითად პრობლემას იუნესკოს წინასწარ დასკვნაშიც არ ეთმობოდა დიდი ადგილი. იუნესკო ქვათა ორიგინალური თანწყობის დარღვევაზე, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებსა და ტაძრისთვის გუმბათის დადგმაზე ამახვილებდა ყურადღებას და ყოველივე ამის გამო, ბაგრატის ტაძრის ავთენტურობის დარღვევას შეუქცევად პროცესად აფასებდა. სპეციალისტთა ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტაძრის გამაგრება და მასზე გუმბათის დადგმა ამგვარი კონსტრუქციების გარეშე შეუძლებელი იყო.

ფოტოების წყარო: ekofact.com და "თბილისის ფორუმი"

იხილეთ ფოტოგალერეა

რა წესების დაცვა მოგიწევთ 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით მგზავრობისას - "თბილისის მიკროავტობუსი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რომელ რეგიონში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება

"სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები" - "სირცხვილია" "კომენდანტის საათის" დროს დაუმორჩილებლობის მარშს გეგმავს