რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?

რა უნდა იცოდნენ ჯომარდობაში მონაწილეობის მსურველებმა?

ექსტრემალური სპორტი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით პოპულარული კი ბოლო დროს ჯომარდობაა. მთის მდინარეებზე დაშვების სურვილს არამარტო ქართველი ექსტრემალები, არამედ უცხოელებიც გამოთქვამენ. ჯომარდობა საქართველოში უკვე ათი წელია რაც შემოვიდა. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას რომ ქართულ რეალობაში შედარებით ახალია, შესაბამისად ცოტამ თუ იცის, რა არის აუცილებელი იმისათვის რომ ჯომარდობისთვის მოემზადოს და მონაწილეობა მიიღოს.

როგორც ჯომარდობის ინსტრუქტორი ლევან გოგლიძე ამბობს, პირველ რიგში მთავარი წყლის შიშის დაძლევაა. ამასთან, ცურვის ცოდნა აუცილებელი არ არის. ლევან გოგლიძის თქმით პირველი ჯომარდობისთვის განსაკუთრებული მომზადება არ არის საჭირო. ყოველი ჯომარდობის წინ მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ. ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური საჯომარდო ფეხსაცმლის ტარებაც.

"ხშირად, პირველად ვინც მოდის, თუ ცურვა არ იცის, წყლის ეშინია. ჩვენ ვუხსნით, რომ დაცულები არიან ყველანაირად შესაბამისი აღჭურვილობით. გარდა ამისა, სპეციალურ ინსტრუქტაჟს უტარებს ინსტრუქტორი. თუმცა, როგორც კი ნავში სხდებიან, უკვე თამამდებიან. შიშის მომენტი ერთ წუთში გადის. მთავარია ადამიანმა თავის თავში დაძლიოს შიშის მომენტი. განსაკუთრებული მომზადება საჭირო არ არის, ასევე არ არის აუცილებელი ცურვის ცოდნა. ეს ხომ ზღვა არ არის, ან ტბა. მთის მდინარე ძალას ძალიან მალე აცლის ადამიანს. ამიტომ ინსტრუქტორი ყოველთვის უხსნის მონაწილეს, რა უნდა გააკეთოს ნავიდან გადმოვარდნის შემთხვევაში - ცურვა არ უნდა დაიწყოს, ზურგზე უნდა დაწვეს და დინებას უნდა გაყვეს, ამ მომენტში მას აუცილებლად დაეხმარებიან, გვაქვს სამაშველო თოკები, რომელსაც გადავუგდებთ, ჩაეჭიდება და თავისუფლად ამოიყვანენ", - ამბობს გოგლიძე.

მისივე თქმით, პირველი ჯომარდობის შემდეგ მონაწილეები ყველაზე მეტად ხელის კუნთების ტკივილს უჩივიან- "წყალი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტიქიაა და სწორედ წყალთან ჭიდილი ხდება, ამიტომ სტკივათ კუნთები, თუ მანამდე ხელის კუნთებს გავავარჯიშებთ, ტკივილიც არ იქნება".

როგორც გოგლიძე ამბობს, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჯომარდობით და მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.

"ჯომარდობა პოპულარული დიდ კომპანიებშიც გახდა, თითქმის ყოველ კვირას კორპორატიული ტურნინრები იმართება. მაგალითად, კომპანია "ნიკორამ" ჯომარდობაში "ნიკორა სუპერმარკეტების" თასი დააწესა და მათი ორგანიზებით შეჯიბრი ფშავის არაგვზე 28 ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღებას 10-მდე კომპანია აპირებს. "ნიკორა სუპერმარკეტების" თასი წელს პირველად გათამაშდება და ამ ტრადიაციას ჩაეყრება საფუძველი. ჩვენ ამას მივესალმებით. ჯომარდობა ძალიან ჯანსაღი და ლამაზი სპორტია, არ არსებობს ადამიანი რომელიც ჩვენთან მოვა და ცუდი მოგონენებები დარჩეს, ერთხელ ვინც მოვა, მას მერე თავის მეგობრები მოჰყავს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ერთვება ჯომარდობაში. ეს არის როგორც სპორტი, ასევე გართობა. ჯომარდობისას ძალიან დადებითი აურით იმუხტება ყველა", - ამბობს გოგლიძე.

კომპანია "ნიკორაში" ამბობენ, რომ ჯომარდობაში "ნიკორას სუპერმარკეტების" თასის გათამაშებას ტრადიციული და სისტემატიური სახე მიეცემა და ყოველწლიურად ჩატარდება. "ნიკორას სუპერმარკეტების" ქსელის ფინანსური დირექტორი დავით ურუშაძე, რომელიც პირადად აპირებს ტურნირში მონაწილეობას, მიიჩნევს, რომ ჯომარდობისას აუცილებელია მონაწილე გუნდი შეკრული და ერთსულოვანი იყოს.

"ადრეც მიმიღია მონაწილეობა მეგობრებთან ერთად ჯომარდობაში, თუმცა მაშინ ამ ყველაფერს ტურნირის სახე არ ჰქონია. "ნიკორას სუპერმარკეტების" თასი ჩემთვის პირველი მასშტაბული ტურნირია. ძალიან ექსტრემალური სპორტია და დარწმუნებული ვარ თითეული მონაწილე კმაყოფილი დაბრუნდება უკან.

ჯომარდობა პირველ რიგში გუნდური სპორტია... ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი იყოს შეკრული და მაქსიმალურად ემორჩილებოდეს ინსტრუქტორს. მართალი გითხრათ, "ნიკორას სუპერმარკეტების" გუნდი ახლახან შედგა, ადრე ერთად ტურნირში არ მიგვიღია მონაწილეობა და იმედია, შევძლებთ სპორტშიც ისეთივე ერთსულოვნები ვიყოთ და ერთად მივაღწიოთ წარმატებას, როგორც ამას მუშაობისას ვაკეთებთ. მოკლედ, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები - თანაც, როგორც უკვე აღინიშნა, ტურნირში "ნიკორას სუპერმარკეტების" ქსელის კონკურენტები იღებენ მონაწილეობას, რაც ისედაც აზარტულ სპორტს კიდევ უფრო მეტად აზარტს სძენს. იმედია, ამ სფეროშიც შევძლებთ დავიმკვიდროთ ლიდერის პოზიცია და თასი და ფულადი ჯილდო ჩვენთან დარჩება", - ამბობს დავით ურუშაძე.

ჯომარდობა ანუ რაფტინგი აქტიური დასვენების სახეა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი, დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული მსოფლიოში 1970-იანი წლებიდან გახდა.

ნათია ლეშკაშელი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი