როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად

 როგორ "მოინათლა" შეყვარებულის გამაუპატიურებლის მკვლელი ტატო ტარასად

სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ე.წ. დაუმორჩილებელ კასტად არასრულწლოვანი პატიმრები ითვლებიან. არასრულწლოვანთა ზონაზე დღე არ გავა, რომელიმე უცხოელი დამკვირვებელი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ გამოჩნდეს, ამიტომ "მალალეტკების" ცემას ადმინისტრაცია რეჟიმის დროსაც კი ერიდებოდა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათ არავინ ეხებოდა...

ტატოს და მარის ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ. ტატო "იმუქრებოდა", სკოლას რომ დავამთავრებ, მაშინვე ცოლად მოგიყვანო და მისი თანაკლასელი მარიც ამას სიცილით ხვდებოდა. ერთ დღეს მარიმ შეყვარებულს უთხრა, მეგობრის დაბადების დღეზე ვიქნები საღამოს, მერე გამომიარე და შინ გამაცილეო. იმ საღამოს ტატოს დისშვილმა ხელი მოიტეხა და შეყვარებულთან წასვლის ნაცვლად, ბიჭი დას საავადმყოფოში გაჰყვა. ღამე მარის დაურეკა, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს გოგონა სკოლაში არ მოვიდა და ტატომაც გაკვეთილების შემდეგ შინ მიაკითხა. კარი ქალბატონმა ნანამ გაუღო და ტატოს უთხრა, რაც გუშინ დაბადების დღიდან მოვიდა, ოთახიდან არ გამოსულა, ტირისო.

ბიჭმა ოთახის კარი შეაღო და ლოგინზე დამხობილი და მტირალი მარი დაინახა. მივიდა, ბოდიში მოუხადა და უთხრა, აღარასოდეს დაგტოვებ მარტო, უბრალოდ ასე მოხდაო, თუმცა გოგონამ ტირილს უმატა და უამბო: "შენ რომ არ მოხვედი, ვიღაც კაცმა მითხრა, სახლამდე მე წაგიყვანო. დიდი კაცი იყო, 30 წელზე მეტის. იმ ოჯახის ნათესავი. ჩამისვა მანქანაში და გზაზე გამაუპატიურა. გესმის ტატო, გამაუპატიურა, მერე სახლთან ჩამომსვა და ასე მითხრა, თუ სადმე იტყვი, მოგკლავ, პოლიციელი ვარო"...

ტატოს აღარაფერი ესმოდა, შეყვარებულის სახლიდან გიჟივით გავარდა, დაახლოებით ნახევარ საათში იცოდა, ვინც იყო ის პოლიციელი, კიდევ ნახევარ საათში გარდაცვლილი მამის კუთვნილი სანადირო თოფი გადაჭრა, "აბრეზი" ქამარში ჩაიდო და მოძალადის სახლთან გაჩერდა. პოლიციელი შინიდან გამოვიდა, "ჯიპი" დაქოქა და ტატო უკან სავარძელში ჩაუჯდა. გაკვირვებულმა კაცმა მოხედა, მაგრამ პატარა ბიჭი რომ დაინახა, დამშვიდდა.

- მარი შენ გააუპატიურე? - რაც შეიძლება მშვიდი ხმით ჰკითხა.

- კი არ გავაუპატიურე, ძლივს მოვიცილე, მთელი გზა მკოცნიდა და აბა, რა უნდა მექნა?! - ღიმილით დაუდასტურა კაცმა. ეს მისი ბოლო სიტყვები იყო - ტატომ "აბრეზი" ამოიღო, კეფაზე მიადო და სასხლეტს გამოჰკრა... შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა, არეული ნაბიჯით გაეცალა იქაურობას, თუმცა ზუსტად ორ წუთში თავში გაუელვა – ეგებ არ მოკვდა?... და უკან დაბრუნდა, ავტომობილთან შეკრებილი ხალხის ნაკადი მისწი-მოსწია, უკვე მიცვალებულს "აბრეზი" მეორედ დაადო თავზე და ისევ გაისროლა. სანამ ხალხი გონს მოეგო, ტატო იქაურობას სირბილით გაეცალა...

საღამოს სამართალდამცავებმა ტატო მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ყველა შოკში იყო, თავად ეჭვმიტანილი კი ამბობდა, სასამართლო სიმართლეს რომ გაიგებს, არ დამიჭერს და გამიშვებენო. სასამართლოზე მთავარი მოწმე მარი იყო. გოგონა თავდახრილი მივიდა, სხდომა დახურეს და...

"მე ტატოს ვუთხარი, რომ იმ ბიჭს ძალა არ უხმარია. მე ტატო აღარ მიყვარდა. იმის გვერდში ყოფნა მერჩვინა და ამიტომ, დავნებდი. მე არავის გაუუპატიურებივარ და უბრალოდ ტატომ ის ვერ აიტანა, რომ სხვისი გულისთვის ხელი ვკარი", - განაცხადა მარიმ.

ეს ჩვენება ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. გოგონამ ჩვენება აღარ შეცვალა, ტატოს მეგობრებმა კი შეატყობინეს, რომ გარდაცვლილის მამამ მარის ოჯახს უზარმაზარი ფული გადაუხადა და ოჯახი უბნიდან უკვე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. სასამართლომ ტატოს არასრულწლოვანთავის განკუთვნილი მაქსიმუმი - 9 წელი მიუსაჯა და "მატროსოვზე" გაისტუმრა.

იქ მისულს ახალი გამოცდა ელოდა. გარდაცვლილის მამამ ოფიცრებს უთხრა, "სროკი" ჯოჯოხეთად უქციეთ და რაც გინდათ, მთხოვეთო. მეორე დღესვე ტატოს საკნის კარი გაიღო და ერთ-ერთი ოფიცერი შევიდა. მან ტატოს შეხედა, რომელიც ყავისთვის მადუღარაში წყალს ათუხთუხებდა. ოფიცერმა ბიჭს დედა შეაგინა, რა კაცი ჩადე მიწაშიო. პატიმარმა ჯერ ოფიცერს შეხედა, მერე მადუღარას და მდუღარე წყალი სახეში შეასხა. მეორე დღეს ტატოს ახალი ბრალი წარუდგინეს და ოფიცერზე თავდასხმის გამო წელიწადი დაუმატეს. ერთ თვეში სამართალდამცავებმა ვიღაც ქალი მიიყვანეს სასამართლოზე, რომელმაც ტატოს ყაჩაღობაში დადოს ბრალი, ამოცნო კიდეც ამ დანაშაულისთვის და შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით, ტატოს კიდევ 5 წელი დაუმატეს. ჯამში მას 15-წლიანი სასჯელი გამოუვიდა, რაც არასრულწლოვანთათვის უპრეცედენტო იყო.

ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, რუსთავის #17 დაწესებულებაში ახალი ეტაპი მოიყვანეს. მაყურებლებმა უკვე იცოდნენ, რომ "მატროსოვიდან" ის "მალალეტკები" მოჰყავდათ, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ. მართლაც "ვარონკიდან" ოთხი ბიჭი ჩამოხტა. სრულწლოვანობის მიუხედავად, ბავშვური სახეები ჰქონდათ. მაყურებლებმა ღიმილით შეხედეს ერთმანეთს, შემდეგ ახალმოსულებთან მივიდნენ, ხელი მეგობრულად ჩამოართვეს და თავის საკანში დაპატიჟეს.

- მე ტარასა ვარ, "მალალეტკების" ზონას ვუყურებდი. კარგი "პალაჟენია" დავტოვე და ახლა აქ, "ვზროსლებში" უქმად ყოფნას არ ვაპირებ. ჩამახედეთ საერთოებში, საქმე მომეცით და მივხედავ, - ერთ-ერთი ახლადმოყვანილი ხმადაბლა, მაგრამ მტკიცედ საუბრობდა.

- რაზე ზიხარ? - ჰკითხა ზონის მაყურებელმა.

- მკვლელობაზე. სამი წლის წინ, ჯიპში ტიპს ორი გასროლით რომ...

- გამახსენდა. ჩემ უბანში მოხდა ეგ ამბავი. შენ ტატო ხარ, ხო? - გაეღიმა მაყურებელს.

- ტატო არა, ტარასა, - უპასუხა ახლადმოსულმა და მიწოდებული "ჩეფირი" ხარბად მოსვა.

ექვსი თვის შემდეგ რუსთავის #17 ზონის მაყურებელი ე.წ. კრიტში წაიყვანეს. ზონის მაყურებელი მეორე დღიდან უკვე ტარასა იყო...

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?