არჩევნების შემდეგ სააკაშვილსაც დაიჭერენ?

არჩევნების შემდეგ სააკაშვილსაც დაიჭერენ?

"მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში დიდი დაჭერები დაიწყება".

"კიდევ არაერთი საქმე ამოტივტივდება, რომლებიც დღეს გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო თაროზეა შემოდებული".

გასული კვირა ხმამაღალი დაკავებებით, ბრალის წაყენებებით და სასამართლო პროცესებით გამოირჩეოდა. "სი თი პარკის" კორუფციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ახალი ბრალი წაუყენეს დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას, მეორე დღეს კი აეროპორტში ფულის გათეთრებისათვის დააკავეს. წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ახალი ბრალი წარედგინა თავდაცვის და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას. რამდენიმე საათი გრძელდებოდა ყოფილი მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას დაკითხვა მოდულის შენობაში. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ეს ყველაფერი არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება. მმართველი კოალიცია როგორც წესი პოლიტიკურ დევნას უარყოფს და წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს. რა ხდება სინამდვილეში და რა იქნება არჩევნების შემდეგ. "ამბები.გე" პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს, ამირან გიგუაშვილს ესაუბრა:

- შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ შეიძლება ხელისუფლებისათვის მწვანე შუქის ანთებად ჩაითვალოს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად. მანვე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორების მესიჯი ნათელია: ისინი შერჩევით სამართალს არ მოითმენენ და თავისთავად აქ ნაციონალური ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები იგულისხმება. ამ ფონზე, როდესაც აეროპორტში, ტელეკამერების თვალწინ ადებენ ხელბორკილებს დედაქალაქის ყოფილ მერს, ხომ არ შეაფერხებს ეს ფაქტი ქვეყნის ევროინტეგრაციის სრულფასოვან პროცესს?

-2012 წლის 01 ოქტომბრის შემდეგ გიგი უგულავა მიზანმიმართულად მიდიოდა ციხის გისოსებისკენ. ეს მისი არჩევანი უფროა, ვიდრე პროკურატურის და თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ვინმემ მოიგო ამ სატელევიზიო დაკავებით, ეს თავად გიგი უგულავაა. მერაბიშვილისა და ახალაისგან განსხვავებით, მას საზოგადოებაში ნაკლები ნეგატივი აქვს, ამიტომაც თუ "ნაციონალური მოძრაობიდან" ვინმეს დარჩა პოლიტიკური პერსპექტივა, ეს გიგი უგულავაა და დაპატიმრებით მისი ეს პერსპექტივა კიდევ უფრო გაიზარდა, ვიდრე შემცირდა. რაც შეეხება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას. ვფიქრობ მას ახალი არაფერი უთქვამს. მან თქვა, რომ თუ ცივილიზებულ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, შერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს. რა არის ამაში უჩვეულო? იგივეს გვეუბნება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. მეტსაც გეტყვით, ამ პათოსს განცხადებების დონეზე სრულად იზიარებს ქართული პოლიტიკის აბსოლუტური უმრავლესობა: შალვა ნათელაშვილი და ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსიც კი. ამიტომ არა მგონია ბატონი კარლ ბილდტის განცხადებების გადაფასება ან ვერდაფასება ღირდეს. მე ვფიქრობ აქ უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე და ეს პირველ რიგში ხელისუფლების არათანმიმდევრულობას და ე.წ. სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის არქონას უკავშირდება, რის გამოც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები ერთგვარად არადამაჯერებლად გამოიყურება და გარკვეულ კითხვებს ბადებს, რაც საბოლოო ჯამში სწორედ ხელისუფლებას აზარალებს.

-რას გულისხმობთ არათანმიმდევრულობასა და სამოქმედო გეგმის არქონაში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე ყველა გახმაურებული საქმე გაიხსნება. ასევე აცხადებენ, რომ კანონის წინაშე პასუხს ყველა აგებს, მიუხედავად იმისა თუ რა თანამდებობა ეკავათ "ნაციონალური ხელისუფლების" დროს და რომ ეს დაკავებები პოლიტიკასთან არაფერ შუაშია. მაინც რა უნდა გაეკეთებინა ან რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებების მიმართ კითხვები არ არსებობდეს?

-რაც შეეხება სამოქმედო გეგმას. საზოგადოების მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ის ბუნდოვანება და გაურკვევლობაა, რომელიც სწორედ ხელისუფლებამ შექმნა. ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, საკითხი ასე დგას: როდესაც ამ ხელისუფლებამ აღიარა წინა ხელისუფლების დროს ასეულობით პოლიტპატიმრის არსებობა და გამოსცა უპრეცედენტო ამინისტიის აქტი, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი გათავისუფლდა ციხეებიდან, ამით მან თავისთავად აღიარა "ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივ რეჟიმად. შესაბამისად, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ არა მხოლოდ ცალკეული მაღალჩინოსნები აღმოჩნდებოდნენ გისოსებს მიღმა, არამედ მთლიანად "ნაციონალური მმართველობა" გასამართლდებოდა, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი. ამის ნაცვლად კი, ხელისუფლებამ თავიდან კოჰაბიტაციის წყალობით, ხოლო შემდეგ სუფთა პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, თავად შეუწყო ხელი "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენის პროცესს. ამ ყოველივემ და ასევე იმ ფაქტმა, რომ არ მოხდა ათასობით ყოფილი პატიმრის საქმეების ხელახალი შესწავლა და მათთვის მიყენებულ ზიანზე ოცნების მთავრობის მიერ ვალდებულების აღება. ასევე იმან, რომ ხან არჩევნების გამოა მორატორიუმი, ხან ევროპელი მეგობრებისთვის უწევს ხელისუფლებას ანგარიშის გაწევა და მეტი დელიკატურობის გამოჩენა, გამოიწვია ის იმედგაცრუება, რის გამოც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი საერთოდ არ წავიდა თვითმართველობის არჩევნებზე. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ყოფილი მერის ან თავდაცვის მინისტრისათვის ბრალის წაყენებას პოლიტიკური ქვეტექსტი, იმ ფონზე როდესაც გამამართლებელი განაჩენი უფრო მეტი დგება, ვიდრე გამამტყუნებელი ცხადია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სულ უფრო მეტი არგუმენტები ეძლევა ამის სათქმელად. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში დიდი დაჭერები დაიწყება.

-რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს. ვის დაჭერას ელოდებით და რამდენად წაადგება საბოლოო ჯამში ეს ხმაურიანი სასამართლო პროცესები თავად ქვეყნის წინსვლას და განვითარებას?

-ამის თქმის საფუძველს მაძლევს ოცნების ხელისუფლების მოქმედების ანალიზი. დღევანდელ ხელისუფლებას ახასიათებს ფრთხილად და ზოგჯერ ტაქტიკურად უკან დახევებითაც კი დასახულ მიზნამდე მისვლა. ეს უფრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ხელწერაა, რაც აქტიურად შეინარჩუნა ამჟამინდელმა მთავრობამაც. მაგალითისთვის თუნდაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ავიღოთ. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, თვით "ოცნების" ყველაზე თამამ მხარდამჭერებსაც არ სჯეროდათ, რომ მშვიდობიანად შევძლებდით ან საერთოდ შევძლებდით ამ ხელმოწერამდე მისვლას, მაგრამ ფაქტია, ქვეყანამ ასეთ გრანდიოზულ წარმატებას მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე მიაღწია. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, რაც მმართველი გუნდის სტილს უფრო ნათელს ხდის. მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ორ წელზე მეტია. ვფიქრობ, ხელისუფლება ამ პერიოდს მაქსიმალურად გამოიყენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების შანსები ნულამდე დაიყვანოს და მაღალჩინოსნების მიმართ დაწყებული სისხლის სამართლის საქმეებიც დაასრულოს. ამ საქმეების უმრავლესობა კი წარდგენილი ბრალდებების სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი საქმე ამოტივტივდება, რომლებიც დღეს გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო თაროზეა შემოდებული და ამ ფონზე მე არც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოვრიცხავ უფრო აქტიური საგამოძიებო პროცედურების დაწყებას, თვით მისი დაპატიმრების ორდერის გაცემასაც კი. თუმცა, ცხადია აქ ბეწვის ხიდი იქნება გასავლელი. ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ ყოფილი ჩინოსნების საქმეებზე ყველაზე მაღალი უდანაშაულობის პრეზუმფციის და გამჭვირვალების სტანდარტი დაიცვას, როგორი მწვავეც არ უნდა იყოს საზოგადოების რადიკალური ნაწილის მოთხოვნა. სამართლიანობის დამკვიდრება მერაბიშვილ-ახალაიას დაჭერა კი არ არის, მათი მინისტრობის პერიოდში უკანონოდ დაჭერილი ადამიანების ღირსების აღდგენა და კომპენსაციაა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვინ ტყუილად იჯდა ციხეში "ნაციონალური მოძრაობის" დროს და ვინ მართლა დასაჭერი იყო. ამისათვის კი ცალკე სრულფასოვანი საგამოძიებო ორგანო და სპეციალური კანონმდებლობა უნდა შეიქმნას. სხვაგვარად არაფერი გამოვა, რადგან ხალხის რეალური, ემოციებს მიღმა არსებული დაკვეთა ოცნების ხელისუფლების მიმართ სწორედ ეს არის და არა გაუაზრებელი შურისძიება და სატელევიზიო დაჭერები, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ქვეყანა გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანოს".

ემა ტუხიაშვილი, Ambebi.ge