"სისხლის ბანკს" ბავშვის C ჰეპატიტით დაავადებაში სდებენ ბრალს

"სისხლის ბანკს" ბავშვის C ჰეპატიტით დაავადებაში სდებენ ბრალს

"სისხლის ბანკს" ბავშვის C ჰეპატიტით დაავადებაში სდებენ ბრალს, - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი "ალია" აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას ბავშვის დედის ამბობს, რომ მისი შვილი კლინიკაში ლეიკემიის დიაგნოზით იყო მოთავსებული და ბოლო გადასხმიდან რამდენიმე თვეში, ბავშვი შეუძლოდ გახდა.

ექიმებს უთქვამთ, ეს პრეპარატის ინტოქსიკაციით იყო გამოწვეულიო, თუმცა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით ბავშვი გადამოწმდა C ჰეპატიტზე და სამწუხაროდ, დადასტურდაო. ბავშვის დედის თქმით, სისხლი, რომელიც ბავშვს გადაუსხეს, "სისხლის ბანკიდან" იყო მიტანილი.

"ალია" "სისხლის ბანკის" დირექტორს, დავით ლოლიშვილს ესაუბრა:

- იცით, ალბათ, ბავშვის "ცე" ჰეპატიტით დაავადებაში "სისხლის ბანკს" რომ ადანაშაულებენ...

- ვიცი. ყოველ თვე ამოწმებენ აღებულ სისხლს, ხდება გარეკონტროლი იმის გარდა, რომ ჩვენთანაც ვაკონტროლებთ. ამიტომ იმის თქმა, რომ სისხლის გადასხმა საფრთხეს შეიცავს, რბილად რომ ვთქვათ, აბსურდია. ჩვენ დაახლოებით 500-600 გადასხმას ვაკეთებთ თვეში მხოლოდ ბავშვებში. წელიწადში გამოდის 6000-ზე მეტი გადასხმა. არც ერთი შემთხვევა არასდროს, არც ჰეპატიტების, ან სხვა რაიმე ინფექციის დარეგისტრირებული არ არის და არც ყოფილა. თუ დონორმა სისხლი გაიღო და ჰეპატიტი ჰქონდა, ამას ჩვენ ვამოწმებთ, ასეთი სისხლი ჩამოიწერება და ნადგურდება წესების შესაბამისად. მე ამ შემთხვევაზე მომივიდა ბრძანება, ახლა შემოვა კომისია, ნახავენ ყველაფერს, შეამოწმებენ ყველა დოკუმენტს. ასე ზერელედ არ ხდება ჩვენთან, ხელნაწერები კი არ გვაქვს, ამას ბეჭდავს აპარატი, რომელზეც კეთდება ანალიზი და ეს ყველაფერი შენახულია არა მხოლოდ ჩვენთან, არამდე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში, იქ სისტემატურად მიდის ინფორმაცია. ნებისმიერ პირს, რომელიც ამ თემით დაინტერესდება, შეუძლია, ნახოს. გარდა ამისა, ჩვენ შენახული გვაქვს ყველა გადასხმული სისხლის კომპონენტის ნიმუშები, საქართველოში კი არა, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლაბორატორიაში წაიღონ და ნახავენ, რომ ყველა ეს ნიმუში იქნება სუფთა. მე მესმის ბავშვის მშობლის პოზიცია, მაგრამ როცა შედეგები დაიდება კომისიის მიერ 2 კვირაში, გაჩვენებთ და დარწმუნდებით, რომ არაფერ შუაშია სისხლი.

- აბა, ჰეპატიტი როგორ "აიკიდა" ბავშვმა?

- ჰეპატიტით მოსახლეობის 6-7% არის დაავადებული, ამიტომ უამრავი გზა არსებობს ამის გადადების. ეს ბავშვი კლინიკაში იწვა და გაეწერა დეკემბერში, კლინიცისტები ამას დაადასტურებენ. დეკემბერში გაწერილი ბავშვი იყო სუფთა, გამოკვლეული იყო ჰეპატიტებზე. მკურნალობა შეუწყდა ნოემბერში, როცა გაიკეთა ბოლო გადასხმა. იმის შემდეგ წავიდა, 7 თვე გავიდა და დაუფიქსირდა ჰეპატიტი. ამ თვეების განმავლობაში მას ეს ჰეპატიტი ჰქონდა თუ არ ჰქონდა, არ ვიცი, დიდი ვარაუდია, რომ ამ პერიოდში დაემართა და საიდან დაემართა, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ძალიან მომგებიანია ყველასთვის, ამტკიცოს, რომ სისხლი გადაესხა და დაემართა ჰეპატიტი. გამოიკვლიოს ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ და დადოს დასკვნა, - ამბობს გამოცემასთან საუბრისას დავით ლოლიშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?