მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა

მამა პეტრეს ტკივილიანი დანაკარგი - სიმინდის ყანასა და საწოლქვეშ გადამალული ბავშვობა

ამ ადამიანის პოეზიას რომ გაეცნობი, უმალ წინ მისი პორტრეტი გეხატება. ხოლო მას, ვისაც მამა პეტრეს ლექსები ჯერ არ წაუკითხავს, შეუძლია მისი პორტრეტული შტრიხები მასთან ჩაწერილი ჩემი ინტერვიუდან მოხაზოს. ამ პიროვნების მკვეთრად გამოხატული თვისებაა, თუნდაც მწარე სიმართლე დაფარვისა და შელამაზების გარეშე თქვას.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი დღეს თავისი ანგელოზის დღეს აღნიშნავს.

- ყველაფერი ბავშვობით და ოჯახით იწყება. სად და როგორ ჩაიარა თქვენმა ბავშვობის პერიოდმა და ამ გადასახედიდან როგორ ჩანს ის?

- ყველაფერი ბავშვობიდან იწყება, მით უფრო მაშინ, როცა მას გართმევენ... ამერიკაში აღმოცენებული მიმდინარეობაა - "ბიტ"-თაობის სახელითაა ცნობილი, ქართულად დაახლოებით, "დამსხვრეული თაობა" - ასე ითარგმნება... დიახ, "დამსხვრეული თაობის" მემკვიდრე ვარ... როგორც ერთი პოეტი იტყოდა, - "ჩემი პატარა წალენჯიხა, ჩემი ქალაქი"... დიახ, იქ ჩემს კუთხეში უმძიმესი პერიოდი მახსოვს: - გადამწვარი სახლები, აფეთქებული სტადიონი, დანგრეული სკოლა-ინტერნატი, ბრმა ტყვიით განგმირული მეზობლები, სიმინდის ყანაში გადამალული პატარაობა, ტანკები, სისხლი, კარჩაკეტილობა, სიკვდილის შიშით საწოლქვეშ ძილი... ეს არის მთელი ჩემი ბავშვობა... მე "დიდი დანაკარგის" მესაკუთრე ვარ... ძნელია ეს ყველაფერი დაივიწყო... ყველაზე მეტად მცირე ასაკში განცდილი გვამახსოვრდება... ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დატოვა მეხსიერებაში და ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ დავივიწყებ...

- ბავშვობაში ეკლესიაში თუ დადიოდით? მშობლებს თუ დაჰყავდით იქ?

- წალენჯიხაში ჩემთვის ეკლესია ერთადერთი თავშესაფარი იყო. ვამაყობ იმით, რომ ჩემს კუთხეს გვირგვინივით ადგას მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი... იმხანად აწ განსვენებული მამა რომანოზი მსახურებდა. თბილი, კაცთმოყვარე, მზრუნველი, ყურადღებიანი მოძღვარი, რომელიც "მხედრიონელების" დროს არაერთგზის იგვემა.. წირვა არასდროს შეუწყვეტია და ქრისტიანული დათმენა არა სიტყვით, არამედ საქმით დაგვანახა. სიხარულისგან ვერ ვიძინებდი, დილით ტაძრის აღმართს შემდგარი სულმოუთქმელად ავირბენდი და მღვდლის დანახვა ყველა ტკივილს მავიწყებდა. არ მქონდა მშობლებისგან მაგალითი ტაძარში სიარულისა, მაგრამ ეს ჩემი შინაგანი მოთხოვნილება იყო და ამიტომაც არასდროს მეზარებოდა ფეხით კილომეტრის გავლა. ვიცოდი, რომ მამა რომანოზსაც გავახარებდი. ხან საცეცხლურს მივაწვდიდი, ხან სანთლით მივუძღოდი წინ, სახარების გამობრძანების დროს. მე ასე მახსოვს იქაურობა და მჯერა, მთელი ცხოვრება მამა რომანოზი გამიძღვება წინ, უფლისკენ... ის ჩემთვის მოწამეა. აუცილებლად დავწერ ჩემი კუთხის შესახებ და სასულიერო პირის ღვაწლს ჯეროვნად დავაფასებ... ჩემი მამა რომანოზი ჩემთვის მღვდელი თევდორეა...

- ვიცი, რომ გარდა სასულიერიო განათლებისა, სერიოზული საერო განათლებაც გაქვთ მიღებული... უნივერსიტეტში რომელ ფაკულტეტზე სწავლობდით?

- სასულიერო სემინარიაში ჩაბარებამდე, უნივერსიტეტი დავამთავრე - ჯერ დიპლომატიის ისტორიას ვსწავლობდი, მერე საქართველოს ისტორიის განხრით ბაკალავრიატის კურსი დავასრულე, მაგისტრატურა - "თეოლოგიის" მიმართულებით, დოქტორანტურა კი არქეოლოგიის დარგში. დიდი სურვილი მაქვს, დისერტაცია გრანელზე დავიცვა... მაქვს სხვა გეგმებიც სწავლასთან დაკავშირებით. ვნახოთ, ინებოს უფალმა...

- მღვდლობა როდის გადაწყვიტეთ და რამ გადაგაწყვეტინათ?

- ღვთისადმი კრძალვა ყოველთვის მქონდა. როგორც უკვე ვახსენე, ჩემი პირველი მოძღვარი მამა რომანოზი, სწორედ მან დამაფიქრა. ჩემი სასულიერო პირობა ურბნისისა და რუისის ეპარქიას უკავშირდება... მადლობა მეუფე იობს. მისი დამსახურებით და ხელდასხმით 2006 წელს რუისის საკათედრო ტაძარში 19 აგვისტოს ვეკურთხე მღვდლად. ფერისცვალებას. ესეც სიმბოლურია, ჩემი კუთხის ტაძარი ხომ ფერისცვალების სახელობისაა. თითქოს მან შეარჩია ის დღე...

- სასულიერო პირებიდან რომ ლექსებს ბევრი წერს ეს სიახლე არ არის. არაერთის პოეზიას გავცნობივარ. თქვენში როდის და როგორ დაიწყო პოეზია?

- ბავშვობაში ორი რამ მანუგეშებდა - წალენჯიხის ეკლესია და ტერენტი გრანელი, ანუ ეს ჩემთვის ერთი და იგივე გახლდათ. ყველამ იცის, რომ გრანელი წალენჯიხიდან არის... მთელი მისი შემოქმედება ზეპირად ვიცი. მისი სახლ-მუზეუმი ტაძრის გზაზეა. ჯერ იქ შევჩერდებოდი და მერე შევუდგებოდი აღმართს... გზად ლოცვაზე მეტად, ტერენტის ლექსებს ვამბობდი. განსაკუთრებით "წალენჯიხა" მიყვარდა... "აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება/ და წალენჯიხა ისევ, ისეა"... პირველი ლექსიც გრანელზე დავწერე... ხშირად ვსტუმრობ დიდუბის პანთეონს და უაღრესად ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია პანაშვიდი გადავუხადო... ჩვენ ყველაზე მეტად გვესმის ერთმანეთის...

- სათქმელს არასდროს ზღუდავთ, თუნდაც ეს იყოს მძიმედ მოსასმენი - ეს თქვენი გამოკვეთილი თვისებაა...

- თუ სათქმელი გაქვს, ხმამაღლა უნდა თქვა, ყველას გასაგონად. შენს ნათქვამში იქნებ სხვამაც დაინახოს საკუთარი თავი და გაუადვილდეს ტკივილის თუ სიხარულის ტარება... ტკივილზე მძიმე სატარებელი სიხარულია... ეს კი შემოქმედებას შეუძლია მხოლოდ. დიახ, შემოქმედება მარადიული ხეა, რომელსაც ყველა თავს ვაფარებთ და ვიკვებებით.

- საოცარი ლექსები გაქვთ... აი, ეს სტრიქონები "მთელი მარხვა შენზე ფიქრს ვუკრძალავდი საკუთარ თავს, მაგრამ არ გამომივიდა..." ვის ეძღვნება?

- ყველას და არავის. ალბათ, ვიღაც სულ უნდა არსებობდეს, სული აგიფორიაქოს და წერა შეგაძლებინოს... სიყვარული ხომ პოეზიის პირველმიზეზია...

- სხვა სასულიერო პირებისგან პეტრე კოლხი - ამ ფსევდონიმით გამოირჩევით. მგონი, მოძღვრებს ფსევდონიმი არ აქვთ, არა?

- არ ვფიქრობ, რომ ფსევდონიმია. უბრალოდ ასე დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში და შემორჩა... რაც შეეხება სასულიერო პირების ფსევდონიმს - ეს უცხო არ არის მამათა ცხოვრებიდან... ყველამ ჯანსაღად მინდა გაიგოს, არავის ვეტოლები, მაგრამ "გარეჯელი", "სამთავნელი" თუ სხვა, ვფიქრობ, ფსევდონიმებია... აქვე მინდა, ვთქვა: ბოლო დროს არსებულმა სიტუაციამ დამარწმუნა, რომ მარტო სიმართლის თქმა არ ყოფილა მთავარი, არამედ სიმართლის სწორად გაგებაა... აზრების გამოტანაში, როგორც ჩანს, ცოტას მოვიკოჭლებთ...

- ალბათ თქვენთვის თქვენს წარმომავლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გარკვეულად სიამაყესაც გძენთ... ჰოდა, კოლხიც სწორედ თქვენს წარმომავლობას უსვამს ხაზს...

- ჩემში თუ რამე კარგია, ჩემი გაუბედურებული კუთხის დამსახურებაა... "ქრიან ბავშვობის მოგონებანი და მიმაქვს ფიქრი წალენჯიხაზე...''

- არასდროს ერიდებით საკუთარი აზრის დაფიქსირებას. ამაზე საყვედური უმაღლესი საეკლესიო პირებისგან არ მიგიღიათ?

- მიმაჩნია, რომ ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. შეიძლება, ვცდებოდე, მაგრამ ყველა აზრს გააჩნია არსებობის უფლება... ჩემთვის მთავარი სიმართლეა და არა თავს მოხვეული იძულება... ქრისტე სიმართლის, სამართლიანობის ღმერთია... როცა რაღაც არ მომწონს, ვამბობ, მაგრამ კორექტულად და ყოველგვარი აგრესიის გარეშე... თუ ამის გამო საყვედური მივიღე, გამიჭირდება ასე ცხოვრება... მთავარია, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეკლესია...

- ლიტერატურაში ხომ არ გყავთ თქვენი იდეური წინამორბედი?

- წალენჯიხელი რომ არ ვიყო, არ ვიცი, ასე მეყვარებოდა თუ არა გრანელი... მან "დამაავადა" და ვისურვებ, არასდროს განვიკურნო...

- მართალია, სასულიერო პირი ხართ, მაგრამ ბრძოლები ყველა ადამიანში მიმდინარეობს. ზედმიწევნით გულწრფელობას არ გთხოვთ, მაგრამ ყველაზე მეტად რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

- ხშირად უაზროდ ვფლანგავ დროს. ზედმეტად ვიხარჯები იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ქრისტე და ნიცშე ერთია... შემიძლია მეტი გავაკეთო და ვზარმაცობ, სხვაზე არაფრისმომცემი მზრუნველობის ხარჯზე, გულს ვტკენ ოჯახის წევრებს, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებ... სამ წიგნზე ერთად ვმუშაობ და შესაბამისად, ხეტიალის დრო არ მექნება. ისე ამაშიც არის რაღაც იდუმალი... ახლახან დავამთავრე "ჰენდერსონი, წვიმის მეფე" და დამაფიქრა...

როგორც მახსოვს, საუბარი "დამსხვრეული თაობით" დავიწყე. რესტავრირება არ მიყვარს. მირჩევნია ბოლომდე დაილეწოს, რომ "ნანგრევებში" თავიდან გავჩნდე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის