ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუ და ბრძოლის გეგმა, რომელიც განუხორციელებელი დარჩა

ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუ და ბრძოლის გეგმა, რომელიც განუხორციელებელი დარჩა

ეროსი კიწმარიშვილმა თავისი ბოლო ინტერვიუ გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა, სადაც ის ტელევიზიებზე საუბრობდა.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას.

„რუსთავი 2“-ისა და „მაესტროსთვის“ ბრძოლას ეროსი კიწმარიშვილი ისევ აგრძელებს. მათი შესაძლო გასხვისება პრობლემად არ მიაჩნია და აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად სარჩელს სტრასბურგშიც შეიტანს. ბუნებრივია, ეს მაშინ, როდესაც პროცესი საქართველოში დასრულდება. შესაბამისად, საუბარია შორეულ პერსპექტივაზე. უფრო ახლო მომავალში კი ცვლილებებს კიწმარიშვილი „იმედზე“ ვარაუდობს, როდესაც ნათია აბრამიას სამთვიანი მოღვაწეობის შემდეგ არხზე რუსეთში მოღვაწე პროდიუსერი გამოჩნდება.

ეროსი კიწმარიშვილი:

- „მაესტროს“ ყიდულობს ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში? ასეთი მე ვიცი რუსეთში მოქმედი ბიზნესმენები. „მაესტრო“ სულ ხელიდან ხელში გადადიოდა. ერთადერთი პერიოდი, როდესაც მათ არაფერი დაუთმიათ, ეს იყო მაშინ, როდესაც არაფერს წარმოადგენდნენ, ანუ როდესაც კლიპებს ატრიალებდნენ მხოლოდ. როდესაც მე მართვაში ავიღე, იმ პერიოდის შემდეგ კომპანიაში დაახლოებით ათი უმსხვილესი ცვლილება განხორციელდა. ასათიანი და მისი მეუღლე სააკაშვილის პერიოდში მე მოვიყვანე, როგორც ინვესტორები, მაგრამ მათ მე გადამაგდეს. ახლა რას აპირებენ, ნამდვილად არ ვიცი. 100%-იანი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება მედიაში, არაფერი არ მოხდება, ხელისუფლების მმართველის ნებართვის გარეშე.

- ფიქრობთ, რომ „მაესტროს“ წილით, თუ ასათიანი გაყიდის, რუსეთის ინტერესები გაძლიერდება?

- გოგელია ვინ გგონიათ? „მაესტროზე“ ყოველთვის იყო რუსეთის წარმომადგენელი, გოგელიას დროსაც რუსული კაპიტალის ხელში იყო „მაესტრო“ და ვინ გადაიბარებს, არ ვიცი, მაგრამ ვინც არ უნდა გადაიბაროს, ხაზგასმით გეტყვით, რომ ეს გადაბარება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება. სააკაშვილი ტელევიზიებში ნაჯახით შერბოდა ხოლმე და ახლა ცდილობენ, თავად არ გამოჩნდნენ ღიად.

- „მაესტროსთან“ თქვენი სასამართლო პროცესი რა ეტაპზეა?

- გაჩერებულია, იმასაც არ ამბობენ, საერთოდ განიხილავენ თუ არა. ესეც კონიუნქტურის ნაწილია. ამ წუთის მდგომარეობით „მაესტროს“ საქმე არ დამთავრებულა, თუმცა როდესაც დამთავრდება საქართველოში, შემდეგ მე წავალ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - სამწუხაროდ, ასეთი ფორმულირებით ვიმოძრავებ ჩემი დაკარგული უფლებების აღსადგენად, მაგრამ ეს უკვე მეორე სტადია იქნება, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდება და ადრე თუ გვიან დამთავრდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ბევრ არაფერ სიამოვნებას არ მომიტანს. რაც შეეხება ჩემი და ჩემი პარტნიორების ბრძოლას „რუსთავი 2“-ის დაბრუნებისთვის, ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს, „რუსთავი 2“-ზე გავლენა მოიპოვოს. რა ტიპისა და როგორი ალიანსის დამყარების მცდელობაა, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დეტალია კალაძის განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ტელევიზიას მისი მეპატრონე დაიბრუნებს. ეს მხოლობითში თქვა თუ მრავლობითში?

- მხოლობითში...

- საინტერესოა მისი ფროიდისეული წამოცდენა. რას ნიშნავს მეპატრონე? „რუსთავი 2“ შეიქმნა 1994 წელს და მისი დამფუძნებლები ვიყავით სამი ადამიანი და ახლა რატომ გახდა ეს რიცხვი მხოლობითი? ან ვინ იყო ის ერთი მეპატრონე, რომელიც „რუსთავი 2“-ს ფლობდა 100%-ით?

- თქვენ აგრძელებთ ბრძოლას „რუსთავი 2“-ისთვისაც?

- მე ველოდები პროკურატურაში ჩემი ორი პარტნიორის მიერ შეტანილი საჩივრის სამართლებრივი მოქმედებების შედეგებს. ორი წელია უკვე, მესმის, რომ ჩემმა პარტნიორებმა შეიტანეს სისხლის სამართლის საჩივარი, რომლის ფარგლებშიც მე დამკითხეს დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ და მას შემდეგ პროკურატურა რაღაცას იძიებს, რას იძიებს ,არავინ იცის. ვიცით, რომ ასევე უნდა მომხდარიყო სააკაშვილისა და ქიბარ ხალვაშის დაკითხვა. მე არ ვიცი, ვინ ვის და სად კითხავს, როგორც თავად პროკურატურას უყვარს ხოლმე თქმა, გამოძიება გრძელდება. იცვლებიან გამომძიებლები, გენერალური პროკურორები, მაგრამ პროცესი ადგილიდან არ იძვრის. იმ აბსურდში, რასაც ისინი გამოძიებას უწოდებენ, მოწმეს არ აქვს უფლება, პროცესში იყოს ჩართული, წარმოდგენა არ მაქვს, რას იძიებენ, რაზეა საქმე აღძრული საერთოდ. ერთადერთი ვიცი, რომ ორმა ჩემმა ყოფილმა პარტნიორმა იჩივლა ფაქტზე - ტელევიზიის წართმევასთან დაკავშირებით. მე თავად მქონდა ქიბარ ხალვაშთან სასამართლო პროცესი სააკაშვილის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ქიბარ ხალვაში დევნილობაში იყო, მაშინდელმა სასამართლომ სწორედ მას გაამარჯვებინა ჩემს წინააღმდეგ, თუმცა მე იმ პერიოდში დევნილი არ ვიყავი, საქართველოში ვიმყოფებოდი. მე მას ჩემი კუთვნილი წილის დაბრუნებას ვედავებოდი, ჩემს წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების გამო.

- ბოლოს კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გაყიდვასთან დაკავშირებით. არ ფიქრობთ, რომ გასხვისების შემთხვევაში დაბრუნების შანსი შემცირდება?

- რუსთავი დაახლოებით ათჯერ გადავიდა ერთი ხელიდან მეორე ხელში, ეს პროცესი კვლავ გრძელდება. რაც არ უნდა ბევრჯერ გაიყიდოს, თუ პროკურატურა იტყვის, რომ პირველი მოქმედება კანონდარღვევით ჩატარდა ან დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ბუნებრივია, მაინც ვერაფერს მოსთხოვ ტელეკომპანიის მეათე მყიდველს, გარდა იმისა, რომ დადგინდება - ეს იყო თვალთმაქცური გარიგებები და მყიდველები იყვნენ არაკეთილსინდისიერები. ეს საქმე იმდენად ჩახლართულია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება გაირკვეს - როგორც ეს მოხდა „იმედთან“ დაკავშირებით, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება გატყდა, დაინახა, რომ რამდენიმე ტელევიზიის შენარჩუნების შესაძლებლობა აღარ იყო. შესაბამისად, სააკაშვილმა, უბრალოდ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე თქვა უარი „იმედის“ კონტროლზე და პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა. ხოლო „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში ის ბოლომდე იბრძოლებს მის შესანარჩუნებლად, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ამის პოლიტიკური რესურსი ექნება. ასე რომ, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით შემიძლია პირდაპირ და ყოველგვარი ირონიის გარეშე გითხრათ, რომ, თუ რამე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება კლასიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი.

- ცვლილებები იგეგმება „იმედზეც“, ფიქრობთ, რომ ეს პროცესები ერთმანეთთან კავშირშია?

- მე ვიცი, რომ უახლოეს პერიოდში „იმედში“ გამოჩნდებიან რუსი პროდიუსერები, უფრო კონკრეტულად, ვინმე კარტოზია. ანუ, ფაქტობრივად, ხელისუფლება უკვე დგამს ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

- თუმცა ითქვა, რომ ნათია აბრამიას ჩამოჰყავს ჯგუფი, რომელიც იმუშავებს და რეკომენდაციებით მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს...

- ჩემთვის როგორც ცნობილია, ნათია აბრამია მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე იქნება. აღნიშნული პოლიტიკური შეთანხმება პატარკაციშვილების ოჯახსა და ივანიშვილს შორის რამდენიმეთვიანი ვაჭრობის შემდეგ შედგა.

- კარტოზიაზე რა შეგიძლიათ დამატებით თქვათ?

- დეტალები არ ვიცი, უბრალოდ, არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით შემიძლია დასკვნები გავაკეთო, რადგან თითოეულ მოთამაშეს ძალიან კარგად ვიცნობ. კარტოზია არის ძალიან კარგი პროფესიონალი, უბრალოდ, რუსეთის მედიაში მისი წარმატებები 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იან წლებს უკავშირდება. შესაბამისად, მისი ბეგრაუნდი არის პერიოდი, როდესაც მედია „დემოკრატიულ ზენიტში“ ავიდა.

- „რუსთავი 2“-ზე თქვენი გამოჩენის შემდეგ ისიც კი ითქვა, რევოლუციის მოსაწყობად ემზადებიანო...

- რევოლუციებს აწყობს არა ერთი ან ორი ადამიანი, ან თუნდაც ტელევიზია, არამედ ხალხი. თუ რევოლუცია მოხდება ამ ქვეყანაში, ეს იქნება ხელისუფლების „დამსახურება“. თუმცა რატომ ჩათვალეს, რომ „რუსთავი 2“-ზე დავბრუნდი, ეს ვერ მივხვდი...

- თქვენ არჩევნებზე ნაციონალების კანდიდატს დაუჭირეთ მხარი რუსთავში...

- ერთადერთი მიზეზი, რატომაც ნაციონალების კანდიდატს დავუჭირე მხარი, იყო ის, რომ მე შევპირდი რუსთაველებს მათი პრობლემების გადაწყვეტა. ორ დარჩენილ კანდიდატს შორის მეორე ტურისთვის ავირჩიე სწორედ ის კანდიდატი, რომელიც ადეკვატური იყო ამ პრობლემების მოგვარებაში. ამიტომ ნაციონალებთან დაბრუნებაზე ხმები გადაჭარბებულია.

წყარო: primetimenews.ge

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?