ოჯახური ტრაგედია ამჟამად სანაპიროზე, დედაენის პარკში განვითარდა, პარკში მდებარე კაფეში. აღნიშნული კაფე ძირითადად მაკლერებს ემსახურება. აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, ამიტომაც კაფეში ორი მამაკაცის შემოსვლა არ გაჰკვირვებიათ. მათგან ერთი დაახლოებით 50 წლის იყო, მეორე კი, - 70-ის.
დ.ლ. თვითმხილველი:
- რატომღაც უფროსის ფეხსაცმელებს მივაქციე ყურადღება, - ასეთებს დაახლოებით, 30 წლის წინ ატარებდნენ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ისეთ ადამიანს ვუყურებდი, რომელიც წლების მანძილზე იზოლირებული იყო ცხოვრებიდან. თურმე სწორად მივმხვდარვარ - ნასამართლები ყოფილა. მეორე ასე, 50 წლის კაცი იყო, უსიამოვნო სახე ჰქონდა. კაფეში დასხდნენ, ლაპარაკი დაიწყეს. უფროსმა ოფიციანტს დაუძახა, ნაყინი და ლიმონათი მოატანინა. მერე მეც მაკლერი ვარ, ავდექი, ხიდთან ავედი და კლიენტებს ველაპარაკებოდი. კაფე ხიდის ქვემოთ, კუთხეში დგას, ჩემი ასვლიდან რამდენიმე წუთში იქედან საშინელი გინება და ჩხუბის ხმა მომესმა. გადავიხედე ზემოდან და რას ვხედავ, - ამ ორი კაციდან უმცროსი წამომდგარა და უფროსს საშინელი სიტყვებით აგინებს და მუშტებს უქნევს, მოგკლავო. გასაშველებლად გავიქეცი, მაგრამ რომ მივედი, ხალხს უკვე გაშველებული ჰყავდა მოჩხუბრები. უფროსმა, ბოდიშს ვიხდიო, ყველა იქ მყოფს ბოდიში მოგვიხადა, ფული ამოიღო და ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა. მერე ხმისამოუღებლად მოშორდა იმ ადგილს. ჩვენ რა ვიცოდით, რომ იარაღის მოსატანად მიდიოდა... რომ დაბრუნდა, მერე მოხდა ეს საშინელი უბედურება...