მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

მთავრობისა და ბანკების საიდუმლო სესხები

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საზოგადოება მხოლოდ იმას ხედავს, თუ როგორ შოულობენ ფულს ბანკები მოქალაქეების ხარჯზე

ფინანსთა სამინისტრომ ეკონომიკის დასაკრედიტებლად კომერციულ ბანკებს 129 მილიონი ლარი უკვე ასესხა. ქვეყნის შიდა ვალს ეს თანხაც დაემატა, რომლის მომსახურებაზეც სახელმწიფო ბიუჯეტი 7-11%-ს იხდის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალის მომსახურება გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ხდება, არ არსებობს ინფორმაცია, ახალი ტიპის ვალით რა სახის პროექტები დაფინანსდა და კონკრეტულად რა სარგებელი მიიღო ქვეყნის ეკონომიკამ.

13 აგვისტოს ეკონომიკის გრძელვადიანი დაკრედიტების მიზნით, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს მიერ ემისირებულ 50 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციას გაყიდის. "რეზონანსი" უკვე წერდა, რომ ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის განმავლობაში 910 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისია დაგეგმა. ამ თანხიდან 310 მილიონი ლარით ძველი ვალდებულებები იფარება. დარჩენილი 600 მილიონი ლარით კი ახალ შიდა ვალს ვიღებთ. აქედან 400 მილიონი ლარი მოხმარდება სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დაფინანსებას. 200 მილიონი ლარი კი მიიმართება ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფისათვის.

კერძოდ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შემუშავდა თანხის კომერციულ ბანკებში განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სახაზინო ობლიგაციების გაყიდვით შემოსული 200 მილიონი ლარი დეპოზიტის სახით განთავსდება იმავე კომერციულ ბანკებში, რომლებიც შეიძენენ ფინანსთა სამინისტროს ფასიან ქაღალდებს; ანუ ფინანსთა სამინისტრო კომერციული ბანკებისგან მიღებულ ძვირიან სესხს ისევ კომერციულ ბანკებს აძლევს 1%-ად. ამ შემთხვევაში მოგებულია კომერციული ბანკი, მაგრამ რა სარგებელს იღებს შიდა ვალის 200 მილიონი ლარით გაზრდით ქვეყნის ეკონომიკა უცნობია, ვინაიდან აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ამ თანხის მოძრაობა.

"რეზონანსს" ფინანსთა სამინისტროში განუმარტეს, რომ სამინისტრო აღნიშნული თანხის ზედამხედვლეობას არ ახორციელებს, თუმცა მას აქვს დეტალური ინფორმაცია თუ რა სახის პროექტები დააფინანსეს კომერციულმა ბანკებმა ამ ფულით.

რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს არის ორი კერძო პირის ურთიერთობა და ფინანსთა სამინისტროს კანონი არ აძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ურთიერთობა საჯარო გახადოს. "ინფორმაციის გასაჯაროება ბანკისა და მსესხებელის გადასაწყვეტია", - აღნიშნეს ფინანსთა სამინისტროში.

ამ დროისთვის, "საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, მე-7 პუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის გრძელვადიანი რესურსით უზრუნველყოფის მექანიზიმს ფარგლებში 44 მილიონი ლარის 2-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია 12 თებერვალს განხორციელდა. გაურკვეველია, ეს ფული რომელ ბანკში მოხვდა და რა ტიპის პროექტს მოხმარდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბიუჯეტმა ამ ფინანსურ რესურსში 7% უნდა გადაიხადოს. მორიგი ემისია 5 მარტს შედგა - 44 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაცია, რომლის საპროცენტო განაკვეთმა 10%-ს გადააჭარბა.

მეორე კვარტალში ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკის დაკრედიტების მიზნით სახაზინო ობლიგაციები აღარ გაუყიდია. მესამე კვარტალში კი მორიგი ემისია 16 ივლისს განხორციელდა, გამოვიდა 41 მილიონი ლარის 5-წლიანი ობლიგაციები, რომელთა საპროცენტო განაკვეთი 9,5%-ია.

13 აგვისტოს კი ფინანსთა სამინისტრო 50 მილიონი ლარის 2-წლიან ობლიგაციას გამოუშვებს და განსაზღვრული 200 მილიონიდან ბანკები 180 მილიონი ლარს აითვისებენ.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბანკებზე კონტროლი ვერ განხორციელდება, თუმცა ეკონომიკური პირობები ამ თანხების სხვაგვარად განკარგვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მინისტრის ინფორმაციით, ბანკები ნამდვილად გასცემენ გრძელვადიან კრედიტებს და მათთან სამინისტროს აქვს კომუნიკაცია. "თუმცა ეს არ არის კონტროლი. ეს არის თანამშრომლობა",- განაცხადა ხადურმა.

"ლიბერთი ბანკმა" "კომერსანტ.გე"-სთან საუბრისას მხოლოდ ის განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული ვადიანი დეპოზიტი სამეწარმეო სექტორის დაკრედიტებაში სრულად დააბანდეს.

"აღნიშნული რესურსი გადანაწილდა რამდენიმე სექტორზე და მოიცვა მეცხოველეობა, ხორცპროდუქტების წარმოება, სასურსათო მაღაზიების ქსელის განვითარება, მარცვლეული კულტურების მოყვანა და საოჯხაო სასტუმროების განვითარება. აღნიშნული სესხები არის დენომინირებული ლარში, გრძელვადიანია და მათი მინიმალური ვადა 5 წელს შეადგენს",- განაცხადა ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

მსგავსი განცხადება გააკეთეს "საქართველოს ბანკში". კერძოდ, ბანკს დაწყებული აქვს დაკრედიტება თითქმის ყველა მიმართულებით, როგორც საცალო საბანკო ასევე ბიზნეს სესხების კუთხით.

სპეციალისტების განმარტებით, არა აქვს მნიშვნელობა ეს ვისი ფულია, ეს უკვე არის შიდა ვალი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტმა უნდა გაისტუმროს. გარდა ამისა, ვალის მომსახურებასაც ბიუჯეტი აფინანსებს, შესაბამისად, თითოეული ტრანზაქცია გამჭვირვალე უნდა იყოს.

ეკონომიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, ნებისმიერი ტრანზაქცია უნდა იყოს საჯარო, ტრანსფარენტული და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს თანხა ადეკვატურად იხარჯება.

"მიდის ბრძოლა ბიუჯეტის ცალკეული მუხლების დამტკიცებამდე რომელ სამინისტროს რა თანხები გამოეყოს, რისი დაფინანსება მოხდეს. კომერციული საიდუმლოება შეიძლება იყოს თავად ბანკის კონკრეტული პროდუქტი, ფორმა, რომლის საშუალებითაც თავის კლიენტებზე გადის ან როგორ იზიდავს ფინანსურ სახსრებს.

იხილეთ სტატია სრულად

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?