დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება

დევიდ კრეიმერი - კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა წაყენებული ბრალის გამო კითხვები გაუჩნდება

იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ, - ასე აფასებს Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას.

"ვფიქრობ, საქმე გვაქვს საპირისპირო ინტერესებთან. პირველი ინტერესია ის, რომ ყველა ადამიანმა - მათ შორის დღევანდელმა თუ ყოფილმა ლიდერებმა - პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე. მეორე ინტერესია ის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა, მოქმედმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღის გამოწვევებზე გაამახვილოს ყურადღება. 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველმა ხალხმა ერთგვარი ვერდიქტი გამოუტანა ყოფილ ხელისუფლებას. წაყენებული ბრალდებებით ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილის დევნა დასავლეთში წინააღმდეგობრივ რეაქციებს იწვევს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება და გამოთქვა შეშფოთება. ვნახეთ, რომ შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილის მომხრეებმაც ამერიკის კონგრესში. იმავეს ამბობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს, განსაკუთრებით 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლისა და ტელეკომპანია "იმედის" დაკავებისთვის. ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა გაართულა ყოფილი პრეზიდენტისათვის წაყენებულმა დამატებითმა ბრალმა, რომელიც 2005 წლის მოვლენებს ეხება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ასე იქცეოდა იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ. იგულისხმება სხვა და სხვა ბრალის წაყენება იქამდე, სანამ სააკაშვილს ციხეში არ ჩასვამენ. სწორედ ეს წარმოშობს შესაძლებლობას ვიფიქროთ, რომ პროკურატურა სამართლებრივ პროცესს პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ვერ გაექცევა დამატებით ტვირთს ამტკიცოს, რომ ამ ბრალდებებს პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი არ აქვს", - განაცხადა კრეიმერმა.

რაც შეეხება კითხვას, იქონიებს თუ არა სააკაშვილის სამართლებრივი დევნა გავლენას საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე, Freedom House-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას, თუმცა მიიჩნევს, რომ "ნატო-ს საკითხი გადაიდება".

"2013 წლის დასაწყისში, აგრეთვე მიმდინარე წელს გამოითქვა სხვა ბევრი შეშფოთებაც, რომ მთავრობა პროკურატურას ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თბილისის ყოფილი მერის, აგრეთვე სააკაშვილის პარტიისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებდა. ამგვარად სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა არ არის სიახლე, რომელიც რაიმე ახალ შეშფოთებას იწვევდეს. ეს ამბები უკვე წელიწადნახევარია, გრძელდება, მაგრამ სააკაშვილისათვის ბრალის წაყენებამდე დასავლეთი ამ მოვლენებს დიდ ყურადღებას არ უთმობდა. დღეს ეს საქმეები უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააგრძელებს ევროატლანტიკური მიმართულებით სვლას და შეეცდება ეროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებას. ნატო-ს საკითხი, როგორ ჩანს, გადაიდება. ჩრდილოატლანტიკურმა ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ წელს გაფართოების თემას არ განიხილავს და საქართველოს გაწევრიანება ისედაც არ იდგა დღის წესრიგში. მაგრამ იქნება შეშფოთება ზოგიერთ დედაქალაქში, განსაკუთრებით, მე ვიტყოდი, ბერლინში. დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის შესახებ ბერლინს იმთავითვე ყველაზე მეტი ეჭვი ჰქონდა. სააკაშვილისათვის წაყენებული ბრალი კი შეშფოთებას უფრო გაზრდის", - განაცხადა დევიდ კრეიმერმა.

მისივე თქმით, "ირონია ის არის, რომ კანცლერი მერკელი არასოდეს ყოფილა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დიდი ფანი, თუმცა კითხვები კი გაუჩნდება იმ ადამიანისთვის წაყენებული ბრალის გამო, რომელსაც განსაკუთრებულად არასოდეს სწყალობდა".

Freedom House-ის პრეზიდენტი დევიდ კრეიმერთან ინტერვიუს ქართული ვერსია რადიოა "თვაისუფლებამ" გაავრცელა.