"მოტოციკლი უკან, იმ ადგილზე იყო შევარდნილი, სადაც ბავშვები იჯდნენ..."
"ბავშვებით სავსე "ჯიპი" მოსახვევიდან ცენტრალურ ქუჩაზე ელვის სისწრაფით გამოვარდა, მოტოციკლიც გიჟივით მიქროდა ცენტრალურ ქუჩაზე"
ქობულეთში საშინელი ავარია მოხდა -"ჯიპი" (რომელშიც სომეხი ეროვნების წყვილი სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა) და ძმები მაისურაძეების მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიამ გორელი ძმების და 10 წლის სომეხი ეროვნების ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძალზე მძიმე მდგომარეობაშია მეოთხე დაზარალებული - ჯიპში მსხდომი წყვილის მეორე ვაჟი, ის ქობულეთის საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ავარია უამრავი დამსვენებლის თვალწინ მოხდა - ამ ქუჩაზე განლაგებულია პრაქტიკულად, ქობულეთის ყველა სასტუმრო. სომხეთის მოქალაქეები ქობულეთში სწორედ დასასვენებლად იყვნენ ჩასულები.
რამაზ ს., თვითმხილველი:
- შეჯახება ისე ძლიერი იყო, რომ მოტოციკლი ჰაერში ავარდა და დარტყმისაგან შუაზე გაიპო. მასზე მჯდომი ძმები იქვე დაიღუპნენ... იმავე წამს "ჯიპისკენ" მივიხედე და მოტოციკლი უკან, იმ ადგილზე იყო შევარდნილი, სადაც ბავშვები იჯდნენ...
- ავარია რამ გამოიწვია?
- კატასტროფულად მოუწესრიგებელმა მოძრაობამ ქობულეთში. აქ არავინ ემორჩილება პატრულსა და შუქნიშანს. რუსთაველის ქუჩა, სადაც ავარია მოხდა, გადაჭედილია ფეხით მოსიარულეებით. როგორ შეიძლება ასეთ დატვირთულ ქუჩაზე პატრული მოძრაობას ვერ იმორჩილებდეს?! აქ აღარ აქვს მნიშვნელობა ვისი ბრალი იყო ავარია.