"საზღვარგარეთ წამსვლელთა ნაკადი იზრდება" - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები და რა პრობლემები აქვთ მათ

"საზღვარგარეთ წამსვლელთა ნაკადი იზრდება" - როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები და რა პრობლემები აქვთ მათ

რამდენი ადამიანია საქართველოდან წასული, როგორ ცხოვრობენ ისინი და რა პრობლემები აქვთ ემიგრანტებს... კითხვები, რომელზეც არცთუ ისე სასიამოვნო პასუხებს წაიკითხავთ! ამ თემასთან დაკავშირებით გაზეთი "პრემიერი" გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ ნინო ცხოიძესთან, რომელიც მრავალი წელია ემიგრანტების თემაზე მუშაობს. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერავინ გაექცევა, რაოდენ დიდი სურვილიც არ უნდა იყოს...

- რამდენი ქართველია რეალურად გასული საქართველოდან?

- ეს არის "საუკუნის კითხვა", რომელზეც პასუხი არ არსებობს, სამწუხაროდ, სტატისტიკა არ არსებობს. რატომ? ჯერ ერთი, 90-იან წლებში საქართველოდან ბევრი ადამიანია წასული, რომლებიც წლებია, არალეგალურად ცხოვრობენ და საბუთები არ გააჩნიათ. ეს ადამიანები ყოველთვის უფრთხოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნას, თუნდაც არჩევნების პერიოდში. მათ ყოველთვის ჰქონდათ შიში, რომ არ მომხდარიყო დეპორტაცია. 2010 წელს საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება რეადმისიისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ, ორივე ხელშეკრულება ერთდროულად იქნა ხელმოწერილი. ერთი მხრივ, უნდა გამარტივებულიყო ვიზების გაცემა ევროპაში შესასვლელად და მეორე მხრივ, უნდა გამარტივებულიყო არალეგალი ემიგრანტების გამოძევება საქართველოში. ამას ებმებოდა მესამე საკითხი - საქართველოში შემოსული არალეგალების განთავსება ლტოლვილთა ბანაკებში. ლტოლვილთა ბანაკები, ძალიან სერიოზული თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ... ამბობენ, რომ მილიონ-ნახევარი ქართველია გასული, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ეს ციფრი 10 წელია სახელდება, მე კი ვხვდები ადამიანების, რომელიც ახალი წასულია და ამ ადამიანების რიცხვი დღითი დღე იზრდება. წამსვლელთა ნაკადი იზრდება.

- 2010 წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა?

- 2010 წლიდან იყო საშიშროება იმისა, რომ საქართველოს დეპორტირებული ქართველების დიდი ნაკადი მოაწყდებოდა, რაც ერთგვარ პრობლემას შექმნიდა. საბედნიეროდ, ეს არ მოხდა, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომელთაც იგრძნეს საშიროება, რომ რეადმისიის ხელშეკრულების გამო შესაძლებელი იყო, დეპორტაციაში მოხვედრილიყვნენ, მომთაბარეობა დაიწყეს. სამწუხაროდ, ევროპაში გაჩნდნენ მომთაბარე ქართველი ემიგრანტები. ის, რაც ქართველ ერს არ ახასიათებდა, ახლა სამწუხარო რეალობაა.

- უფრო საინტერესო წასაკითხი რომ იყოს ინტერვიუ, კარგი იქნება თუ მაგალითებს მოვიყვანთ.

- მე არაერთ ადგილზე ვიყავი, სადაც "მომთაბარე ქართველები" ცხოვრობდნენ: საფრანგეთში არის მიტოვებული შენობები, ე.წ. სკუატი. ესაა სახლი, რომლის პატრონიც გარდაცვლილია და რაკი მას არ ჰყავდა მემკვიდრე, სახლი დარჩა სახელმწიფოს, მაგრამ მოუვლელობის გამო სახლი სავალალო მდგომარეობაშია. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ემიგრანტების უფლებების დაცვაზე მუშაობენ, ეხმარებიან ემიგრანტებს თავშესაფრის პოვნაში, მიჰყავთ ასეთ სახლებში. სკუატამდე ადამიანები ღამეებს ათევენ ქუჩაში, კიბის ან პალმის ქვეშ... ძალიან ბევრი ქართველი ვიცი, ვინც თვეობით ქუჩაში ცხოვრობდა! სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა ისიც, რომ ვისაც შემოსავალი არ აქვს, შედის სურსათის მაღაზიებში და იპარავს პურს. ყველაზე ნიშანდობლივი, რაც ძალიან დამამახსოვრდა, არის ჩემთვის ნათქვამი ერთი ფრაზა: ევროპაში ადამიანი შიმშილით არ მოკვდება! ანუ რას ნიშნავ ეს: უმწეობის გამო ადამიანი სურსათს თუ მოიპარავს, მას არ აპატიმრებენ, გამოუწერენ ჯარიმას, რომელსაც სოციალი იხდის.

- რას ნიშნავს ეს?

- თუ ადამიანი სოციალურ აღრიცხვაზეა, ამ შემთხვევაში სოციალი იხდის ამ ჯარიმას და თუ არ არის აღრიცხვაზე, ვერსად აგზავნიან ჯარიმის ქვითარს. მოდით, შევთანხმდეთ ერთ რამეზე, მე კონკრეტულ მაგალითებზე ვისაუბრებ, მაგრამ თავს შევიკავებ გვარების დასახელებისგან: ესპანეთში ერთი ადამიანი ჩავიდა სამუშაოდ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას რა სამუშაოსაც ჩასვლამდე სთავაზობდნენ, ადგილზე ჩასვლის შემდეგ არ შესთავაზეს. იმას კი, რაც შესთავაზეს, ვერ გააკეთებდა და დარჩა ქუჩაში. 11 თვის განმავლობაში ეს ადამიანი ქუჩაში ცხოვრობდა. ამ პერიოდში იძულებული იყო, სუპერმარკეტში შესულიყო და "პური არსობისა" მოპარვით ეშოვა. ამ მძიმე ყოფამ, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა და როგორც თავად მომიყვა, გადაწყვიტა, რამე ღირებული ნივთი მოეპარა და დეპორტაციას დაქვემდებარებოდა. მისი სიტყვებით გავაგრძელებ ისტორიის მოყოლას: "მირჩიეს, სასმელები მომეპარა, შევედი მაღაზიაში და ეს ბოთლები ისე ჩავილაგე ჯიბეებში, რომ კარგად გამოჩენილიყო მოპარული ბოთლები. მაღაზიიდან გარეთ რომ გამოვდიოდი, რა თქმა უნდა, სიგნალიზაცია ამუშავდა. ნახეს, ორი ბოთლით გავდიოდი, გამოწერეს ჯარიმა და გამომიშვეს, ვთქვი, რატომ მიშვებთ, მე მოვიპარე. რუსულად მოლაპარაკე გამყიდველთან მივედი, 11 თვე ქუჩაში ვცხოვრობდი და ესპანურს როგორ ვისწავლიდი? მივედი იმ ქალთან და ვუთხარი, ეთქვა სხვებისთვის, რომ მე მოვიპარე და დეპორტაცია გამიკეთონ. ამ ქალბატონმა ყველას გააგებინა ჩემი ნათქვამი, დაცვამ თქვა, ეს, ეტყობა, გიჟიაო და გამომაგდეს მაღაზიიდან". მსგავსი შემთხვევა მოხდა ჰოლანდიაში: ერთი ქართველი მხატვარი არალეგალურად ცხოვრობდა მიტოვებული ქარხნის შენობაში. მას, როგორც მხატვარს, მისცეს სახელოსნო, მაგრამ იქ არ ჰქონდა ღამის გათევის უფლება, სხვა მისამართზე იყო მიწერილი. ეს კეთდება იმის გამო, რომ იცოდნენ, ვინ სად არის აღრიცხვაზე. რაკი მხატვარს სახელოსნოში არ ჰონდა ღამის გათევის საშუალება, მან ფანჯრებზე ჩამოაფარა ფარდები, კედელში ჰქონდა საწოლი, რომელსაც დღის განმავლობაში აკეცავდა და შეუმჩნეველი იყო. ასე მუშაობდა მხატვარი. მსგავსმა ცხოვრებამ დაღალა, ამას დაემატა სამშობლოს ნოსტალგია და დააპირა, საქართველოში წამოსულიყო. ვერაფერი მოიფიქრა გამოსავალი და როგორც თავად მითხრა, დახატა მკრეხელური ნახატი - დედოფლის კარიკატურა გააკეთა. ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა ჰოლანდიისთვის დიდი შეურაცხყოფა და გამოადეპორტებდნენ, მაგრამ არ მოხდა ისე, რაც ივარაუდა, არ გამოადეპორტეს! მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ჰუმანური დამოკიდებულების დამსახურება იყო ის, რომ რეადმისიას დიდი ტალღა არ მოჰყვა.

- ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად...

- დიახ, 2011 წელს, როგორც კი საქართველოს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ბევრმა ადამიანმა გარისკა და საკონსულოში მივიდა. მათ დიდი სურვილი ჰქონდათ იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. ემიგრაციაში ძალიან დიდი გამოცოცხლება იყო მაშინ, ძალიან დიდი! მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილის გამოჩენა საზღვარგარეთ მყოფ ქართველებზეც ისე აისახა, როგორც ეს საქართველოში იყო. ანუ იქაც მსგავსი დაპირისპირება იყო სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის! მეც, ისევე როგორც იქ მყოფი ემიგრანტები, რომლებიც ახალ ცვლილებებს აძლევდნენ ხმას, ვსვამდი კითხვას: თუ თქვენ მოგწონთ ნაციონალური ხელისუფლება, მაშინ რატომ ცხოვრობთ უცხო ქვეყანაში? პასუხი არ იყო...

- მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი...

- 4-5 წელი ძალიან მძიმე გადასატანია ემიგრანტისთვის, თუნდაც შეუგების თვალსაზრისით, ენა უნდა ისწავლოს, საბუთებზე იზრუნოს, ოჯახი არჩინოს და ის ვალები გაისტუმროს, რომელიც საზღვარგარეთ დაუგროვდა, ან წამოსვლამე ჰქონდა, რაც იყო კიდეც მისი საქართველოდან წასვლის მიზეზი. საზღვარგარეთ ჩასვლის პირველივე დღიდან იწყება ემიგრანტის ტანჯვა-წამება, არიან უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში, არ არიან სტუმრად, უმეტეს შემთხვევაში ისინი ხვდებიან დასაქმების ბიუროების ფორმით დაქირავებულ ბინებში, რომელსაც, სხვათა შორის, თავად ადრე ჩასული ქართველები ქირაობენ და ახალჩასულებზე აქირავებენ, ამას გრაფიო ჰქვია ბერძნულად. ღამე გავათიე გრაფიოში, იმის გამო, რომ მენახა, რას ნიშნავს ემიგრანტობა პირველივე დღიდან. 2004 წელს ერთხელ გზაში დამემგზავრა 22 წლის ქართველი გოგონა, რომელსაც იქ დახვდა 19 წლის და, ეს გოგონა გერმანიაში მუშაობდა 2 წელი ბავშვის მომვლელად, იქ ყოფნის ვადა გაუთავდა, კონტრაქტი არ გაუგრძელეს და იძულებული გახდა, საბერძნეთში ჩასულიყო. ჩვენ რომ ჩავედით, ეს 19 წლის გოგონა 2 კვირის ჩასული იყო უკვე და იყო შოკში, რასაც ჰქვია. მან გვითხრა, თქვენ არ იცით, სად მოვხვდი. გერმანიის შემდეგ საბერძნეთი ჯოჯოხეთად ეჩვენა. თითო ოთახში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. ვთქვათ, გაქირავებულია სამი ოთახი, მეოთხე ოთახში ცხოვრობს... მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ ასეა და ამას ვერ გავექცევით... მეოთხე ოთახში ცხოვრობს ქართველი მონათმფლობელი რასაც ჰქვია.

- ვერ გავიგე...

- ქართველები ქირაობენ 5 ოთახიან ბინებს, აქირავებენ ახალჩასულ ქართველებზე ოთახებს, სადაც შესაძლებელია 2-3 თვე ისე იცხოვრონ, რომ ვერ დასაქმდნენ, მაგრამ პირველივე დღიდან ეწყებათ გრაფიოში ცხოვრების გადასახადი, კომუნალური იქნება ეს თუ სხვა... ადრე ღამეში 5 ევრო იყო გადასახადი, მერე მითხრეს, ცოტა მოიმატა ფასმაო. თუ უხელფასოდ და უფულოდ ხარ, რა თქმა უნდა, ვალს ვალი ემატება...

წყარო: გაზეთი ”პრემიერი”

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?