"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე

"ყელში წვდა და დახრჩობას უპირებდა, შემდეგ წიხლებს ურტყამდა" - რას ყვებიან მოწმეები ბათუმში პლაჟზე მომხდარ თავდასხმაზე

ბათუმის ბულვარის პლაჟზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის ცემის მოწმეები ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხეს. მოწმეები თამთა ჩუმაშვილი და უფლებადამცველი თამარ გურჩიანი აცხადებენ, რომ მოძალადე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში უპირატესობით სარგებლობდა.

როგორც თამთა ჩუმაშვილი ამბობს, რომ მამაკაცი ქალს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც პატრული გამოიძახეს. მისივე თქმით, მოძალადე მამაკაცი გ. მ. "პოლიციის განყოფილებაში ძალიან თავისუფლად დასეირნობდა".

"მამაკაცი პლიაჟზე ქალს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, შემდეგ წამოხტა, ეცა გოგოს, თმებში წვდა და წყალში აყოფინებდა თავს. ჩვენ დავურეკეთ პატრულს, შველას ვითხოვდით, რომ არ შემოკვდომოდა გოგო. შემდეგ ამოათრია წყლიდან, ყელში წვდა და დახრჩობას აპირებდა თუ რა იყო არ ვიცი, შემდეგ წიხლებს ურტყამდა. მე და ჩემი მეგობრები გაშველებას ვცდილობდით. შემდეგ მოვიდა პატრულიც. ეს გოგო ამბობს, რომ თურქმენეთიდან არის. მოწმის სახით დაგვკითხეს. არ ვიცი მოძალადე ვინ არის, მისი სახელი და გვარი გავიგე, იმიტომ რომ ბევრჯერ ახსენეს. გ. მ. პოლიციის განყოფილებაში ძალიან თავისუფლად დასეირნობდა. შემდეგ ეს ბიჭი ვნახე პოლიციის უფროსის მანქანაში, სადღაც მიდიოდნენ", - აღნიშნა თამთა ჩუმაშვილმა.

უფლებადამცველ თამარ გურჩიანის თქმით კი, პოლიციის განყოფილებაში თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ პოლიციას მოძალადის მიმართ უფრო ჰქონდა თანაგრძნობა, ვიდრე მსხვერპლის მიმართ.

"როგორც მსხვერპლმა განაცხადა, ამ მამაკაცის მამა არის პოლიციელი. როდესაც ჩვენ მივედით მეექვსე განყოფილებაში, პირველი გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, რომ პოლიციელები იცნობდნენ მოძალადე მამაკაცის მამას. მსხვერპლმა ისიც რომ დაამატა თუ სად ცხოვრობდა მოძალადე, ამ დროს პოლიციელებმა თქვეს, რომ იცოდნენ ვისი შვილიც იყო. უდავოა, რომ ეს მამაკაცი ნამდვილად არის პოლიციელის შვილი და ამის გამო რაღაც უპირატესობით სარგებლობს. პოლიციის განყოფილებაში როდესაც მსხვერპლი იკითხებოდა და მოწმეები ველოდებოდით ჩვენს რიგს, მოძალადე სეირნობდა განყოფილებაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ფაქტია, რომ პოლიციას მის მიმართ უფრო აქვს თანაგრძნობა, ვიდრე მსხვერპლის მიმართ, იმიტომ, რომ რადგან ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და შესაძლოა, ისეთი საქმიანობითაა დაკავებული, რომელიც მაინცდამაინც თანხმობაში არ მოდის საზოგადოებრივ მორალთან, ამიტომ, პოლიცია არასწორი მიდგომით სარგებლობს და მსხვერპლის მაგივრად მოძალადეს ანიჭებს უპირატესობას", - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

მისივე განმარტებით, უცხო ყვეყნის მოქალაქე აცხადებს, რომ მას მოძალადე მამაკაცმა პასპორტი წაართვა, იარაღით ემუქრებოდა და ერთი წლის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.

"უშუალოდ დაკითხვის დროს მსხვერპლმა რა თქვა არ ვიცი, მაგრამ პლაჟზე საპატრულო პოლიციას, დაცვის პოლიციას და კრიმინალურ პოლიციას უყვებოდა თავის ამბავს. ის ამბობდა, რომ თავის პარტნიორთან ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე ის მუდმივად იყო ძალადობის მსხვერპლი, რადგან მამაკაცი სცემდა - ასევე, ემუქრებოდა იარაღით, გასარკვევია რა იარაღზეა საუბარი. ასევე ქალმა თქვა, რომ მას მამაკაცმა პასპორტი წაართვა", - აღნიშნა თამარ გურჩიანმა.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი პოლიციელის შვილმა სცემა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში განუცხადეს, არც მომხდარში მონაწილე პირი და არც მამამისი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ არიან. უწყების ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის ცემას გულისხმობს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პასუხისგების საკითხი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია