ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება

ქორწინებაში უიღბლო ცნობილები - 6 ხმაურიანი განქორწინება

ცნობილი ადამიანების ცხოვრება, ქორწინება, დაშორება მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს ქართველი ვარსკვლავები მალავენ, მაგრამ დაუფარავი არაფერი რჩება. "ამბები.გე" გთავაზობთ იმ ქართველი ვარსკვლავების წარუმატებელ ქორწინებებს, რომლებიც ხმაურიანი განშორებებით დასრულდა.

ნინი ბადურაშვილი და ირაკლი კუტალაძე

ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის დაშორებას წერტილი მომღერლის ქმარმა დაუსვა. ნინი რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა ქმარს დაშორდა და მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა, ცდილობდა მისი ოჯახური ამბავი არ გახმაურებულიყო, მაგრამ ბადურაშვილის ყოფილი ქმარი ჟურნალისტებს დაუკავშირდა და სკანდალური ინტერვიუ მისცა. კუტალაძე ინტერვიუში აცხადებდა, რომ ნინისთვის მთავარი იყო კანონიერად გათხოვილიყო, ნინიმ ყოფილ ქმარს მხოლოდ ლექსით უპასუხა: "ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადნენ ვერ გამხადეს ფლიდი, ამ ცხოვრებას კაცად შერჩე ბოლომდე, ესეც ალბათ გმირობაა დიდი". მოგვიანებით, როცა ნინი ბადურაშვილი პატარა ელენეს დედა გახდა, როგორც ჩანს, წყვილს შორის ურთიერთობა დათბა და მამამ ქალიშვილი რამდენჯერმე მოინახულა.

დათო ხუჯაძე და ნათია ონიანი

მომღერალ დათო ხუჯაძეს პირად ცხოვრებაზე საუბარი არასდროს უყვარდა. ერთ დროს ყველაზე პოპულარული ბიჭი იყო, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ხან ვისთან აწყვილებდნენ და ხან ვისთან. მაგრამ მას შემდეგ რაც პარლამენტში მოხვდა ასლან აბაშიძის "აღორძინების" სიით და ეს ნაბიჯი რეკორდულად მოკლე და წარუმატებელი აღმოჩნდა, ხუჯაძემ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მომღერალმა რუსეთში კარგად აიწყო კარიერა, მას იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებებზე და სატელევიზიო შოუებში. თბილისში მხოლოდ სტუმრად ახერხებს ჩამოსვლას. მოსკოვში წასვლის შემდეგ ხუჯაძემ მოულოდნელად იქორწინა. მისი მეუღლე ნათია ონიანი გახლდათ, რომელიც რუსეთში დაიბადა და გაიზარდა. დათოს და ნათიას ქალიშვილი მელანოც შეეძინა, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. დათო ცოლთან დაშორების მიზეზებზე არასდროს საუბრობს. თუმცა ცნობილია ის, რომ ყოფილი ცოლი მას შვილის ნახვის უფლებას არ აძლევს, რასაც მომღერალი ძალიან განიცდის. აღსანიშნავია, რომ მისი 4 წლის ქალიშვილი მომღერლის ოჯახს არ იცნობს, რადგან ხუჯაძეს ბავშვის არათუ თბილისში ჩამოყვანის უფლებას, ნახვის საშუალებასაც არ აძლევენ.

ნოე სულაბერიძე და ეკა სამხარაძე

პროდუსერ ნოე სულაბერიძის და ტელეწამყვან ეკა სამხარაძის ოჯახი რამდენიმე თვის წინ დაინგრა. ხმები წყვილის დაშორების შესახებ რამდენიმე წლის წინაც გავრცელდა. ნოე და ეკა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთანაც კი დადიოდნენ, რომელიც მათ დახმარებას უწევდა. მას შემდეგ დაახლოებით სამი წელი გავიდა და ნოეს და ეკას ოჯახი აპრილში საბოლოოდ დაინგრა.

ეკა და ნოეს ჰყავთ გოგონა - ლიზა. ეს ეკასთვის პირველი, ნოესთვის კი მეორე ქორწინება იყო. ნოეს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს ერთი შვილი. როგორც ამბობენ, ნოეს და ეკას ოჯახი მესამე ადამიანის გამო დაინგრა. ამბობენ, რომ ეს მესამე პირი "იმედის" თანამშრომელი თიკა ჭანტურიძეა. ისინი მოგზაურობაშიც იყვნენ ერთად. ალბათ გახსოვთ, ნოე სულაბერიძემ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი ტურის დროს ხელი რომ მოიტეხა. საავადმყოფოში მას სწორედ თიკა ჭანტურიძე ახლდა, რომელიც თვითმხილველების განცხადებით, ცხარე ცრემლებით ტიროდა.

სოფო ბედია და მიშა შაყულაშვილი

მომღერალ სოფო ბედიას და მიშა შაყულაშვილის დაშორებას დიდი ხმაური მოჰყვა. წყვილი გასულ ზაფხულს დაშორდა. ამბობენ, რომ მათი დაშორების მიზეზი მიშას რთული ხასიათი იყო. მათი ახლობლების განცხადებით, სოფო დიდხანს ცდილობდა ოჯახის გადარჩენას, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლო მეუღლის მძიმე ხასიათს და დაშორდნენ.

დაშორების შემდეგ სოფომ მალე იპოვა ახალი სიყვარული, მისი რჩეული პოლიტიკური აქტივისტი მიშა მესხია, რომელმაც სოფო საერთო მეგობრების წრეში გაიცნო და საყვარელი ქალის გულის დასაპყრობად ყველაფერი გააკეთა. მიშა და სოფო ყველგან ერთად დადიან, სულ ცოტა ხნის წინ სოფო ბედიას მისმა რჩეულმა ძვირადღირებული ავტმობილიც აჩუქა. მალე ისინი დაქორწინებას გეგმავენ.

გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიქვილაძე

გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ მეორე ცოლსაც დაშორდა. მისი მეუღლე ანი ჩიქვილაძე გახლდათ, რომელთანაც მსახიობს ვაჟი, ალექსანდრე ჰყავს. გიორგის და ანის დაშორება მოულოდნელი იყო. ამბობდნენ, რომ გიორგიმ ოჯახი ჯულიანა ბარ-გნარის გამო დაანგრია. მოგვიანებით, ეს ამბავი ჯულიანა ბარ-გნარმა დაადასტურა, რომელმაც განაცხადა, რომ გიორგისთან ბედნიერია. დაქორწინდებიან თუ არა ისინი მომავალში, უცნობია.

თაკო ბასილია და შაკო კემულარია კოტე კემულარიას ვაჟის, შაკო კემულარიას და თაკო ბასილიას გაშორებამ წლების წინ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ცოლთან დაშორების შემდეგ, ბომონდურ ცხოვრებას შეჩვეული, გავლენიანი ოჯახის შვილი შაკო კემულარია მონასტერში წავიდა. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მან საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო მიიღო. თავად კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს: "როცა ადამიანი ცოლთან გაშორების გამო მიდის მონასტერში, ის ამდენი ხანი აქ ვერ გაძლებს, გაჩერდება ერთი თვე და მერე გადაუვლის. თან მე და ჩემი ცოლი კარგა ხნის გაშორებულები ვიყავით, როცა რაღაცა მოხდა, უბრალოდ, ხალხში არ იყო გაბაზრებული".. შაკოს ყოფილ ცოლთან ურთერთობა დღემდე აქვს, ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ ბავშვის გამო კონტაქტობენ. შაკო კემულარიას ყოფილი ცოლი თაკო ბასილია მოგვიანებით, მოსკოვში მცხოვრებ, ცნობილ პროდუსერზე, აჩიკო გელოვანზე გათხოვდა, თუმცა მასაც დაშორდა და ახლა თბილისში ცხოვრობს.

სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე

სალომე ქათამაძე და გიგი ზამთარაძე რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ. ისინი დაქორწინებამდე რამდენიმე წელი იყვნენ შეყვარებულები. როგორც სალომემ "ამბები.გეს" განუცხადა, ქმარს იმის გამო დაშორდა, რომ გიგი მას ამერიკაში გამგზავრების უფლებას არ აძლევდა, რასაც თავად გიგი ზამთარაძის მეგობრები უარყოფენ და ამბობენ, რომ გიგის სალომე დღემდე ძალიან უყვარს და ცოლთან დაშორების გამო დეპრესიაშია.

წყვილის ახლობლების ცნობით, სალომეს და გიგის დაშორების მიზეზი მესამე ადამიანი გახდა. ამბობენ, რომ სალომეს ერთ-ერთი დიჯეი შეუყვარდა, რომელთან ერთადაც კლუბში მუშაობდა, სალომე მღეროდა, დიჯეი კი მიქსავდა. მესამე ადამიანის გამოჩენის მიუხედავად, გიგი მაინც ცდილობდა სალომესთან შერიგებას, ერთხელ მას კლუბშიც კი მიაკითხა, სადაც სალომე ახალ შეყვარებულთან ერთად ნახა, რამაც ძალიან გააღიზიანა და მათ შორის შელაპარაკება მოხდა, უფრო მეტიც, ქმარმა მას ბულვარში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული სალომემ "ამბები.გე"-საც დაუდასტურა. ახლა სალომე თავს ბედნიერად გრძნობს და ამბობს, რომ ქმართან შერიგებას არ აპირებს.

თამარ ბოჭორიშვილი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია