რა განხეთქილება მოხდა სანაიასა და "მაესტროს" მენეჯმენტს შორის და რომელ არხზე შეიძლება ვიხილოთ ტელეწამყვანი

რა განხეთქილება მოხდა სანაიასა და "მაესტროს" მენეჯმენტს შორის და რომელ არხზე შეიძლება ვიხილოთ ტელეწამყვანი

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვა. არხის დატოვების მიზეზად სხვადასხვა ვერსია სახელდება. ინფორმაცია ვახო სანაიას გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა პირდაპირ ეთერში დაადასტურა.

"ცხრიანისთვის" აღარ იმუშავებს ვახო სანაია. მიზეზი ჟურნალისტსა და არხის მენეჯმენტს შორის კონკრეტულ საკითხებზე შეუთანხმებლობაა. მე პირადად მადლობას ვუხდი მას, აქ დახარჯული ენერგიისთვის და ახალი ამბების მთელი შემადგენლობის სახელით, არხის მენეჯმენტთან ერთად ვუსურვებ წარმატებას", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მოგვიანებით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, განცხადება ვახო სანაიამ Facebook-ზე გააკეთა.

Facebook/ ვახო სანაია:

"ვახო სანაიას რეპორტაჟი" აღარ გავა მაესტროზე. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ეთერში ვიყავით, და მოვახერხეთ საკვანძო საკითხების გაშუქება. იმედია, რომ საინტერესო იყო თქვენთვის, ამაში რეიტინგი და გამოხმაურებაც მარწმუნებდა. არ დარჩენილა არც ერთი ეთერი გამოხმაურების გარეშე. დამატებით ამ საკითხზე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ამასთან ერთად, წამოვედი "ცხრიანიდან", - წერს სანაია.

სანაია მენეჯმენტთან დაპირისპირებასა და პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლებაზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებს. Ambebi.ge მასთან დაკავშირებას ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდა, თუმცა ტელეწამყვანს ამ დრომდე გამორთული აქვს მობილური ტელეფონი. რაც შეეხება ვერსიებს, მასზე ჟურნალისტურ წრეებში ბევრს საუბრობენ. ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ მიზეზი, რის გამოც სანაიასა და ტელევიიზიის მენეჯმენტს შორის განხეთქილება მოხდა, ვახოს სამომავლო გეგმებია. მისი თქმით, ვახო სანაიას ახალი გადაცემის გაკეთება უნდოდა, რისი უფლებაც "მაესტროში" არ მისცეს და ამის გამო დატოვა ტელევიზია.

ინფორმაციას სანაიასთან შეუთანხმებლობის შესახებ "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც ადასტურებს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებთან და აცხადებს, რომ იყო საკითხი, რომელზეც ვახოსთან ვერ შეთანხმდნენ. "დეტალებზე მე არ ვსაუბრობ, რადგან იქ არაფერი მნიშვნელოვანი არ არის, რაც საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება", - ამბობს გადაბაძე.

იმის გათვალისწინებით, რომ ვახო სანაიას მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც ჟურნალისტი არხის დატოვების შესახებ იუწყებოდა, "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი პროდიუსერი, რუსუდან ვაშაკიძე ეხმაურება და სამომავლო იდეებზე საუბრობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტელეწამყვანი შესაძლოა, "რუსთავი 2"-ზე გამოჩნდეს.

"უკვე მაქვს იდეა, ლალალააა, ნუ ყველაზე ბოლოს მოგაწვდი, ჯერ დაისვენე", - სწორედ ასე გამოეხმაურა ვაშაკიძე სანაიას სტატუსს.

აღსანიშნავია, რომ რუსუდან ვაშაკიძეს ვახო სანაიასთან აქამდეც უმუშავია. ვაშაკიძე წარსულში, ვახო სანაიასთან ერთად გადაცემას "პირველ არხზე" აკეთებდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები