თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ტრაგედია ყაზბეგზე
პატრულის დაჭრილი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პერსპექტიული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავამდყოფოს ექიმმა განუცხადა. მანამდე ექიმი საავადმყოფოს ეზოში მყოფ შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს შეხვდა და ესაუბრა.
"ემერჯენსის" განყოფილებაში შესვლამდე კი ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან დაკავებულია და ოპერაციაზე შედის. "მდგომარეობა მძიმეა მაგრამ პერსპექტიული", - განაცხადა ექიმმა.
რაც შეეხება ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.