თემის ყველა მნიშვნელოვანი განახლება ნახეთ თეგზე #ტრაგედია ყაზბეგზე
ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი ორივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი ორივე პაციენტის ოპერაცია დასრულდა, რომელიც რამდენიმე საათი გრძელდებოდა.
როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მოქალაქის კი - კვლავ კრიტიკულად მძიმე. ოპერაციის შემდეგ პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
დაჭრილებს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
"ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი", - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.