საკადრო დანაკარგს საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს - ნინო ჟიჟილაშვილი

საკადრო დანაკარგს საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს - ნინო ჟიჟილაშვილი

"მაესტროს" გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო მიმართულებაში ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, კოტე გოგელიასთან თათბირი შიდაკორპორატიულ თემებს ეხებოდა, ხოლო რაიმე ტიპის საკადრო დანაკარგს, საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს.

"მაესტროში" შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჟიჟილაშვილმა განცხადება მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა.

"ბიზნესმენი კოტე გოგელია საქართველოში ორი დღის წინ ჩამოვიდა. ის "მაესტროს" დამფუძნებლის, მაკა ასათიანის მეუღლეა. არსებულ მენეჯმენტს ის მართვის საკითხებში უწევს კონსულტაციას და "მაესტროს" დრო და დრო სტუმრობს. ბოლო დღეების განმავლობაში მას არხის ყველა ძირითად გადაცემასთან ჰქონდა შეხვედრა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გახლდათ საინფორმაციო სამსახურთანაც, რომლის შემდეგაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საპროდიუსერო სამსახური დატოვა მისმა შემადგენლობამ, მათ შორის მეც – "ცხრიანის" წამყვანმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ საინფორმაციო მიმართულებაში. დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე ტიპის საკადრო დანაკარგს საინფორმაციო სამსახური არ ადასტურებს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ შეხვედრა შეეხებოდა შიდაკორპორატიულ თემებს, როგორიცაა ფინანსები, სამუშაო კონტრაქტები და ორმხრივი ვალდებულებები. ასევე, შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ როგორც დღის, ისე მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა "ცხრიანი" რჩება არხზე, სადაც ყოველთვის ჰქონდა და ამჯერადაც აქვს გარანტია, რომ ექნება მიუკერძოებლად, დაბალანსებულად და დამოუკიდებლად, მათ შორის დამფუძნებლებისგანაც დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები