ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს

ირაკლი ღარიბაშვილი - "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში გადასვლა ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ "თავისუფალი დემოკრატები" სიტუაციის დაწყნარების შემდეგ ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. როგორც ღარიბაშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განაცხადა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრები კარგი და წესიერი ადამიანები არიან და იმედოვნებდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა კოალიციაში დარჩებოდა. "ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ისეთ პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მზად არის მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის, რათა ქვეყანამ მიაღწიოს წინსვლას და განაგრძოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. იმედი მქონდა, რომ "თავისუფალი დემოკრატები" დარჩებოდნენ მმართველ კოალიციაში. მე იმედს ვიტოვებ, რომ როგორც კი სიტუაცია დაწყნარდება, ისინი ხელისუფლებასთან გონივრულ და კონსტრუქციულ ურთიერთობას დაიწყებენ. ისინი კარგი და წესიერი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. სიმართლე გითხრათ, მათი გადასვლა ოპოზიციაში ქართულ დემოკრატიას უფრო გააძლიერებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ალასანიას საჯარო პასუხი თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესთან მიმართებაში იყო უპასუხისმგებლო და მან ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს."მთავრობის წევრი არ უნდა აკეთებდეს ისეთ ბრალდებებს პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს ევროპელ და ევრო-ატლანტიკურ პარტნიორებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს საგარეო საქმეებზე არანაირი გავლენა არ ექნება.

"მესმის, რომ ამ ცვლილებებმა ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში კითხვები შეიძლება წარმოშვას. ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება! ამ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარდა მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის შიდა საკითხები, რომლებსაც არავითარი გავლენა არ ექნება ჩვენს საგარეო საქმეებზე. ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ მართალია მთავრობაში ცალკე პირები და პოლიტიკური კავშირები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური კურსისადმი უცვლელია. ის არა მხოლოდ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია, არამედ ქართველი ხალხის ნებაც, რომლის სამსახურში ყოფნის პატივიც მე მხვდა წილად. საქართველოს ევროპული არჩევანი შეუქცევადია. მე პირადად ვხედავ ევრო-ატლანტიკურ კურსს, როგორც მშვიდობიანი და გაბრწყინებული საქართველოს ერთადერთ გზას. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მისიის ბირთვი. მე არ მინდა, რომ ერთი წამით მაინც შეიტანოთ ეჭვი ევროატლანტიკური არჩევანისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებაში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული გამოძიების დეტალებს ვერ ჩაუღრმავდება, სახეზეა სერიოზული ბრალდებები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებას."როგორც მრავალჯერ მითქვამს, კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ არ წავალთ არანაირ დათმობაზე პოტენციური კორუფციის გამოვლენაში, მიუხედავად იმისა თუ რომელი მინისტრი ან სტრუქტურაა ამაში გარეული. ქართველი ხალხი იმსახურებს ეფექტურ მთავრობას, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტებისგან. ახლა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ წინსვლა და დაუღალავი შრომა, რათა ვემსახუროთ ქართველი ხალხის ოცნებებს.

მისივე თქმით, მინდია ჯანელიძე იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი."მინდია ჯანელიძე, რომელსაც ზოგიერთი თქვენგანი ალბათ უკვე იცნობს, იქნება შესანიშნავი თავდაცვის მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით თანამშრომლობა თქვენს ქვეყნებთან გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში დასახელდება ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის მინისტრი. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესანიშნავად შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს. ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებთანაც თქვენ შეძლებთ მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

LIVE: "360 გრადუსი" - სალონ V&M-ის დირექტორი ვაჟა სუჯაშვილი, ანზორ ბიწაძე, თამარ კორძაია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"