სუიციდის მორიგი შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა. შეღამებისას მეზობელმა ჭალაში, ხეზე ჩამოკიდებული ადამიანი შემთხვევით იპოვა... თავზარდაცემული კაცი გარდაცვლილს მიუახლოვდა და 31 წლის ლადო ქერდიყოშვილი ამოიცნო. ამ ახალგაზრდას სოფელი მთელი ღამის განმავლობაში დაეძებდა. ის წინა დღეს, შღამებისას გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. ამით ამოიწურა ლადო ქერდიყოშვილის დედის უკანასკნელი იმედი, რომ მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა. როგორც ახლობლები ამბობენ, ლადო ქერდიყოშვილი იმათ რიცხვს მიეკუთვნებოდა, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ახლობლების გაუფრთხილებლად დაგვიანება არ სჩვევია. ამასთანავე, ლადო ქერდიყოშვილი ნიჭიერი ადამიანი იყო, -თავდაცვის სამინისტროში, სადაც ის უმცროს კაპრალად მუშაობდა, თანამშრომლები აფასებდნენ და ენდობოდნენ. მშობლიურ სოფელ ხიდისთავში ლადო შაბათ-კვირას დედ-მამის მოსანახულებლად ჩადიოდა. ამჯერედაც ასე იყო...
მ.ნ; გარდაცვლილის მეზობელი: -საშინელება მოხდა.... ვინც ლადოს იცნობდა, იცის, რომ ამას გადაჭარბებით არ ვამბობ. ისეთი კარგი ბიჭი, როგორიც ლადო იყო, ცოტაა. ასეთმა ხალხმა უნდა გაიხაროს და გამრავლდეს, მან კი სიცოცხლე დაასრულა და გაქრა... თანაც ისე, არავინ იცის, რატომ. სოფლის მოსახლეობა გაოგნებულია, -განა რა უნდა დაეშავებინა, ან რა უნდა მომხდარიყო ასეთი, რომ ლადოს თავი მოეკლა? მაგის გვერდით კაცი არ იყო, რომ ეგ არ ჰყვარებოდა. ვეჭვობდით, რომ სამსახურში ჰქონდა ცუდად საქმე, მაგრამ მისი თანამშრომლები აქეთ კითხულობენ, -სამსახურში ყველაფერი კარგად ჰქონდა, თქვენ ხომ არ იცით, რა მოხდაო...
- უმიზეზოდ არაფერი ხდება, ალბათ მაინც ჰქონდა მიზეზი, უიმედოდ ხომ არ იყო შეყვარებული?
- რა უიმედოდ! ცოლი და შვილი ჰყავს. ლადო ერთგული კაცი იყო.... სოფელში მაგაზე ბედნიერი კაცი არ გვეგონა, სულ კარგ ხასიათზე იყო... ამ შაბათ-კვირასაც რომ ჩამოვიდა სოფელში, მეზობელმა დაპატიჟა და ისე გულით იქეიფა, გესიამოვნებოდა.. ხო, შეიძლება წამით ჩაფიქრებულიყო და სახე მოღრუბვლოდა, ეგეც კი არ ყოფილა!