კახა ბენდუქიძის ცხედრის ექსპერტიზა დასრულებული არ არის, რის გამოც, უახლოეს ორ დღეში გარდაცვლილის სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ოჯახის ახლობელმა აცნობა, ექსპერტიზა დღეს დაიწყო, თუმცა პროცესი დასრულებული არ არის, რის გამოც მიცვალებულს, სავარაუდოდ, 20 ნოემბრამდე ვერ გადმოასვენებენ.
ასევე, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუ სად დაკრძალავენ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს. არსებული ინფორმაციით, თავისუფალ უნივერსიტეტს კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალვის სურვილი აქვს. გადაწყვეტილია მხოლოდ ის, რომ ბენდუქიძეს სწორედ უნივერსიტეტიდან გამოასვენებენ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.