მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში

მამა გაბრიელის სასწაულები საბერძნეთში

18-19 წლის ბერძენი გოგონა, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ტაძარში იმ იმედით მიიყვანეს, იქნებ, შვება იგრძნოსო, მაგრამ იმას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გოგონა ყავარჯნებს სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. ერთ-ერთი წირვის შემდეგ მამა იოანემ მამა გაბრიელის ხატთან, ჯანმრთელობის პარაკლისი გადაუხადა. თვითმხილველები ამბობენ, პარაკლისის დასრულებისთანავე, გოგონამ ყავარჯნები მოისროლა და ნაბიჯი გადადგაო: "ეს ნამდვილი სასწაული იყო. რაც უნდა მოგვეყოლა, ბევრისთვის შეიძლება დაუჯერებელი ყოფილიყო. ხომ იცით, გაგონილს ნანახი სჯობიაო. ბერძნები თავად გახდნენ ამ სასწაულის მომსწრე - გოგონა დღემდე ამტკიცებს, ფეხზე მამა გაბრიელმა დამაყენაო".

კიდევ ერთი სასწაული მამა გაბრიელის უმკლავო პერანგს უკავშირდება. ნინო ქარჩხაძეს ნაცნობმა ემიგრანტმა დაურეკა, ჩემს მულს, როზა სხირელს მოტოციკლი დაეჯახა, უგონოდაა, ექიმები გადარჩენის იმედს არ გვაძლევენ, საავადმყოფოდან უნდა გამოწერონ და იქნებ საქართველოში მის გადაყვანაში დამეხმაროო. "შეწუხდა ქალბატონი ნინო. მამა იოანეს სთხოვა, იქნებ მამა გაბრიელის შესამოსელი და ხატი ერთი საათით გამატანოთო. დათანხმდა მღვდელი. ქალბატონმა ნინომ, პერანგი და ხატი უგონო ემიგრანტს გულზე დაადო და მამა გაბრიელს სთხოვა, 8 წელია ოჯახის წევრები არ უნახავს, მათი ნახვის შანსს ნუ გაუქრობ, გამოაჯანმრთელეო. ავადმყოფი, რომელიც მანამდე არაფერზე რეაგირებდა, ქალბატონ ნინოს ხელზე ჩაებღაუჭა, ნიშნად, რომ ესმოდა. ამ სასწაულმა ექიმებიც კი გააკვირვა. დ ღეს ეს ქალი ცოცხალია, საღ-სალამათი და ცხოვრებას ჩვეულ რიტმში აგრძელებს,"- გვიამბობს ნინო ფრუიძე.

რამდენიმე ქართველი გოგონა, ტაძარს მუდმივად სტუმრობს. ერთ საღამოს, მამა იოანე ადგილზე არ დახვდათ - მეუღლემ, პრესვიტერმა გიორგიამ ხელი მოიტეხა და მღვდელმა საავადმყოფოში წაიყვანა. გოგონები შინ გაბრუნდნენ. ღამით, ერთ-ერთს მამა გაბრიელი გამოეცხადა - რატომ არ მოილოცეთ, მე ხომ იქ დაგხვდითო, უსაყვედურა.

ქალბატონ ნინოს, ლამის სასწაულად მიაჩნია, ქართველი ბიჭების ტაძრისკენ შემობრუნებაც. უმუშევრობის, ვალებისა თუ სხვა პრობლემების გამო, საზღვარგარეთ გადახვეწილი ახალგაზრდა მამაკაცებისთვის უცხოეთში სამსახურის შოვნა, არც ისე ადვილია. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ზოგი, არცთუ სასიამოვნო გარემოცვაშიც ხვდება. "უნდა ნახოთ, ეს ბიჭები, როგორ ლოცულობენ და ევედრებიან მამა გაბრიელს, ძალა მისცეს, იმ ჭაობიდან ამოვიდნენ, რომელშიც ნებით თუ უნებლიედ, უკუღმართი ცხოვრების, გაჭირვების, დაბნეულობის გამო აღმოჩნდნენ", - მომლოცველი ქართველი ახალგაზრდების შესახებ ემიგრანტი ქალბატონი ცრემლის გარეშე ვერ გვიამბობს. ემოციას მაშინაც ვერ ფარავს, როცა გვიყვება, წირვის შემდეგ, ქართველებთან ერთად, ბერძნები მოთმინებით როგორ ელოდებიან რიგს, რათა მუხლი მოიდრიკონ და წმინდანის ხატსა და უმკლავო პერანგს ემთხვიონ. მამა იოანესთვის კი ალბათ არანაკლები სასწაული მამა გაბრიელის მის ეკლესიაში მიბრძანებაა. უთქვამს კიდეც ერთხელ, ქადაგებისას, როგორი უბრალოც იყო ქართველი ბერი, ისეთ ტაძარში დაივანაო.

ნინო ლურსმანაშვილი

გაზეთი "ვერსია"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?