ავტორი:

გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."

გაუფასურებული ლარის მონოლოგი: "ვეღარ გავუძლებ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამას..."

ლადო გოგოლაძის ბლოგი

...მამაჩემი ჩემს დაბადებას გადაჰყვა, როგორც მითხრეს, ძალიან უწვალია უბედურს. ერთ დროს თავმომწონე, ისე გაუფასურდა, მილიონიც კი არაფრად ვარგოდა. მერე დავიბადე მე... გაჩენისას თოფი გაუსვრიათ, დანამდვილებით ვერ გეტყვით, ჩემს გამო ისროლეს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ სულ ისროდნენ.

სახელი ვინ დამარქვა, არ ვიცი, მამაჩემს პაპაჩემის სახელი უნდოდა დაერქმია ჩემთვის, მაგრამ ჩემს ნათლიას უთქვამს: ეს ისეთია, ჩონგურის ლარივით იხტუნავებს ზემოთ-ქვემოთო და დამარქვეს ლარი. თავიდან კარგად ვიზრდებოდი, იმასაც კი ამბობდნენ, ამან თუ ასე გააგრძელა, დოლარსაც აჯობებსო. მიხაროდა, როცა ეს მესმოდა და მოტივაცია მემატებოდა, მაგრამ ერთ დღესაც წავიფორხილე და ისეთი ვარდნა განვიცადე, რომ ხერხემალი დამიზიანდა. ჩემს პატრონს მსოფლიო ბანკში ვყავდი წაყვანილი, იქ ტომოგრაფია გადამიღეს და ასე თქვეს: ეს აწი მხოლოდ ეტლით თუ გადაადგილდება, დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებსო. პატრონმა მითხრა: უცხოელ ბიძიებს მოგიყვან, ბევრ ფულს დააბანდებენ და შენც ფეხზე დადგებიო. მეც ველოდები.

..."დო" შემზიზღდა. გავიგონებ რომ ვიღაც იტყვის, ნეტა ამდენი და ამდენი ლარი მომცაო, გამიხარდება, მნატრობენ-მეთქი, მერე კარგად დავუკვირდები და ლარს დო აქვს დამატებული. ვიცი, ჩემზე მეტად თქვენ განიცდით ჩემს მდგომარეობას, მაგრამ განა ეს რამეს ცვლის?!

სავალუტო ჯიხურების მანათობელი კურსის მაჩვენებლების დანახვა აღარ მინდა. როგორც თქვენთვის სარკეა, ისეა ისინი ჩემთვის; ვიხედები სარკეში და თავს ვეღარ ვცნობ. ჩემ თავს ვეკითხები, ნუთუ მე ის ლარი ვარ, დოლარს რომ ეუბნებოდა - შენ ამოდი ქართველთა ჯიბიდან და მე ჩავალო.

მარტო რომ ვრჩები, საკუთარ თავს ვეკითხები - ვინ გამაუბედურა და ჩამაგდო ამ დღეში?! რა უნდოდათ ჩემგან?! ვის რას ვუშავებდი, მაგრამ "კარგია მუდამ მტრიანიო", ხომ ნათქვამია? უბედური მამაჩემიც უგულო ხალხის საქციელმა შეიწირა. ცოტა ხნის წინ ვიღაცამ თავის შვილს, მამაჩემი - კუპონი მისცა და ითამაშეო, უთხრა. მერჩივნა სანთლის ალზე დავეწვი ვინმეს და ეს არ მენახა.

ძალიან დამჩაგრა საწუთრომ, საქართველოსთვის რომ გამიმეტა. რა იქნებოდა, გავჩენილიყავი ქუვეითში, ან გნებავთ ავსტრალიაში... ყველგან, საქართველოს გარდა. იქ, სადაც ჩემნაირებს პატივს სცემენ და რიდით ეპყრობიან. ძველ ლათინებს უთქვამთ, ქალს და ლარს ორივეს ერთნაირი სითბო და გაფრთხილება სჭირდებათო. ეს ქართველები კი ლათინური გამოთქმებიდან მხოლოდ ერთს აღიარებენ - ღვინოშია ჭეშმარიტებაო და ისე უდიერად მეპყრობიან, გული მტკივა. არადა სანამ მიშოვნიან, ისე ნატრობენ, ნეტა მქონდეს, ნეტა მქონდესო, რომ მეც მინდება ხოლმე მათთან ყოფნა, მივალ და...

ყოველდღიურად დაბლა-დაბლა მივიწევ. მგონი სიკვდილი მოდის და მეც მაგიტომ მექაჩება მიწისკენ (ევრო ალბათ ცხონდება, რადგან სულ ზევით-ზევით მიდის).

მამაჩემს მამინაცვალი ყოლია, მანეთს ეძახდნენ. მაგარი ვინმე ყოფილა, სანამ ცოცხალი იყო, დოლარსაც კი არ აჭაჭანებდაო, ამბობენ. აბა, ის ყოფილა კაცი, თუ ყოფილა, თორემ მე მარტო რუსულ რუბლს და სომხურ დრამს თუ ვიბრიყვებ, სხვა ყველა ზევიდან მიყურებს.

შიშით ვუყურებ ხვალინდელ დღეს, ისიც კი არ ვიცი დანამდვილებით, ხვალ ვიქნები, თუ არა. თუ ასე ვიყავი, როგორც დღეს ვარ, ნამდვილად ვეღარ გავუძლებ, თავს რამეს მოვუწევ და ზეციურ სავალუტო ბირჟაზე შევხვდები მამიკოს და პაპას... პაპას, რომელზეც დღემდე ლეგენდები დადის.

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

ჯაბა ჯიშკარიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

3-4 ოქტომბერს "პეპელას" გლდანის ფილიალში სრულ ასორტიმენტიმენტზე 30%-იანი გრანდიოზული ფასდაკლება გელოდებათ

ლარი 25 წლისაა - ვინ იყო აკადემიკოსი, რომელმაც ეროვნულ ვალუტას 1991 წელს სახელი შეურჩია