გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" დეკემბრის ნომერი N12 (48), რომელშიც წაიკითხავთ:
"სოფელში რომ ადესის სურნელს იგრძნობ, ესე იგი, აქ გურჯები ცხოვრობენ"
ქართველი მოსახლეობის სიმრავლე თურქეთის შავი ზღვისპირეთის სამხრეთ პროვინციებში, მეცნიერებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა! თურქეთში ამჟამად ქართველთა განსახლების სამი ძირითადი არეალია: ისტორიული ტაო-კლარჯეთი, სადაც ქართველები უმთავრესად განსახლებული არიან ართვინის ვილაიეთში, ამ ნაწილს ძირითადად შენარჩუნებული აქვს ქართული ენა და წეს-ჩვეულებები; 1778 წელს მუჰაჯირებად გახიზნული მოსახლეობის შთამომავლები მარმარილოს ზღვის რეგიონში; ასევე მუჰაჯირთა შთამომავლები შავი ზღვისპირეთის სამხრეთ პროვინციებში.
თუ შავშეთ-იმერხევისა და ზოგადად, ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე მარმარილოს ზღვის სანაპიროს ქართველთა შესახებ ჩვენს საზოგადოებას მეტ-ნაკლებად აქვს ინფორმაცია, ამას ვერ ვიტყვით შავი ზღვისპირეთის ქართველთა შესახებ. მეტიც, ქართველი მეცნიერთა ექსპედიციისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა ასეთი დიდი ქართული დიასპორის არსებობა თურქეთის ამ მხარეში. აქ ქართული წარმომავლობის ხალხით დასახლებული დაახლოებით 200 სოფელია...
თბილისის ამირას "არაბული ზაფხული" - როგორ მოხვდა ბუღა თურქის მიერ ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის სიკვდილით დასჯა ისლამურ "ათასწლეულის ისტორიაში"
853 წლის აგვისტოს დამდეგი იყო. თბილისის სანახებს მიუახლოვდა აბასიანთა სახალიფოს ლაშქარი ხალიფა მუთავაქილის (847-861) თურქული გვარდიის სარდლის, ბუღა უფროსის, იმავე ბუღა თურქის მეთაურობით. სამიზნე იყო თბილისის ამირა, ისჰაკ იბნ ისმაილი, რომელსაც ქართველები სააკ ისმაელის ძედ უხმობდნენ... 35 წლით ადრე ისჰაკმა, ხალიფას ნებართვის გარეშე, მიიტაცა თბილისი და გახდა უზურპატორი... წარმატებებმა გაათამამეს ისჰაკი. მან არაბთა დიდი პროვინციის, არმინიის მფლობელის (საჰიბ) ტიტული მიიღო (ან მიითვისა). გადასახადების მიტაცებაც დაიწყო და სახალიფო ხაზინაში აღარაფერს გზავნიდა. ეს იყო დანაშაული, რის პატიებაც არ შეიძლებოდა. ამიტომ ხალიფები მის წინააღმდეგ დამსჯელ ექსპედიციებს გზავნიდნენ, მაგრამ შეუპოვარი წინააღმდეგობითა და დიპლომატიით ისჰაკი ახერხებდა ამირას ტახტის შენარჩუნებას. ასე გაგრძელდა მანამდე, ვიდრე ხალიფა მუთავაქილმა მის წინააღმდეგ არ გაგზავნა ბუღა თურქი...
ამირა ისჰაკ იბნ ისმაილის მმართველობა, ისევე როგორც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღება, ცნობილი და პოპულარული თემა იყო არა მხოლოდ არაბულ მწერლობაში. მის შესახებ წერდნენ არაბი გეოგრაფები და ისტორიკოსები, ბიოგრაფები და კოსმოლოგები, პოეტური და სხვა ტიპის ანთოლოგიების ავტორები. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ თემა ისლამურ მხატვრობაშიც გაგრძელდა. მაგრამ ეს მოხდა ისჰაკის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ...
ვლად III ცეპეშის გატეხილი სახელი - რატომ იცნობს რუმინეთის ეროვნულ გმირს დღეს მსოფლიო დრაკულად
მსოფლიო ისტორიაში ალბათ ძნელად მოიძებნება მეორე მმართველი, რომლის ხასიათშიც ასე იქნება თავმოყრილი ბოროტმოქმედის, დესპოტის, გაუწონასწორებელი და სასტიკი ადამიანის თვისებები, როგორითაც, თანამედროვეთა თუ მომდევნო თაობის ისტორიკოსთა შეფასებებით, ვლახეთის (რუმინეთის) გოსპოდარი, ვლად III ცეპეში გამოირჩეოდა. საზოგადოებაში ვლად ცეპეში დღეს ზღვარგადასულ სიმკაცრესა და სისხლისმოყვარეობასთან ასოცირდება. თუმცა ამჯერად გვსურს, წარმოვაჩინოთ გარემოებები, რომელთაც თანადროულ ეპოქაშივე და მოგვიანებითაც განაპირობეს ყალბი ცნობების გავრცელება ვლახეთის გოსპოდარის შესახებ. ჩვენი მიზანია ვლად ცეპეშის სახელის ერთგვარი რეაბილიტაცია და მისი განსხვავებული, ნაკლებად ცნობილი პორტრეტის წარმოჩენა. მკითხველის წინაშე გამოგვყავს ვლადი - როგორც რუმინეთის ეროვნული გმირი, ოსმალთა წინააღმდეგ სარწმუნოებისა და სამშობლოს დასაცავად მებრძოლი, როგორც თანამედროვე რუმინეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ისტორიული ფიგურა...
"წამგებიანი" იმპერია - გერმანული კოლონიალიზმი 1870-1914 წლებში
გერმანიის კოლონიური იმპერია XIX საუკუნის 80-იანი წლების წარმონაქმნია. იგი შინაარსითაც და ფორმითაც განსხვავდება დანარჩენი ევროპული იმპერიების - ინგლისის, საფრანგეთისა და რუსეთის კოლონიური სისტემებისგან. გერმანიას, რომელიც მხოლოდ 1871 წელს გაერთიანდა და როგორც გერმანელი ისტორიკოსები ხშირად წერენ, "დაგვიანებულ ერს" წარმოადგენდა, საწყის ეტაპზე კოლონიზაცია სჭირდებოდა იმპერიის შიგნით არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და მენტალური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად... გერმანიის იმპერიას პროტექტორატში მყოფმა მიწებმა იმედები არ გაუმართლა. ფინანსური მოგების ნაცვლად, ძალიან მალე გაკოტრდა ყველა ის საზოგადოება, რომელთაც კოლონიები რეალურად მოიპოვეს და იმპერია იძულებული გახდა, ადგილობრივთა გამოსვლების ჩასახშობად საკუთარი ჯარები გაეგზავნა... 1885-1914 წლებში გერმანიამ 451 მილიონი მარკა გაგზავნა თავის აფრიკულ კოლონიებში დახმარების სახით.
თუმცა გერმანიაში კოლონიები ისეთივე პოპულარული და არსებითი არასდროს ყოფილა, როგორიც ინგლისსა და საფრანგეთში.... გერმანიის 30-წლიანი კოლონიური იმპერიის არსებობის პერიოდში, გერმანიიდან კოლონიებში გადასახლდა სულ რაღაც 24 ათასი გერმანელი. არადა ეს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენდა - აშშ-ში ემიგრაციის ტალღის შესაჩერებლად. აფრიკული კოლონიებიდან გერმანიაში კი მხოლოდ 150 აფრიკელი ჩავიდა...
უინსტონ ჩერჩილი - ურჩხულთან ბრძოლის ქრონიკები
- მუდამ მახსოვდა, რომ ჰერცოგ მალბოროს შთამომავალი ვარ. ამიტომ არ მაპატიებენ იმას, რაც ჩვეულებრივ ადამიანს მიეტევება, - წერდა დიდი ინგლისელი პოლიტიკოსი, სერ უინსტონ ჩერჩილი (1874-1965). მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა არა მარტო ინგლისის, არამედ მსოფლიო ისტორიაშიც.
უინსტონის პოლიტიკური კარიერა აღმავალი გზით მიდიოდა. ჩერჩილი გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი, კოლონიების საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. მონაწილეობდა პირველი ტანკების შექმნაში, რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ ბოლშევიზმის საფრთხეც ერთ-ერთმა პირველმა დაინახა. ეს ჯერ კიდევ 1918 წლის იანვარში მოხდა. მაშინ ბოლშევიკების საფრთხეს ვერავინ აცნობიერებდა, ჩერჩილი კი ხმამაღლა აცხადებდა: "რუსეთში გაჩნდა მონსტრი, რომელიც მთელ კაცობრიობას საფრთხეს უქადის". აქტიურ ანტიბოლშევიკურ საქმიანობას ინგლისის იმჟამინდელი პრემიერი დევიდ ლოიდ-ჯორჯი აღუდგა წინ. მას მიაჩნდა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინგლისს მშვიდობა სჭირდებოდა. ჩერჩილი კი ამბობდა, ბოლშევიზმის სახით რუსეთში მონსტრი წარმოიქმნა, მომეცით საშუალება, მხეცი აკვანშივე ჩავახრჩოო! ჩერჩილის მეცადინეობით, ინგლისმა აღჭურვა დენიკინის, კოლჩაკისა და ვრანგელის არმიები... საბოლოოდ ოცნება, ბოლშევიკური მონსტრი აკვანშივე ჩაეხრჩო, განუხორციელებელი დარჩა.
"გზა მშვიდობისა, დედასამშობლო გელის!"
რედაქციაში თურქეთიდან მოსულ წერილში ავტორი, მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი) მოგითხრობს აჰმედ მელაშვილის თანამოაზრის, ვახტანგ მალაყმაძის (ჰაირი ჰაირიოღლუს) თანაკლასელის, ანკარის სამეცნიერო ლიცეუმის დამფუძნებლის, აჰმედ დინჩერ ქოქოლაძის შესახებ.
გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერები - რაჟდენ რუსიშვილი
პოლონური ველომოგზაურის, კაზიმეჟ ნოვაკის აფრიკული თავგადასავალი (1931-1936 წწ.)
ქართული სულის მხატვარი - თავადი გაგარინი
ბათუმის გოტიკური ტაძარი
საქართველო XVII საუკუნის ფრანგულ პრესაში
და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.