ბახმაროში სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს, ზვავსაშიში ადგილიდან სამი ახალგაზრდის გადმოყვანა კი, დღეს მოხდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მაშველებს აქვთ ინფორმაცია, რომ ზვავში ერთი ახალგაზრდაა მოყოლილი, რომელიც დაკარგულად ითვლება და მის პოვნას ცდილობენ.
"სამი ახალგაზრდის ევაკუაციამდე, მათ უნდა მიგვითითონ ადგილი, სადაც ზვავი ჩამოწვა. ახალგაზრდების ინფორმაციით, ზვავში მოყვა 2 პირი, თუმცა ერთის გამოყვანა მათ თავად მოახერხეს. მეორე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება", - განაცხადა ქაწაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სამმა ახალგაზრდამ, ზვავის ჩამოწოლის შემდეგ, სოფელ ზოტიყელში მდებარე მიტოვებულ სახლში შეაფარა თავი. ქაწაშვილის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
"სამაშველო ღონისძიებებში ჩართულები არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მაშველები ბათუმისა და გურიის განყოფილებიდან. პროფესიონალი მთამსვლელები ახორციელებენ სამძებრო ღონისძიებებს. საღამომდე შედეგს ველოდებით", - განაცხადა ქაწაშვილმა.
მისი თქმით, ბახმაროში ოთხმა ახალგაზრდამ ახალი წლის შესახვედრად ლაშქრობა მოაწყო, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა.
ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, ლაშქრობაში 23-წლამდე ასაკის ახალგაზრდები იმყოფებიან. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, თავშესაფარი, რომელშიც სამი ახალგაზრდა ამ დრომდე თავს აფარებს, ზვავსაშიშ ზონაშია და მათი გადმოყვანა დღესვე იგეგმება.