"ქუცნაშვილმა ბიუჯეტის ხარჯზე რეზიდენცია აიშენა" - "ნიჭიერი" ჩიტაური დიდ პოლიტიკაში მიდის

"ქუცნაშვილმა ბიუჯეტის ხარჯზე რეზიდენცია აიშენა" - "ნიჭიერი" ჩიტაური დიდ პოლიტიკაში მიდის

"ნიჭიერის" ერთ-ერთი ფავორიტი, მაყურებლის რჩეული მომღერალი გიორგი ჩიტაური მომავალში დიდ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის ზაქარია ქუცნაშვილს დაუპირისპირდა, თუმცა თიანეთის მოსახლეობამ არჩევანი ქუცნაშვილზე შეაჩერა. რატომ წავიდა სიმღერიდან "ლეიბორისტულ პარტიაში" და შალვა ნათელაშვილისგან - "ნიჭიერში", ამის შესახებ მომღერალი თავად გვიამბობს.

- რამდენი ხანია მღერი?

- ბავშვობიდან ვმღერი. პოლიტიკაშიც ვცადე საკუთარი ბედი. შეიძლება წარუმატებელი იყო ის პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკა ის სფეროა, სადაც უნდა შეეგუო წარუმატებლობას და იცოდე, რომ აუცილებლად მოვა წარმატება.

- რატომ აირჩიეთ შალვა ნათელაშვილის პარტია?

- მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. როგორც რიგით ქართველს, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს. უფრო დავრწმუნდი, რომ ის არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. წლების მანძილზე ბევრი წავიდა, მოვიდა, მაგრამ რეალურად ქართული საქმე არავის გაუკეთებია. შალვა კი ქართული საქმის გამკეთებელი კაცია. 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს დავახლოვდით. ბავშვობიდან მიზიდავს პოლიტიკა. მინდოდა ჩემი სოფლისთვის და რაიონისთვის კარგი საქმე გამეკეთებინა და ამის შანსს პოლიტიკაში ვხედავდი. ხელოვანიც, მსახიობიც თავისი საქმის და ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს. მაგრამ როცა ხედავ ირგვლივ რა ხდება, უნდა აიღო პასუხისმგებლობა და დადგე იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება.

- შალვაზე ხშირად "ღადაობენ", ყველაზე მეტად ინგლისურის და გატყაული ცხვარის გამო დასცინიან, შენ რა რეაქცია გაქვ ამაზე?

- არ ვიცი, ვინ რას ღადაობს. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე ვიცი, რომ ინგლისური იცის, უბრალოდ ქართული აქცენტი აქვს. სწავლა სიბერემდეა. მეც არ ვიცი ინგლისური, რუსული კი ვიცი, ასე თუ ისე. ყველაზე მთავარი ჩემთვის არის ჩემს ხალხთან კონტაქტი. კარგად ვიცი ის ენა, ჩემს ხალხთან რა ენაზეც უნდა ვისაუბრო. შალვას კარგი იუმორი აქვს, ვისაც იუმორი არ აქვს, ის არის საშიში. ის კუთხურად და სხვა ყაიდაზე არ ხუმრობს, როგორც სხვებს ახასიათებთ.

- ვის გულისხმობთ?

- არის ხალხი, ვისაც არ აქვს იუმორის გრძნობა და ძალით აკეთებენ რაღაცეებს. გინდა ივანიშვილს, ღარიბაშვილს. კახა კალაძეს ისე-რა იუმორი გააჩნია.

- 2012 წლის არჩევნებში ზაქარია ქუცნაშვილს დაუპირისპირდით, რომელსაც დღესაც აკრიტიკებთ...

- ხშირად იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რაიონისთვის არაა კეთილდღეობის მომტანი. იმ დროს, როცა ამდენი გაჭირვებულია რაიონში, როცა მოსახლეობის 50 პროცენტი ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ არის გახიზნული, ზაქარია ქუცნაშვილმა ფეშენებელური რეზიდენცია აიშენა თიანეთში ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე.

- ფეშენებელურ რეზიდენციაში რას გულისხმობთ?

- ჯაკუზები აქვს.

- ნამყოფი ხართ ქუცნაშვილის რეზიდენციაში?

- არა და არც მინდა. ისედაც გამოდის იქედან ინფორმაციები. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩავიდეს და ნახოს, იქ რა ხდება. ცოტა დაფიქრება იყო საჭირო ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ასე არცერთი დეპუტატი არ გათავხედებულა.

- შალვამ იცის ნიჭიერში რომ მონაწილეობ?

- ეს სახალხო პროექტია, უამრავი ადამიანია ჩართული და შალვამაც იცის. ბევრი მეგობარი მყავს მე ხელოვნების სფეროში, პარტიაშიც ამ კუთხით ვმუშაობ. გვინდა ქართული კულტურა გადარჩეს და აღორძინდეს. ათეული წლებია უკვე კულტურის სამინისტროს ბიუჯეტს ერთი და იგივე ადამიანები აზიან. ცუდია ასეთი ტენდენცია სამინისტროს მხრიდან, როცა ყველა არჩევნებზე ერთი და იგივე ამოჩემებული ხალხი ჰყავს. მინდოდა პოპულარიზაცია გამეწია ამ მუსიკისთვის და ამიტომაც მოვედი "ნიჭიერში".

- დარწმუნებული ხარ, რომ თქვენი პარტია ოდესმე მოვა ხელისუფლებაში?

- მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვერ მოვხვდით ხელისუფლებაში, საზოგადოების მხარდაჭერა ყოველთვის გვქონდა. რეიტინგი ამ ფონზე, როცა უძლურია მთავრობა, ყოველდღე იზრდება. მე მინდა ქართული საქმის კეთება და ამიტომ ვარ ლეიბორისტებში. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ, დარწმუნებული ვარ წარმატების დრო მოვა.

- საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად წარმოგიდგენიათ თუ პრეზიდენტად?

- დღეს "ნიჭიერშია" ჩემი ადგილი და მომავალში ვნახოთ სად ვიქნები.

თამარ ბოჭორიშვილი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 340-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

ქართული ონლაინ მაღაზია EBG ბიზნესებს თავის პლატფორმაზე პროდუქციის მარტივად განთავსებას სთავაზობს