გურჯაანში მამაკაცი 50 ლარის გამო მოკლეს - გარდაცვლილის მეუღლე მკვლელობის მოტივებზე

გურჯაანში მამაკაცი 50 ლარის გამო მოკლეს - გარდაცვლილის მეუღლე მკვლელობის მოტივებზე

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მოკლული მამაკაცის ოჯახის წევრები შემთხვევის მიზეზად თანხასთან დაკავშირებულ გაუგებრობას ასახელებენ.

მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი მოკლულის მეუღლემ, დარიკო ცაავამ გააკეთა. ცაავას ინფორმაციით, მისი მეუღლის შუამავლობით სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა მკვლელობაში ეჭვმიტანილისგან ავტომანქანაში გაზის მონტაჟისთვის საჭირო მოწყობილობა შეიძინა, თუმცა თანხა ერთბაშად არ გადაუხდია. მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო, მკვლელობაში ეჭვმიტანილი "პასუხს" მის მეუღლეს სთხოვდა.

"ბოლო 50 ლარი იყო დარჩენილი და სწორედ ამასთან დაკავშირებით მოხდა ჩემს მეუღლესა და მკვლელს შორის შელაპარაკება", - განაცხადა მან.

რაც შეეხება შემთხვევის დროს დაჭრილ კიდევ ორ პირს, ცაავას ინფორმაციით, ერთ-ერთი მისი შვილია, რომელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა, მეორე პირი კი თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილს ახლდა.

გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულმა გიორგი ყ.-მ ერთი ადამიანი მოკლა და ორი დაჭრა.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1977 წელს დაბადებული გიორგი ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, 1972 წელს დაბადებული ავთანდილ ქ-ს საცხოვრებელ სახლთან, ურთიერთშელაპარაკებისას, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოახდინა, რა დროსაც, ავთანდილ ქ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილის შვილი - 2000 წელს დაბადებული ვალერი ქ. და მეზობელი - 1954 წელს დაბადებული აკაკი ჩ. დაიჭრა. გიორგი ყ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა. დაჭრილები გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გიორგი ყ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სოფელ კალაურში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია