"ჩემი ცოლის დაქალების" სეზონის ბოლო სერიაში მაყურებლისთვის საყვარელი პერსონაჟი, კატო დაბრუნდა, რომელსაც მსახიობი ლელა მებურიშვილი ასახიერებს. როგორ განვითარდება მისი გმირის ცხოვრება სერიალში და როგორ შეიცვალა მისი პირადი ცხოვრება დაოჯახების შემდეგ, - ამ თემებზე ლელა მებურიშვილი ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა. Ambebi.ge გთავაზობთ მცირე ფრაგმენტს ინტერვიუდან.
"სარკე": დაოჯახების შემდეგ, თქვენ და თქვენს მეუღლეს რომანტიკისთვის დრო და სურვილი ისევ გაქვთ?
ლელა მებურიშვილი: სიურპრიზები, საჩუქრები გვიყვარს. ვთქვათ, თუ ბაჩო სადმე მიდის, ჩანთაში ან ჯიბეში ჩუმად ჩავუდებ რაღაცას, მერე, როცა აღმოაჩენს, გახარებული მირეკავს. სიურპრიზების გაკეთება თვითონაც უყვარს. როცა ჩვენი ურთიერთობა იწყებოდა, რომ დამირეკავდა, არ ვეუბნებოდი, გადაღებაზე სად ვიყავი, მაგრამ გარეთ გამოსულს იქ მხვდებოდა. არ ვიცი, როგორ იგებდა, ალბათ მაშინ ყველა მისი ინფორმატორი იყო. არც ახლა შეცვლილა რამე, ისევ ისეთია - სიცოცხლე, ადამიანები უყვარს. მოკლედ, ერთად კარგად ვერთობით.
"სარკე": სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გასული სეზონის დასასრულს თქვენი პერსონაჟი კატო ისევ გამოჩნდა და რამდენიმე წამით გაიელვა. ეს იმას ნიშნავს, რომ სერიალში დაბრუნდით, ეს როდის გადაწყდა?
ლელა მებურიშვილი: ეს ამბავი მეც ბოლო წუთს შემატყობინეს. სეზონის ბოლო სერიაში გადაწყვიტეს, კატო დაბრუნებულიყო და მეც დავთანხმდი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რადგან ამ გუნდთან ერთად მუშაობა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ძველთან მიბრუნებას სიახლეები მირჩევნია ხოლმე, ამიტომ პავილიონში ყოველ მისვლაზე ვკითხულობ, ახლა რა იქნება. მინდა ეს მაყურებლისთვისაც სიახლე იყოს და არ მობეზრდეს. როცა სერიალი დავტოვე, ამაში დადებითსაც ვხედავდი, რადგან მაყურებელს თავი არ შევაწყინე. მინდა, კატომ სერიალი გაახალისოს, ახალი ფერები შესძინოს და ისეთი არ იყოს, როგორიც ადრე. ვნერვიულობ და იმედია, მაყურებელი ძალიან მკაცრი არ იქნება.