"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი

"აღიარებაზე" ხელი წამებით მოაწერინეს" - რა გახდა მიხეილ ჯავახიშვილის ფიზიკური განადგურების მიზეზი

1930 წელს მიხეილ ჯავახიშვილი ტროცკისტ მალაქია ტოროშელიძეს დაუპირისპირდა, ასევე საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდენტსა და განათლების სახალხო კომისარს, რომელმაც სკოლაში ქართული ლიტერატურის კლასიკური ნამუშევრების შესწავლა აკრძალს. ლავრენტი ბერიას ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეს აკრძალვა მოიხსნა და ჯავახიშვილმაც მცირე ხნით მხარდაჭერა მიიღო. მისი "არსენა მარაბდელი" ხელმეორედ გამოიცა, დაიდგა თეატრში და გამოვიდა ფილმად. თუმცა 1936 წელს "ქალის ტვირთის", სოცრეალისტური რომანის ადრეული ნიმუში, გამოქვეყნების შემდეგ ბოლშევიკ აქტივისტთა მწვავე კრიტიკას ვერ გაექცა.

ნაწარმოებში აღწერილია რევოლუციონერი, თუმცა თავადის ქალი, რომლის საყვარელი, იატაკქვეშა ბოლშევიკი მუშა - ზურაბი მას დაარწმუნებს, მეფის ჟანდარმერს გაჰყვეს ცოლად და იგი მოკლას. საბჭოთა იდეოლოგმა ვლადიმირ ერმოლოვმა რომანი დაგმო, მისი აზრით, ის რევოლუციამდელ საქართველოში ბოლშევიკებს ტერორისტებად ასახავდა. უფრო მეტიც, გაჩნდა ეჭვი, რომ ჯავახიშვილმა მწერალი გრიგოლ რობაქიძე გააფრთხილა მისი დაპატიმრების განკარგულების შესახებ და 1930 წელს გერმანიაში გაქცევაში დაეხმარა. საქმე კიდევ უფრო გართულდა 1936 წელს - ჯავახიშვილმა ღიად შეაქო ფრანგი მწერალი - ანდრე ჟიდი, რომლის "Retout de L"URSS" და მასში მოყვანილ ქართველ მწერალთა დახასიათება, ჟიდსა და ჯავახიშვილს ხალხის მტრების კვალიფიკაციას ანიჭებს.

1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმმა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება: "მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს". მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი. კრიტიკოსმა გერონტი ქიქოძემ კი პროტესტის ნიშნად დატოვა კავშირის სხდომა.

მწერალი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს და ბერიას თანდასწრებით, "აღიარებაზე" წამების ქვეშ ხელი მოაწერინეს. სასჯელი აღსასრულში მოიყვანეს დახვრეტით, იმავე წლის 30 სექტემბერს. მწერლის არქივი განადგურდა, ხოლო მის ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. მოგვიანებით მისი ძმაც დახვრიტეს, მეუღლე კი გადაასახლეს.

ჯერ კიდევ 1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, იყო საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე: 1922-1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში.

მიხეილ ჯავახიშვილზე ცენზურა 1950-იანი წლების ბოლოს მოიხსნა. რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ გამოიცა მისი ნაწარმოებები...

მოამზადა ლალი ფაციამ